LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის პოსტ-კოვიდური სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის მივმართოთ ექიმს

992
5ff8aebe25ac4.image

ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ისაგან 157 107 787 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც კოვიდთან ბრძოლა გამოჯანმრთელებით არ დასრულებულა, რადგან ზოგი მათგანი დაავადების გარკვეული სიმპტომების არსებობას გამოჯანმრთელებიდან 2-3 თვე ან გარკვეულ შემთხვევაში უფრო დიდხანსაც განიცდის. მეცნიერები კოვიდისაგან გამოჯანმრთელების შემდგომ დარჩენილი სიმპტომების ერთობლიობას „პოსტ-კოვიდურ“ სინდრომს უწოდებენ. კვლევები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19 გაცილებით ვერაგი დაავადებაა, ვიდრე უბრალო რესპირატორული ვირუსი. იგი მულტი-ორგანული დაზიანების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მაინც, რა ახასიათებს პოსტ-კოვიდურ სინდრომს, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რამდენ ხანში შეიძლება სიმპტომები ალაგდეს?

რა იწვევს პოსტ-კოვიდურ სინდრომს?

მეცნიერებს ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე და ა.შ) ეს სინდრომი უფრო ხშირად გვხვდება, იგი შეიძლება განვითარდეს ასევე იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს ეს რისკ-ფაქტორები, კოვიდი კი საშუალო ან მსუბუქი სიმპტომებით გადაიტანა.

შესაძლოა მიზეზი ორგანოების დაზიანება, ანთებითი ან აუტოიმუნური პროცესები იყოს.

რა სიმპტომები ახასიათებს პოსტ-კოვიდურ სინდრომს?

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები

ეს შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, რომელიც ვირუსისაგან ფილტვის დაზიანებითაა გამოწვეული. კოვიდის გადატანის შემდეგ ფილტვის ქსოვილის და ფუნქციის აღდგენას დრო სჭირდება. ასეთ დროს სპეციალისტები სუნთქვით ვარჯიშებს და სუნთქვით თერაპიას გვირჩევენ.

გულის პრობლემები

კვლევები უჩვენებს, რომ კოვიდისაგან გამოჯანმრთელებული ადამიანების 60%-ს გულზე გარკვეული პრობლემები აღენიშნებათ. ზოგ შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ზოგჯერ საქმე გულის კუნთის ანთებასთან გვაქვს, რასაც სერიოზული დაზიანებების გამოწვევა შეუძლია.

თირკმლის პრობლემები

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსმა თირკმელი დააზიანა, ეს ყველაფერი შესაძლოა თირკმლის ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს და შემდგომში დიალიზი გახდეს საჭირო.

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა

კოვიდისაგან გამოჯანმრთელებული ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ყნოსვა და გემო ბოლომდე არც დაავადების დამარცხებიდან თვეების შემდეგ დაბრუნებია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პაციენტების 60-80%-ს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება ამ შეგრძნებების დასაბრუნებლად, რომელთა ნაკლებობაც მართალია სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს სტრესი, უმადობა და დეპრესია.

ნევროლოგიური პრობლემები

კოვიდ-19 ზოგ პაციენტში მთელ რიგ ნევროლოგიურ პრობლემებს ტოვებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა გადაღლილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა და ა.შ.

მენტალური პრობლემები

კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს მენტალურმა პრობლემებმაც, მაგალითად დეპრესიამ, შფოთვამ, შიშებმა. განსაკუთრებით ეს იმ პაციენტებს ეხებათ, ვინც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა ან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

დიაბეტი

ზოგ პაციენტთან, სადაც დიაბეტის, განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკები არსებობდა, დაავადების დამარცხების შემდგომ შესაძლოა მისმა სიმპტომებმა იჩინოს თავი.

კოვიდის გახანგრძლივებული სიმპტომები

ზოგი პაციენტი ვირუსის დამარცხებიდან თვეების შემდეგაც შეიძლება უჩიოდეს დაავადების ზოგ სიმპტომს, მაგალითად ხველას, სიცხეს, ქოშინს ან სუნთქვის გაძნელებას.

რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს?

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

რა სახის დახმარებას გვთავაზობს მედიცინა პოსტ-კოვიდური სინდრომის დროს?

ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ინდივიდუალურია. შესაძლოა ექიმის გადაწყვეტილებით საქმეში ჩაერთოს მედიკამენტები. დიდ როლს ასრულებს სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშებიც.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გრძნობთ, რომ გაქვთ გარკვეული სიმპტომები, რომლებიც ხელს გიშლიან ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ყურადღების მიღმა ნუ დატოვებთ არსაიდან მოსულ დეპრესიას, უძილობას და შიშებს. თუ მკერდის არეში ტკივილი იგრძენით ან სუნთქვის გაძნელებამ შეგაწუხათ, სჯობს სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.

როგორ მოვახდინოთ პოსტ-კოვიდური სინდრომის პრევენცია?

პირველ რიგში იმაზე იზრუნეთ, რომ კოვიდი არ დაგემართოთ. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, დისტანცია, ჰიგიენა. გამოიყენეთ პირბადე და აიცერით კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები