LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან მივიყვანოთ ბავშვი ბაღში და როგორ შევაგუოთ ბაღს – მედეა ზირაქაშვილის რჩევები

675

ბაღი ესა არის ადგილი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ლაპარაკი, თამაში, თანატოლებთან ურთიერთობა, ფერების გარჩევა, ლექსები, ზღაპრები პატარამ სწორედ ბაღიდან ისწვლა. მიუხედავად იმ დადებითი მხარეებისა, რომელიც ბაღს აქვს,  განსაკუთრებულად რთულია ბავშვისთვის პირველი კვირები ბაღში –  ვინც ბაღში პირველად მიდის ან მათთვის, ვისაც უცხო გარემოსთან შეგუება უჭირს. როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, როგორ შევაგუოთ ის ახალ გარემოს, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა პატარა გაუჩერებლად ტირის და ზოგადად, როგორც ვიაროთ ბაღში ცრემლების გარეშე. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა. მედეა ამჯერად მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს, სადაც 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე ზრუნავენ.

 მედეა, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა?

მადლობა, რომ დაინტერესდით ბაღების თემით, ამ ბოლო პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ასაკთან დაკავშირებით გამზადებული რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან თითოეული ბავშვი  ინდივიდუალურია და როგორც განვიხილავთ სკოლისათვის მზაობას, ასევეა ბაღის შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ყველა ის უნარი ჰქონდეს განვითარებული, რაც მას ახალ გარემოში ადეკვატურად ადაპტირებაში დაეხმარება.თუმცა მაგ.3 წლისთვის ბავშვი შედარებით დამოუკიდებელია, უჩნდება ინტერესი გარემოს მიმართ, თანატოლებთან თამაში მეტად ინტერაქციულია, ადვილად სწავლობს სხვა ბავშვებზე დაკვირვებით და მიმბაძველობით.რადგან 3 წლის ასაკის ბავშვის მეტყველება უკვე კარგად განვითარებულია, აქტიურად ცდილობს საკუთარი აზრების გამოხატვას და გაზიარებას.ასევე მომვლელთან განშორებით გამოწვეული შფოთვა, რაც ბაღში ადაპტაციისთვის, ბავშვებისთვის მკვეთრად ხელის შემშლელია,შედარებით იკლებს ამ ასაკისთვის, შესაბამისად ჩემთვის 3 წლის ასაკში ბავშვის ბაღში მიყვანა, ყველაზე ოპტიმალური პერიოდია. თუმცა არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში განვითარების გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებს, რომელთა ადრეული ჩართულობა საბავშვო ბაღში  სასარგებლო იქნება მათი განვითარებისთვის.

ბაღში მისვლისას ყველა ბავშვი ტირის, თუმცა, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ პატარა ასაკში ბავშვებს უფრო უადვილდებათ ბაღთან შეგუება, რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

არსებობენ ბავშვები, რომლებიც ძალიან მარტივად ეგუებიან ბაღს და არიან ბავშვები, რომლებიც დიდ ხანს ტირიან და უჭირთ შეგუება. ადრეულ ასაკშიც ასევეა, განშორებით გამოწვეული შფოთვა ზოგიერთისთვის 18 თვის ასაკში იჩენს თავს, ზოგიერთისთვის კი 4 წლის ასაკში. ვერ ვიტყვით, რომ 1 წლის ასაკის ბავშვი უფრო მარტივად ეგუება ბაღს. ბაღში ადაპტირებისთვის, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე, პედაგოგების კვალიფიციურობაზე და მშობლის სურვილზე ატაროს ბავშვი ბაღში. როდესაც მშობელი და ბაღის აღმზრდელი შეთანხმებულად ურთიერთთანამშრომლობენ, ბავშვის ადაპტირება ბაღში უმტკივნეულოდ ხდება ხოლმე.რატომ შფოთავს და ტირის ბავშვი, პირველად  ბაღში  მისვლისას?იმიტომ, რომ მან არ იცის რა ელის ახალ გარემოსა და ადამიანებისგან.ბაღი ეს არის პირველი მაკროსოციუმი, რომელში გასვლაც ბავშვს მიკროგარემოდან უხდება.დიდ შეცდომას უშვებს მშობელი, როდესაც პირველივე წინააღმდეგობისას ბავშვი გამოყავს ბაღიდან და თავიდანვე უხშობს იმის უნარს, რომ სიძნელეებს გაუმკლავდეს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ღონისძიებებს მიმართავს პედაგოგი, ხშირად გამიგონია როდესაც ამბობენ – გადით ოთახიდან და ჩვენ მივხედავთ ბავშვს.  ეს არის ერთ-ერთი პირველი შეცდომა, რომელიც შეიძლება ბაღის გარემომ დაუშვას. გარემო, რომელიც ისედაც ასეთი სტრესულია ბავშვისთვის  უეცრად „გამქრალი“ დედის ფონზე,  ნაკლებად საშიში ვერ იქნება, ამ დროს უმჯობესია, თუ მშობელი გარკვეული ხნით დარჩება ოთახში, შორიახლოს, შესაძლოა არც კი ეკონტაქტებოდეს ბავშვს მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლობელი ადამიანი იქვეა, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მხოლოდ შემდეგ შეიძლება, რომ მშობელი „ დემონსტრატიულად“ დაემშვიდობოს ბავშვს, მისცეს პირობა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და გამოვიდეს ოთახიდან.

