LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს „ტვიტერის“ ვერიფიკაციის ფუნქცია – მასკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა რეჯეპ თაიფ ერდოღანიც

60
ilon mask

კომპანიის მართვის დაწყებიდან პირველივე თვეს, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ილონ მასკი სოციალურ ქსელთან დაკავშირებით კარდინალურ ცვლილებებს ახორციელებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან, „ტვიტერის“ ვერიფიკაციის ფუნქცია და ლურჯი ნიშანი ფასიანი გახდა და მისი საფასური თვეში 8 დოლარით განისაზღვრა.

მასკის განმარტებით, „ტვიტერის“  ფასიანი სერვისის მომხმარებელი საძიებო სისტემასა და კომენტარების სექციაში პრიორიტეტს მიიღებს. გარდა ამისა, ვერიფიცირებული მომხმარებლები სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამების მხოლოდ ნახევარს ნახავენ და ისინი შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვის ფუნქციასაც მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მასკის ინიციატივას სოციალური ქსელის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ამტკიცებს, რომ „ტვიტერის“ ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შემოსავლების გაზრდა, ვერიფიცირების კომერციალიზაცია კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მასკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა შორისაა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანიც. მისი განცხადებით, ის მზად არის ილონ მასკს „ტვიტერის“ ვერიფიცირების ფუნქციის 8-დოლარიანი თვიური გადასახადის გამო შეევაჭროს.

„ვერიფიცირების საფასური ჩვენთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლოა, ჩვენ მასთან, მასკთან გარკვეული დიპლომატიური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა. შეძენისთანავე მან დაითხოვა დირექტორთა საბჭო, რითაც კომპანიაზე კონტროლი გააძლიერა.

„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია“ – აცხადებს „ტვიტერის“ ახალი მფლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები