LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჩივილების შემთხვევაში უნდა ესტუმროთ ზღვის სეზონის შემდეგ გინეკოლოგს – ნინო ჯიჭონაია კონტრაცეპტივების სწორ გამოყენებასა და გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე

408
ნინი-ჯიჭონაია-მთავ

კუზანოვის კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ნინო ჯიჭონაია გვესაუბრება მთავარი სიმპტომების შესახებ, რომელთა გაჩენის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს, განსაკუთრებით, ზღვის სეზონის დასრულების შემდეგ. fortuna.ge-სთან ერთად მან ასევე განიხილა ყველაზე აქტუალური კითხვები გინეკოლოგიის მიმართულებით, მათ შორის კონტრაცეპტივების სწორად გამოყენება, ანტიბიოთიკოთერაპია და სხვა მნიშვნელოვანი მომენტები.

ნინო ჯიჭონაია: 

სანამ ზღვის სეზონი დგება, ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვიბარებ, თუ პაციენტის სამედიცინო ისტორიას ვიცნობ, სატელეფონო კონსულტაციებსაც ვატარებ და ვურჩევ ზღვაზე ყოფნისას ანტისეპტიკურ საშუალებებს, სანთლებსა თუ სპრეებს, რომელთა გამოყენება ზღვის აბაზანების შემდეგ ყოველდღიურად შეუძლიათ. პრევენციისთვის ძალიან კარგი საშუალებებია.

ზღვის სეზონის შემდეგ ხშირად არის ჩივილები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ – ეს შეიძლება იყოს გამონადენი, წვა, ქავილი, ტკივილიც კი, თუკი ჰერპესის ვირუსი გამწვავდა. არ უნდა დაელოდონ რამდენიმე დღე და თვითმკურნალობას არ მიმართონ. რაღაც პერიოდი შესაძლოა, ჩივილები შეწყდეს, შემდეგ კი უფრო მწვავე ფორმით გამოიხატოს და ქრონიკული ფორმაც კი მიიღოს.

ზოგადად, ზღვის სეზონის შემდეგ, ჩივილებიც რომ არ ჰქონდეთ ქალბატონებს, 4-6 კვირის შემდეგ ერთი კონსულტაციის გავლა აუცილებელია.

პაციენტი გინეკოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა სტუმრობდეს, წელიწადში ორი ვიზიტი იდეალური ვარიანტია. ყველასთვის აუცილებელია პაპტესტი (მას ვერ ვიღებთ ქალწულობის შემთხვევაში – ასეთ დროს კეთდება ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა), კოლპოსკოპია და ექოსკოპია. შემდეგ ვწყვეტთ, რა დამატებითი კვლევები დაგვჭირდება. შესაძლოა, სხვა არაფერი იყოს საჭირო. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მოსაზრება, თითქოს ქალწულობის დროს გინეკოლოგებთან სიარული არ არის საჭირო, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ბოლო დროს ქალბატონები ყოველდღიურად იყენებენ სარეცხის საპონს. 

72%-იანი სარეცხის საპონი კარგია, მაგრამ ყოველდღიურად მისი გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ის იწვევს სიმშრალეს, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება განავითაროს ნახეთქები, წვა, უსიამოვნო შეგრძნებები, სოკო, ბაქტერიები. სარეცხი საპნის გამოყენება შეგიძლიათ 7-10 დღეში ერთხელ. არსებობს სხვადასხვა დასაბანი საშუალება, გელი, რომელიც არც ფლორას არღვევს, PH ბალანსს ინარჩუნებს, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტისაა. ჩემს პაციენტებს ამ საშუალებებს ვურჩევ.

ანტიბიოტიკოთერაპიისას თუ არის აუცილებელი სოკოს საწინააღმდეგო წამლის დანიშვნა?

სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი არსებობს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკის მიღება არაფრით შეიძლება. ანტიბიოტიკს აქვს თავისი დანიშნულება. ასეთ დროს პაციენტებს ვთხოვ სისხლის საერთო ანალიზს, თუკი ვირუსია, ანტიბიოტიკის დანიშვნა უარყოფით შედეგს გამოიწვევს. დღეს ანტიბიოტიკს ერთ დაცემინებაზე სვამენ, რაც რეკომენდებული არ გახლავთ. ანტიბიოტიკის მიღებისას ირღვევა ნაწლავური და საშოს ფლორები, შესაძლოა, გამოიწვიოს სოკო. ანტიბიოტიკი მიზანმიმართულად კონკრეტული ინფექციის საწინააღმდეგოდ უნდა შეირჩიეს და პაციენტმა უნდა მიიღოს 3-5-7-10-14 დღის განმავლობაში, ექიმის დანიშნულებით. ანტიბიოტიკების დროს აუცილებელია სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, რასაკვირველია, ექიმის ჩართულობით. ამასთან, ინიშნება ფლორის აღმდგენი პრობიოტიკებიც.

ამ ბოლო დროს მოდური გახდა საშოს გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. როდის დგება მათი აუცილებლობა დღის წესრიგში?

ინიექციების სახით კეთდება და ძალიან კარგი პროცედურებია. არსებობს დამატენიანებელი ინიექციები, რომლებიც ძალიან ეფექტურია უფრო ასაკოვან პაციენტებში, რომელთაც სიმშრალე აწუხებთ. როდესაც ქალბატონი ნამშობიარევია, მას შესაძლოა, ჰქონდეს სექსუალური დისფუნქცია, ასეთ შემთხვევაში შესაბამის პროცედურას ვურჩევთ, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს. ახალგაზრდები უფრო მეტად გვსტუმრობენ G წერტილის აუგმენტაციისთვის. ორგაზმის არარსებობის დროს – სხვათა შორის, ვაკეთებთ პლასტიკურ ოპერაციასაც. რამდენიმე მშობიარობის შემდეგ, რასაც საკუთარი დაკვირვების შედეგად ვამბობ, ყველას სჭირდება – საშოს ვუბრუნებთ პირვანდელ ფორმას. ეს ოპერაცია ერთხელ კეთდება, თუმცა შემდეგ პაციენტმა აღარ უნდა იმშობიაროს, ან საკეისრო კვეთა უნდა გაიკეთოს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება რამდენ ხანს შეიძლება?

თუკი ვსაუბრობთ კონტრაცეპტივებზე – მათი შერჩევისას უნდა დავიცვათ კონკრეტული წესები. არ შეიძლება, თქვენს მეგობარს მოუხდეს და მისი მიბაძვით თქვენც მიიღოთ. უნდა შეგროვდეს ანამნეზი და გაკეთდეს მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია. ამის შემდეგ ვურჩევთ პაციენტს სათანადო კონტრაცეპტივს. ექვსი თვიდან სამ წლამდე მათი მიღება დასაშვებია, თუმცა ექიმის კონტროლი მნიშვნელოვანი და აუცილებელია – ასეთ დროს ვაკეთებთ კოაგულოგრამასა და D დიმერის ანალიზს, რათა თრომბოზი გამოირიცხოს. კონტრაცეპტივს არ აქვს მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი, ის სხვადასხვა შემთხვევაში ინიშნება სამკურნალოდ. სასურველია, პირველი ორი წელი ექვს თვეში ერთხელ გადაამოწმოთ და შემდეგ – წელიწადში ერთხელ. კონტრაცეპტივის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. სხვა გზა როცა არ არის, უნდა დაინიშნოს და მიიღოს პაციენტმა. მას ბევრი უკუჩვენება აქვს, ასე რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ კონკრეტულად პაციენტის სამედიცინო ისტორიას კი არ ვსწავლობთ, ვიკვლევთ, დედას, ბებიას ხომ არ ჰქონია ინფარქტი ან თრომბოზის შემთხვევა.

ბოლოს, ყველას მინდა ვურჩიო, ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია – ონლაინ კონსულტაციები იმ შემთხვევაშია ეფექტური, როცა პაციენტის ისტორია იცი და გაქვს ანალიზებში ჩახედვის შესაძლებლობა, ამიტომ აუცილებლად გამოყონ დრო და ესტუმრონ ექიმს.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი