LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა გენდერული თანასწორობისთვის ახალ ვალდებულებებს იღებს: მოძრაობა „თანასწორობის თაობა საქართველოსთვის“

68
გაეროს ქალთა ფონდი

„საქართველო თანასწორობის თაობის გლობალურ მოძრაობას უერთდება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალ ვალდებულებებს იღებს,“– ამის შესახებ მოძრაობა „თანასწორობის თაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვალდებულებები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის გაფართოებას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას, ამ სექტორში ქალთა გააქტიურებით გენდერული თანასწორობის გაძლიერებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, აღებული ვალდებულებების შესახებ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ოფიციალურად 29 ივნისს, საფრანგეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისების მიერ ინიცირებულ ღონისძიებაზე გამოაცხადებენ.

მას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წინ უსწრებს „თანასწორობის თაობის“ პარიზის ფორუმს, რომელსაც 30 ივნისიდან, 2 ივლისის ჩათვლით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.

ღონისძიების თანაორგანიზატორები კი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მექსიკის მთავრობა იქნებიან. როგორც ცნობილია, პარიზის ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის განცხადებით, „თანასწორობის თაობის“ მოქმედებათა კოალიციები, მათთვის დამახასიათებელი მიდგომებითა და ამბიციებით, განსაკუთრებულ პლატფორმას წარმოადგენენ.

„ისინი შეგვახსენებენ, რომ გენდერული თანასწორობა არა უბრალო მიზანი, არამედ კრიტიკული წინაპირობაა პლანეტის გადარჩენის, ქალებისა და გოგოების უფლებების რეალიზებისა და იმგვარი ახალი ეკონომიკური და სოციალური სისტემების შექმნისთვის, რომლებიც ყველასთვის შედეგის მომტანია,“ – განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, „თანასწორობის თაობის“ ფორუმი ქალებსა და კაცებს, გოგოებსა და ვაჟებს შორის თანაწორობას პოსტკოვიდური რეკონსტრუქციის დღის წესრიგის სათავეში აქცევს.

იგი 30 ივნისიდან 2 ივლისამდე, პარიზში, მრავალ ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციას, ასოციაციასა თუ კერძო პარტნიორს ამბიციური ვალდებულებების ასაღებად და მიზნობრივი სამოქმედო კოალიციების შესაქმნელად მოუყრის თავს.

„მოხარულები ვართ საქართველოს მონაწილეობით უმაღლეს დონეზე და იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მას ფორუმის წარმატებაში შეაქვს. ეს მონაწილეობა ხაზს უსვამს საფრანგეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული საერთო იდეალების ხარისხს,“ – განაცხადა დიეგო კოლასმა.

მოძრაობის ინფორმაციით, დიეგო კოლასი ღონისძიებაზე საფრანგეთის საელჩოს ადამიანის უფლებების ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულსაც გამოავლენს.

„აღსანიშნავია, რომ წელს ჯილდოს აქცენტი სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. საფრანგეთის მთავრობის გლობალურ პრიორიტეტს თანასწორობის თაობის ინიციატივაში სწორედ აღნიშნული თემა წარმოადგენს,“ – ნათქვამია მოძრაობა „თანასწორობის თაობის“ განცხადებში.

ცნობისთვის, მოძრაობა „თანასწორობის თაობა“ გაეროს ინიციატივით, მიმდინარე წლიდან დაიწყო. იგი მსოფლიოს მასშტაბით COVID- 19-ის გამოწვევებით შეცვლილ სინამდვილეში ქალთა უფლებებისთვისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ახალ სივრცეს ქმნის.

მოძრაობა ქალთა უფლებების დაცვის ყოვლის მომცველ დოკუმენტს — პეკინის დეკლარაციასა და მოქმედებათა პლატფორმას ეყრდნობა. მოძრაობის განვითარებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში ერთიანი ძალისხმევით ზრუნავენ.