დღეს მშობლები ჩივიან იმაზე, რომ საკლასო ოთახები ძალიან არის გადავსებული, რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი ბავშვის ფსიქიკაზე?

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჯგუფში ბევრი ბავშვის შემთხვევაში არის ის, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, არსებობს რეკომენდაციები, რა რაოდენობის ბავშვთან რამდენი აღმზრდელია საჭირო. ბაგაში ხუთ ბავშვზე ერთი აღმზრდელია საჭირო, 2-3 წლის ასაკში 7-9 ბავშვზე ერთი მომვლელი უნდა იყოს, 3-4 წლის ასაკში 9 ბავშვს ერთი მომვლელი უნდა ყავდეს, 4 წლის ზემოთ კი ათ ბავშვზე ერთი მომვლელი საკმარისია. ამ მოთხოვნებს თუ გადავხედავთ, პრობლემა ნათლად ჩანს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბავშვების უსაფრთხოება, უნდა იცოდეს მშობელმა, რომ როდესაც ბაღში ტოვებს ბავშვს, მისი უსაფრთხოება დაცულია.ქართულ რეალობაში, ჯგუფში არსებული ბავშვების რაოდნობის პირობებში, ინდივიდუალური მიდგომის მოდელი, მინიმუმ ვერ შესრულდება, შესაბამისად ახალი უნარ- ჩვევების შეძენის ხარისხიც იქნება მკვეთრად განსხვავებული ბავშვებს შორის.

მშობლებს მივცეთ რეკომენდაციები, თუ როგორ შევაგუოთ ბავშვი ბაღს ცრემლების გარეშე

  • ხშირად, მშობლები თვითონ ხდებიან ბავშვთან განშორებით გამოწვეული შფოთვის ობიექტები და თუ ბავშვი ტირის , უბრალოდ  მოკიდებენ ხელს  და მიყავთ სახლში, ისე, რომ არ ეხმარებიან საკუთარ შვილებს პირველად წარმოშობილ გამოწვევასთან გამკლავებაში,ეს ერთმნშვნელოვნად არ არის მართებული,შესაბამისად იყავით მომთმენნი და თანმიმდევრულნი, პრობლემისგან გაქცევის ნაცვლად, თქვენს შვილებს სირთულესთან გამკლავებაში დაეხმარეთ.
  • აქტიურად ჩართეთ პედაგოგი ბავშვის ბაღთან შეგუების პროცესში და აქციეთ იგი თქვენს თანამონაწილედ.თუ პედაგოგმა ძალიან კარგად იცის ყველა ის პატერნი, რაც ბავშვის ძილს, კვებას, თამაშს უკავშირდება,თუნდაც საყვარელი ფერი, სათამაშო,საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი, იცის რა მეთოდით დაამშვიდოს ბავშვი ,როდესაც ძალიან გაღიზიანებულია, ეს  დაეხმარება ბავშვს ნდობით განეწყოს პედაგოგის მიმართ. შეუწყეთ ხელი, რომ  ბაღის აღმზრდელი იქცეს სტრესულ გარემოში მის დასაყრდენად.
  • მიეცით ბავშვს უფლება, გადააქციოს ახალი, სტრესული გარემო მისთვის სასურველად.გამოუყავით პატარა სივრცე,სადაც ექნება საშუალება განალაგოს სახლიდან წამოღებული, მისთვის საყვარელი ნივთები.
  • აბსოლუტურად გაუმართლებელია მშობლის გაშვება ან მშობლის მხრიდან „გაპარვა“ ოთახიდან .ბავშვს რჩება განცდა, რომ მიატოვეს,  სვამს კითხვას „მომაკითხავენ კი?“.ყოველთვის აჯობებს, თუ დაემშვიდობებით, შეახსენებთ როგორ გიყვართ და რომ აუცილებლად მალე მიაკითხავთ და ასეც მოიქეცით….დასაწყისში ეცადეთ არ დატოვოთ მთელი დღით და ნელ- ნელა გაზარდეთ ბავშვის ბაღში დატოვების დრო.
  • არასოდეს შეადაროთ თქვენი პატარა სხვებს.( მაგ. „ნიკომ როგორ უნდა გაჯობოს, მას სულ არ უტირია…“მსგავსი მაგალითები კიდევ უფრო გაზრდის ბავშვის შფოთვას, რომ ის არ არის მშობლისთვის ისეთი მოსაწონი შვილი, როგორც სხვა, რაც დამატებითი სტრესი შეიძლება იყოს მისთვის.)
  • მაქსიმალურად იყავით ემოციურად გაწონასწორებული, რომ ბავშვმა არ იგრძნოს თქვენი შფოთვა და სევდა, ამ დროს მას დამატებითი სტრესი ნამდვილად აღარ სჭირდება.

რამდენად ეხმარება ბაღი მეტყველების განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს პრობლემის დაძლევაში და რამდენად სწორია მოსაზრება, რომ უმჯობესია ის უფრო დიდი ასაკის ბავშვებთან იყოს ჯგუფში?

ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხებას სხვადასხვა მიზეზი უდევს საფუძვლად და როგორც წესი, შესაძლოა პარალელურად სხვა დეფიციტური სფეროებიც გამოიყოფოდეს განვითარებაში, აქედან გამომდინარე,მხოლოდ ვერბალურად გაშუალებული კომუნიკაციური სფეროს გასავითარებლად არ მიგვყავს ბავშვი ბაღში.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ,რომლებსაც აქვთ განვითარების გარკვეული პრობლემები, გაცილებით ადვილად ახერხებენ კომუნიკაციას ასაკით უფროს ბავშვებთან, ვიდრე თანატოლებთან.შესაბამისად არ ვარ მომხრე, რომ საკუთარ ასაკობრივ სოციუმში ჩართვის გარეშე უნდა აღმოჩნდეს ბავშვი სხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების ჯგუფში. ვფიქრობ ბავშვმა, თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად უნდა გაიაროს განვითარების ყველა ეტაპი.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ბაღი?

ბაღის შერჩევა საკმაოდ რთული ეტაპია მშობლისთვის.რამდენიმე ჭრილში უნდა განვიხილოთ ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ბაღის არჩევისას გვქონდეს.

  • პირველი, ეს უნდა იყოს ადგილის ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია,რომ ტერიტორიულად მშობელს ადვილად შეეძლოს ბავშვის ბაღში ტარება.
  •  ფინანსურ ხელმისაწვდომობა : ხშირად გვავიწყდება,თუ როგორ არასტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორი ადვილია სამსახურის დაკარგვა თვითოული მშობლისთვის. შესაბამისად შესაძლოა ბავშვს რამოდენიმე კვირიანი,ძალიან სტრესული შეგუების პროცესის შემდეგ, მშობელი იძულებული, გახდეს გამოიყვანოს ბაღიდან ფინანსური პრობლემების გამო.
  • მიაქციეთ ყურადღება- ოთახის სიდიდეს და განათების და განიავების ხარისხს.მით უმეტეს, რომ 50 ბავშვიანი ჯგუფები ჩვენს ირგვლივ არც თუ ისეთი იშვიათობაა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, პედაგოგის განათლება/კვალიფიკაცია, უნდა არსებობდეს ვებ- გვერდები, სადაც ნებისმიერ მშობელს ექნება წვდომა მის შვილს რა განათლების და კვალიფიკაციის აღმზრდელი ყავს.ჩვენს რეალობაში მშობლები ახლობლებისგან აგროვებენ ინფორმაციას და გარკვეულ ადამიანების სუბიექტური შეხედულების ხარჯზე არჩევენ მასწავლებელს.
  • საგანმანათლებო პროგრამა უნდა მოიცავდეს ბავშვის ფიზიკური, სოციალური და შემეცნებითი სფეროების განვითარებას.

