LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასი გაიზარდა

314

სასარგებლო წიაღისეულის ზოგიერთ სამშენებლო მასალაზე, კერძოდ, ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებმაც აღნიშნულ წიაღისეულზე საწყისი ფასის გაანგარიშების წესის ცვლილების საჭიროება გამოკვეთა.

„კვლევების ფარგლებში გაკეთდა ფინანსური ანალიზი, განისაზღვრა სარეალიზაციო პროდუქტის გასაყიდი ფასი, მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის გასაწევი ხარჯები. ცვლილების თანახმად, განახლებული ფორმულის მიხედვით, ქვიშა-ხრეშის სააუქციონო ღირებულება 1 კუბურ მეტრზე შეადგენს 67 თეთრს, რაც რელევანტურია ამ სფეროში არსებული საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით.

ცვლილებებამდე არსებული ფორმულით, საწყისი სააუქციონო ფასის მიხედვით, ერთი კუბური მეტრი ქვიშა ხრეშის ღირებულება შეადგენდა 14 თეთრს, რაც მის რეალურ სარეალიზაციო ფასთან შედარებით არაადეკვატური იყო. ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით, დასახელებული რესურსი მეტად მოთხოვნადია და მისი ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ცვლილებებამდე არსებული ფორმულა ადგენდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რესურსზე დაბალი ფასი ახდენდა მისი რამდენჯერმე გადაყიდვის პროვოცირებას, რაც უარყოფითად აისახებოდა საბიუჯეტო შემოსულობებზე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ახალი წესით გაანგარიშებული ფასით უკვე ჩატარდა რამდენიმე აუქციონი. გამოცხადებულ აუქციონებში ლოტების 60%-ზე მეტზე გამოვლინდა გამარჯვებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. განახლებული საწყისი სააუქციონო ფასით გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები 2 600 000 ლარზე მეტს შეადგენს. წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დარგში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები