LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორეოგრაფიული პლატფორმა“ – ინოვაციური პროექტი ქართულ ონლაინ სივრცეში

161
152443815-909564023138110-7648199797554777256-n

კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი NCC GE ART (ს.კ: 400299547 ) /ახალი ორგანიზაციაა/, 2021 წლის 4 თებერვალს დაიწყო ქართულ ონლაინ სივრცეში ინოვაციური პროექტის განხორციელება  – „ქორეოგრაფიული პლატფორმა“, ასე ეწოდება ვებ-გვერდს, რომელიც  მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული საშემსრულებლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, სფეროში მოღვაწე და მონათესავე დარგის სხვადასხვა ხელოვანთა ერთმანეთთან დაკავშირებას, დასაქმებასა და ცნობადობის ამაღლებას. ამ მოკლე დროში, პლატფორმა საკმაოდ პოპულარული გახდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD), ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის გენერალური დირექტორი – ეკატერინე გელიაშვილი.

აღნიშნულ პორტალზე თავსდება:

  • (მოცეკვავეების, ქორეოგრაფების, ქორეოლოგების, ანსამბლის ხელმძღვანელების, პიარ-მენეჯერების, კომპოზიტორების, აკომპანიატორების, არანჟირების სპეციალისტების, ხალხური საკრავების ოსტატების, კოსტიუმების მხატვარების, აქსესუარების შემქმნელების, მკერავებისა და სხვათა), ყველა მსურველი ხელოვანის შემოქმედებითი რეზიუმეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქორეოგრაფიული პროდუქტის შექმნაში. ჩვენი სივრცით ხდება, როგორც აღნიშნული საშემსრულებლო დარგის პოპულარიზაცია, ასევე კონკრეტული სპეციალისტის შემოქმედებითი მიღწევებისა და ცნობადობის ამაღლება. რეალურად, იქმნება ქორეოგრაფიაში მოღვაწე ხელოვანთა თანამედროვე ისტორია ციფრული ვერსიით. ორგანიზაცია მკაცრად აკონტროლებს მონაცემთა სისწორესა და დოკუმენტაციის ავთენტიკურობას;
  • განთავსდება აღნიშნულ სფეროში არსებული ვაკანსიებიც, რაც ხელს შეუწყობს ხელოვანთა დასაქმებას;
  • აქ არსებული სამკითხველო, ე.წ. ელექტრონული ბიბლიოთეკა, თანდათან ივსება პროფესიული ლიტერატურითა და სხვადასხვა ფორმატის ნაშრომებით, ქორეოგრაფიული ლექსიკონებითა და კატალოგებით, რაც სფეროში მოღვაწე ხელოვანების თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს;
  • ასევე, პლატფორმაზე განთავსებულია ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სახის სერვისები ხელოვანებისთვის და ქორეოგრაფიული ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • სამომავლოდ, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი დარგის გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად გეგმავს მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის განხორციელებას აღნიშნულ სფეროში (ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მასტერკლასებს, პროფესიულ კურსებს, ვორქშოპებს და სხვა დამხმარე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.

მსგავსი სტრუქტურისა და შინაარსის სივრცე ქართულ ქორეო-სექტორში აქამდე არ არსებობდა (ვფიქრობთ, ხელოვნების არც სხვა სექტორებშია). ჩვენს პორტალზე თავს მოიყრის როგორც ქორეოგრაფიის საშემსრულებლო-პრაქტიკული, ასევე საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიღწევები, რაც ვფიქრობთ, დარგის და ზოგადად ქართული კულტურის განვითარებისთვის, მისი ისტორიისთვის,  უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან, ვისაც უბრალოდ უყვარს ცეკვა ან მისი პროფესიაა, ვინც ზრუნავს მასზე, ვისთვისაც ძვირფასია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და მისი განვითარება!

ქორეოგრაფიული პლატფორმის მისამართია www.choreography.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები