LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 307 ათას ადამიანს სალომბარდე სესხი აქვს

100
ipiccy-image

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1 პროცენტი ქ. თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 14.3 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 83.6 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 16.4 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში.

2020 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 14.5 მლნ. ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 50.7 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 49.3 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობის 99.4 პროცენტი რეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა.

2020 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 264.8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 60.8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 80.2 პროცენტი რეზიდენტებისგანაა აღებული. ლომბარდების 2020 წლის საბალანსო მოგებამ 18.4 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან 57.0 პროცენტი ქ. თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9 პროცენტი) ფიზიკური პირია.

რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება ქ. თბილისი (66.3 პროცენტი), აჭარა (22.6 პროცენტი), იმერეთი (4.6 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4.2 პროცენტი) და ქვემო ქართლი (1.1 პროცენტი). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია ქ. თბილისში (70.7 პროცენტი), აჭარაში (21.7 პროცენტი), იმერეთში (3.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (2.6 პროცენტი) და ქვემო ქართლში (0.8 პროცენტი).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები