LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის შიში, რა განსხვავებაა შიშსა და პანიკას შორის, შეიძლება თუ არა ქრონიკულმა სტრესმა პანიკამდე მიგვიყვანოს – ნათია ფანჯიკიძე

2032
maia-fanjkikidzenwswert

რა არის შიში, რა განსხვავებაა შიშსა და პანიკას შორის, შეიძლება თუ არა ქრონიკულმა სტრესმა პანიკამდე მიგვიყვანოს – ამ თემებზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მარი მალაზონიას გადაცემაში ,,პირადი ექიმი” ისაუბრა.

– რა არის შიში? რამდენად ბუნებრივი და ადამიანურია? თუ გვეშინია ეს ჩვენ ჩრდილს გვაყენებს? შეიძლება შიში ჩვენს არასრულფასოვნებად აღვიქვათ?

ნათია ფანჯიკიძე:  შიში ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური, თანდაყოლილი გრძნობაა და სულაც არ არის სამარცხვინო, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რაც გვეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებასა და გადარჩენაში. აქედან გამომდინარე, უშიშრობა სულაც არ არის ჯანსაღი რეაქცია.

უბრალოდ დღეს, როდესაც, მთელი ჩვენი არსებობა, ბრძოლა და ჭიდილი ცხოვრებასთან ფსიქიკურ პროცესებშია გადატანილი და ეს არ ხდება ისე, როგორც ადრე იყო, როცა მაგალითად, მტერთან ფიზიკური ბრძოლა იყო გადარჩენისათვის საჭირო, დღეს ყველაფერი წავიდა უკვე ფსიქიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ გაუკუღმართდა და შიშმა მიიღო ცუდი ფორმები, ის დაუპირისპირდა ღირებულებებს.

ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშიშრობა ცუდი თვისებაა, დანარჩენ შემთხვევებში შიში ნორმალური და საჭირო განცდაა.

-არსებობს შემთხვევები, როდესაც შიში საფუძვლიანია. როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე ბუნებრივია, თუ გვეშინია. მაგრამ როდის არის შიში ირაციონალური და საფუძველს მოკლებული?

ნათია ფანჯიკიძე: შიშს ყოველთვის აქვს ლოგიკური ფესვი, მაშინაც კი როდესაც ერთი შეხედვით ის პარანოიდული და რეალობას მოწყვეტილია. აქ მთავარია დოზა. როდესაც დოზა ჭარბია, ეს არის უკვე შფოთვითი აშლილობა, არაჯანსაღი შიში. თუმცა რეალურად, საფუძველი ყველა შიშს აქვს.

-თქვენს წიგნში „შიში, გამოდი გარეთ“ თქვენ ცალკე საუბრობთ სიკვდილის შიშზე, რომელიც ყველა ადამიანს აერთიანებს, თუმცა ცალკე გაქვთ გამოყოფილი ე.წ. „სიცოცხლის შიში“.რას გვეტყვით ამაზე?

ნათია ფანჯიკიძე: სიცოცხლის შიში ეს არის შიში, როდესაც სიცოცხლის უფრო გეშინია, ვიდრე არყოფნის. ის შეიძლება მივაწეროთ დეპრესიულ განცდებს. სიცოცხლის შიშის დროს ადამიანი განიცდის ძლიერ სირცხვილს და ბრალეულობას, რაც მისი ტანჯვის მიზეზია. ზოგჯერ დეპრესია მკაფიოდ გამოხატული არ არის, თუმცა ადამიანები მიმართავენ ხერხს: ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ ყველა შესაძლო ცვლილება, ისეთი რამ, რამაც შეიძლება მათ ცხოვრებაში მოიტანოს მცირედი ტრავმაც კი. აქედან გამომდინარე, მე ამას ვეძახი სიცოცხლის შიშს, რომელიც ისეთივე ძლიერი შეიძლება იყოს, როგორც სიკვდილის შიში.

-რა განსხვავებაა შიშსა და პანიკას შორის? როდის უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი მდგომარეობა პანიკურია? რამდენად მნიშვნელოვანია აქ ინდივიდის და საზოგადოების ურთიერთობა და საზოგადოების მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაა პანიკაში? თუნდაც ბოლო დროს გავრცელებული ვირუსების გამო მასიური შიში რომ ავიღოთ მაგალითად.

ნათია ფანჯიკიძე: ნებისმიერი პანიკა, ეს არის გარემოსადმი იმწუთიერი უნდობლობა. თუმცა ზოგიერთი პანიკური რეაქცია, მაგალითად იპოქონდრია – შიში იმისა, რომ ადამიანი ავადაა ან აუცილებლად დაავადდება, ეს დაეჭვებული მდგომარეობაა, ერთგვარად პარანოიდული მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი საფრთხეს საკუთარი ორგანიზმის შიგნით ხედავს და არა გარეთ.

სხვა ნებისმიერი ტიპის პანიკა არის უნდობლობა გარემო-ფაქტორებისა და პირობებისადმი, ასეთ დროს ადამიანს მიაჩნია, რომ გარემოში რაიმე საფრთხე არსებობს. ამ დროს შეიძლება ადამიანი არ ენდოს როგორც მაგალითად ვაქცინას, ასევე ნებისმიერ რამეს.

რაც შეეხება პანიკას, რომელიც ერთ წერტილში იყრის თავს, ეს არის ფსიქოლოგიური რეაქცია, რომელიც შედეგია ბრაზის დიდხანს შეკავების. შეიძლება ადამიანმა რაღაც გამაღიზიანებელ ქმედებაზე რეაქცია არ გამოავლინოს რამოდენიმეჯერ და შემდეგ უცბად, თითქოს უმიზეზოდ, ამ ბრაზმა ამოხეთქოს.

პანიკა შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს მიერ საფუძვლიანადაც, გარემო ძალიან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ადამიანში იწვევდეს დაუცველობის გრძნობას. ასეთი პანიკა შეიძლება ერთ კონკრეტულ მიზეზზე ატყდეს, მაგალითად ვირუსზე, თითქოს სხვა საშიში არაფერია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომატებულია შფოთვითი აშლილობები, რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებს.

-რამდენად მნიშვნელოვანია ქრონიკული სტრესი, რომელმაც შეიძლება პანიკამდე მიგვიყვანოს? მათ შორის საზოგადოებრივი მასშტაბით?

ნათია ფანჯიკიძე: ყველა სტრესული ვითარება მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე და უბიძგებს მას გარკვეული მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უმეტეს თუ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ინდივიდთა კრებულია.

-რას გევტყვით პოსტტრავმულ სტრესზე?

ნათია ფანჯიკიძე: პოსტტრავმული სტრესი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ „ჩარჩა“ გადატანილ კოშმარში, ამიტომ მას უწევს ერთი და იმავე განცდების განცდა და ეს განგრძობადი პროცესია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები