გადაუდებელი მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, ქირურგი მიხეილ ღონღაძე fortuna.ge-ს უზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ ექიმებს მუშაობა. მისი თქმით, მის პარტნიორს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, საკუთარ კაბინეტში გადაიყვანეს აპარატზე…

ისეთი ყოფაა, ყველას გვერდში დგომა უნდა. ამას წინათ, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენს ექიმებს საჭმელი მოუტანა. ყველას ყველაფერი აქვს, მაგრამ ისეთი გახარებულები იყვნენ ყურადღების და არა მატერიალურის გამო…

ერთ საათში ექიმები, რომლებსაც სპეცტანსაცმელი აცვიათ, სრულად გასაწურები არიან ხოლმე, რადგან ეს კოსტიუმები ჰაერგაუმტარია. არც შექება და დიდება არ უნდა არავის, უბრალოდ ლანძღვით საბრძოლო შემართება არ დაგვაკარგვინონ. დანარჩენს მოვერევით.

ჩემი უფროსი მეგობარი და პარტნიორი კლინიკაში გუშინწინ საკუთარ კაბინეტში აპარატზე გადავიყვანეთ. იმის გამო, რომ კლინიკა მოგვეწყო და გაგვემართა, დღეს სიკვდილს ებრძვის. როგორც კი გაჭირდა, კლინიკა გადავაკეთეთ. ვეხვეწებოდი, ასაკის გამო სახლში მჯდარიყო, მაგრამ მაინც ერთი დღე არ დამტოვა მარტო და ეს დაემართა. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძვრება.

სახლიდან ადვილია ყველაფრის დალაგება. დირექტორებს რომ ლანძღავენ, მე ვარ კლინიკური დირექტორი და პირველი პაციენტები მე მივიღე, მე მივეცი მაგალითი, რომ არავის შეშინებოდა, ამის გამო კორონათი დავსაჩუქრდი, მაგრამ თუ მაგალითს არ მისცემ და კაბინეტიდან არ გამოიჭყიტები, არაფერი გამოვა“, აღნიშნავს მიხეილ ღონღაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

მსგავსი თემები