LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს

93

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში.

პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნია რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ბრენდირების კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

იმერეთის რეგიონში დღეისათვის სხვადასხვა დარგის 129 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, სადაც გაერთიანებულია 1300-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები