ქეთი დოლიძე fortuna.ge-ს ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალურ საქმეზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. ჩვენ ცნობილ რეჟისორს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მისი სახელით დაწერილი კომენტარი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ კომენტარში ქეთი დოლიძე აღნიშნავდა, რომ მისთვის გაუგებარია ასეთი ბრალდებების 11 წლის შემდეგ გამოთქმა.

ქალბატონო ქეთი, თქვენი კომენტარი გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებით ამბობთ, რომ გიკვირთ, ეს ამბავი 11 წლის შემდეგ რომ გაახმაურა. გვაინტერესებს, ეს თქვენი რეალური პოზიცია?

ჩემ მაგივრად, ვისაც რა უნდა, იმას წერს და შევეჩვიე ამას. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, გეტყვით, როგორ შეიძლება, ძალადობის მომხრე ვიყო? მაგრამ როცა სადმე ძალადობა დაიბადება, ადამიანი მას იმ წამსვე უნდა გაეცალოს. პირადად ჩემს აზრს გეტყვით, როცა ეს დაკავშირებულია კონვერტთან და 5000 ლართან, მე ამის მიღება არ შემიძლია და არ მინდა, ასეთი სახით მიღებული გულწრფელობა 11 წლის შემდეგ!..

ბესო ზანგური არ არის ჩემი მეგობარი და არც ახლოს ვართ, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ახლა, „ფარული კონვერტის“ გამოყენებით? მითხარით…

შესაძლოა, აქამდე ვერ ისაუბრა ნინუცა მაყაშვილმა და ახლა გადადგა ეს ნაბიჯი. ეს მისი უფლებაა…

კარგით, რა… ახლა აღარ ეშინია?!. მე თუ შეყვარებულმა ოდესღაც მაწყენინა, გამოვდგე და ახლა ვილაპარაკო ამაზე? მოვითხოვო, დასაჯეთ და გააგდეთ-მეთქი? ხედავთ, ამან რამხელა აგრესია გამოიწვია, არ შეხვიდეთ რუსთაველის თეატრში, არ იყიდოთ ბილეთებიო. მერე აქედან გამწარებულმა რობიკომ უპასუხა. უკვე ყველანაირი ეტიკეტი დაირღვა. ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ?!. მერე იქ ვიღაც X რეჟისორი დაწერს რაღაცას, მერე მეორე, ეს ნორმალურია?

ახლა ბესო ზანგურზე კი არა, რობიკო სტურუაზე ვსაუბრობ. ის არის ერთი და არის ერის სიამაყე. რობიკომ როგორც გაიტანა ამ ქვეყნიდან ქართული თეატრი, ამას რაღაცნაირი გაფრთხილება სჭირდება. თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, რამდენი წლისაა ის?! ამდენი ბოღმის ნთხევისა და შეურაცხყოფის მერე რამე რომ მოუვიდეს? ისიც ხომ ადამიანია… ამიტომ არ მესმის პოზიცია, რატომ ვლაპარაკობთ „ფარულ კონვერტში“ 11 წლის მერე? მორჩა! ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. აქამდე არ გამიკეთებია კომენტარი, ვიღაცები წერენ ჩემ მაგივრად. მე გიდასტურებთ, რომ არ მომწონს გულგაგლეჯილი აღსარებები „ფარულ კონვერტში“.

სხვათა შორის, ამ გადაცემაში მეც მივედი. ჩემს კონვერტში ძალიან მსუბუქი რამ ეწერა, მაგრამ მე არ გავხსენი და არ ავიღე ის 5000 ლარი, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც მე ვისაუბრე, მაგალითად, ჩემს პირველ სიყვარულზე და სხვა თემებზე, მაგრამ კონვერტი არ გამიხსნია, არ მითქვამს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისზეც იქ იყო საუბარი.

ძალიან კარგად ვიცნობ მაყაშვილების ოჯახს. ძალიან კარგი გოგონები არიან და დედაც ძალიან კარგი ჰყავთ. როგორც მე ვიცნობ, ისინი არ არიან რაღაცების მომთმენები, ძალიან ძლიერი ქალები არიან. აბა, გაებედა ჩემს რომელიმე ქმარს, ან პირველს, ან მეორეს ასეთი რაღაცა? ნახავდა ერთი, რასაც ვუზამდი, ან ერთს, ან მეორეს. ამდენ ხანს არ გავჩერდებოდი. არ მესმის ასე გაჩერება შვილის გამო და სხვა მიზეზების გამო. არ არის დღეს ასეთი სიტუაცია და არ იყო არც 11 წლის წინ. ყველამ იცის ეს, მით უმეტეს, მაყაშვილების დედამ, თუკი მამაკაცმა ერთხელ დაუშვა ეს საშინელება, მეორედაც გაიმეორებს. მამაკაცს არ უნდა მოუთმინო ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. მით უმეტეს, ხელით შეხება. მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ამაზე ვილაპარაკოთ, რა არის ახლა ეს? ჩემთვის მიუღებელია კონვერტით ამის გამხელა. რა შუაშია ფულიო. აბა, რა არის შუაში, ვერ გავიგე?!. გულახდილობა მაინცდამაინც ია ფარულავასთან?!

თუკი ძალადობა მოხდა და ეს დადასტურდა, ამაზე რა რეაქცია გექნებათ?

რას ნიშნავს დადასტურდება? იმაზეც ხომ არის საფიქრალი, რომ ბესო ზანგურს ცოლი და შვილები ჰყავს? ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ. ერთიც, მეორეც ერთ სცენაზე დგას, ეს რა არის, გამაგებინეთ? ეს იმ საზიზღარ მოძრაობას მაგონებს, კაცი რომ 25 წლით გაუშვეს ციხეში, ვაინშტაინს ვგულისხმობ, ყველა მასთან მირბოდა, რომ ერთი როლი მიეღო, 30 წლის მერე კი დაიწყეს ამაზე საუბარი.  ეს უბედურება დაიწყო და გადმოვიდა აქეთ. ქალმა არასდროს არ უნდა აიტანოს შეურაცხყოფა. თუ იტანს, 10 წლის მერე აღარ უნდა ილაპარაკოს. თუ მაშინ აიტანა, ჩუმად უნდა გაშორდეს და წავიდეს, ან ატეხოს ამბავი და პოლიცია გამოიძახოს.

არ მესმის რუსთაველის თეატრის და რობიკო სტურუას ლანძღვა. კოლეგები ერთმანეთზე როგორ წერენ ასეთ რაღაცებს? თავიანთ ოჯახებსა და ურთიერთობებში ჩაიხედონ და მერე ლანძრონ რობიკო სტურუა. ის არის ერის ღირსება, უდიდესი მოვლენა და ამას ვერავინ წაშლის. ნუ იწვევენ ამ ადამიანს…

კიდევ ერთი რამ მინდა, აუცილებლად დაწეროთ – სრულიად უზნეოდ, უსინდისოდ, მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი იყო, აღარ ამირჩიეს და მომხსნეს, ამხელა ტრავმა მივიღე. სად იყო მაშინ ქალების ეს მთელი კოჰორტა? როგორც ქალი, რატომ არ დამიცვეს? თქვენ იცით, რომ ქართულ თეატრში აღარსად აღარ არის ქალი ხელმძღვანელი. ერთადერთი ქალი ხელმძღვანელია ლია სულიაშვილი და ისიც მსახიობი გახლავთ, არ არის რეჟისორი. ეს არის გენდერული თანასწორობა? ორი ქალი ვიყავით და ორივე მოგვხსნეს!.. ბევრი ქალი რეჟისორი ვართ. მე გამისწორდნენ მარტო? სად იყვნენ მაშინ ეს გენდერის დამცველი ქალბატონები? მე მაქვს მათთან კითხვა – სად იყვნენ მაშინ მაყაშვილები?! ხმა რატომ არ ამოიღეს, როცა ქეთი დოლიძე, წარმატებულზე წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თუმანიშვილის თეატრს მოატარა მთელი მსოფლიო, მოხსნეს? რატომ არ მოსთხოვეს თუნდაც მანანა ბერიკაშვილს, რომელსაც დაბრალდა ეს ამბავი, პასუხი? როგორ მოხდა ეს?

მე, ყველასგან განსხვავებით, როცა მანანა ბერიკაშვილს მართლა დაემუქრა არჩევნების დროს საგარეჯოში საფრთხე, იქ ჩავასკდი  და ჩავედი ღამის პირველ საათზე. ამაშია საქმე! ესაა სოლიდარობა და არა ის, რომ 11 წლის შემდეგ დაიწყო რაღაცის მოთხოვნა, ეს არაა ჩემი საქმე, თავიანთი საქმეა, მაგრამ მაშინ სად იყვნენ, როცა მორალურად გამანადგურეს? სათითაოდ ყველას, ამ ქალბატონებიდან, ვეკითხები. შერჩევითი თანადგომაა და მორჩა და გათავდა. ადამიანმა ყოველთვის პირადი მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს. ნაწყენი კი არ ვარ. იმდენად კმაყოფილი ვარ ცხოვრების, ბედის და ღმერთის, რომ ასეთი ცხოვრება მომანიჭა, არაფერზე ვარ შეწუხებული. თუმანიშვილის თეატრმა წააგო, როცა ოთხი წელია მკვდარია. ოთხი წლის განმავლობაში ერთადერთი პრემიერა იყო. ამაზე რატომ არ წუხან ჩემი კოლეგები, რომლებიც ახლა მაყაშვილის გვერდით დგანან მაგრად?!

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მსგავსი თემები