უნდა ისწავლოს თუ არა ბავშვმა ბაღის ასაკში წერა ,კითხვა, ანგარიში ?

აკადემიური განვითარებისთვის არსებობს სხვა გარემო და ეს არის სკოლა, თუმცა წინა სასკოლო ჯგუფში პედაგოგი ახერხებს გარკვეული დოზით ბავშვს ინფორმაცია მიაწოდოს ამ კუთხით. უფრო მნიშვნელოვანია, პედაგოგმა ბავშვის სოციალურ-ემოციური( სათამაშოების გაზიარება, რიგის დაცვა,თანატოლებთან თამაში, წარმოსახვითი და როლური თამაშები.ემოციების და ქცევის მართვა, დირექტივებისადმი დაქვემდებარება, პრობლემის გადაჭრა უფროსის დახმარებით და ა.შ), პიროვნულ- სოციალური(ხელების დაბანა, ელვის და ღილების შეკვრა, დამოუკიდებლად კვება, ტუალეტის ჩვევა და ა.შ) კომუნიკაციური სფეროების ( აზრების გამოხატვა და გაზიარება, სხვების მოსმენა, დიალოგის წარმოება, სურვილების გამოხატვა) განვითარებაზე იზრუნოს. ხელი შეუწყოს ბავშვის დამოუკიდებლობას. უნდა გავიხსენოთ ქართული კულტუროლოგიური სივრცე, სადაც ზრდასრული ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ საკუთარ მშობლებთან  და მათი მზრუნველობის ქვეშ არიან-როლმორგებულნი და ამის ფონზე წარმოიდგინეთ პატარა ბავშვის მიმართ დამოკიდებულება…….  იქ, სადაც არის ჰიპერმზრუნველობა, დამოუკიდებლობის ხარისხი  ძალიან დაბალ დონეზეა. ბაღში მიდის ბავშვი, რომელმაც არ იცის ხელების დაბანა, ღილების შეკვრა, არ აქვს ჩამოყალიბებული ტუალეტის ჩვევა და ა.შ. ჩემი რეკომენდაციაა ფერების, რიცხვებისა და გეომეტრიული ფიგურების სწავლამდე, ის მნიშვნელოვანი სფეროები განვავითაროთ, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

რამდენად მნიშვნელოვანია დღის ძილი ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, თუმცა საჭიროა ასაკდამოკიდებული მიდგომა. 3 წლამდე ასაკის ბავშვს სჭირდება ძალების , ენერგიის მოკრეფა დღის განმავლობაში,შესაბამისად უნდა მივცეთ დასვენების საშუალება. 4 წლის ასაკში შუა დღისას აღარ უნდა ეძინოს და ამაზე მშობელმა უნდა იმუშავოს.

შეიძლება თუ არა მივცეთ საშუალება ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს აკეთოს ის, რაც თავად უნდა, მაგალითად უყუროს ტელევიზორს ან ითამაშოს პლანშეტით?

21-ე საუკუნეში მე ვერ წარმომიდგენია ადამიანის არსებობა ეკრანის გარეშე,  თუმცა ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ლიმიტი.მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს დროში განსაზღვრული. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით, ორ წლამდე არ არის სასურველი ბავშვი დავსვათ ეკრანთან, 3-4 წლამდე ასაკში ნახევარი საათი ეკრანთან გატარებული დრო, ბავშვს არ შეუშლის ხელს განვითარებაში.6 წლამდე 1 საათამდეც კი არის დასაშვები ეკრანის ყურება. ჩემი რჩევაა – მაქსიმალურად შევზღუდოთ პასიური აქტივობები, მაგრამ არ ავკრძალოთ. თუ შევამცირებთ ეკრანთან გასატარებელ დროს,ან დროის მცირე პერიოდში ბავშვი და მშობელი ერთად მიუჯდება ეკრანს და პასიურად მიღებული ინფორმაციის განხილვა მოხდება დედა- შვილის ინტერაქციის გზით,ინფორმაცია, რომელიც ბავშვს  მიეწოდება  იქნება სელექტიურად შემეცნებითი და პოზიტიური, ვფიქრობ შევძლებთ მივყვეთ ჩვენი შვილების სურვილებსაც და ასევე, თავიდან ავიცილებთ ხანგრძლივად გამოყენებადი ელექტრონული მოწყობილობების გავლენით გამოწვეულ მავნე რისკებს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები