LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში?! – ინტერვიუ ინფექციონისტთან

2509
BeFunky-collage - 2020-09-07T131628.964

კორონავირუსის ინფექციის აღმოჩენიდან 9 თვის შემდეგ ვირუსი ისეთივე ძლიერი არ არის, როგორც ის იანვრის დასაწყისში იყო, თუმცა ის გამოჯანმრთელებულ ადამიანში კვალს მაინც ტოვებს. კოვიდ-19, რომელიც ძირითადად სასუნთქი გზების დაავადებად მიიჩნევა, მძიმე მიმდინარეობის დროს აზიანებს ფილტვის ქსოვილებს. კორონასგან გამოჯანმრთელებული პაციენტები შემდგომ მონიტორინგს საჭიროებენ, რაც გამოიხატება ექიმებთან ხშირ კონტაქტსა და სხვა საწირო კვლევების ჩატარების აუცილებლობაში. ამაზე “ფორტუნასათან” ინტერვიუში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

რა კვალს ტოვებს კოვიდ-19 ორგანიზმში?

ზოგადად მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას და ფილტვებს. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ანუ მძიმე პნევმონიის დროს, რა თქმა უნდა ის ფილტვის დაზიანება რჩება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ის ასე ერთბაშად არ ლადგება და ამას სჭირდება დრო. ანუ რა კვალს ტოვებს? ფილტვის ჯანმრთელი ქსოვილი არის დაზიანებული და  შემდეგ ფილტვებმა შეიძლება სრულფასოვნად ვერ იფუნქციონიროს. განსაკუთრებით ასეთ კონტიგენტშია პაციენტები, რომლებიც ან ასაკში არიან ან ისედაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა. კორონას გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები გადატანილი, შეიძლება მოხდეს ამ დაავადების უფრო მეტად გამწვავება, ან მიმდინარეობის დამძიმება და ამის მონაცემები არსებობს. მას აქვს ასევე სხვა გართულებებიც. მაგალითად, ნევროლოგიური კუთხით, თუმცა ეს უფრო მცირე რაოდენობის პაციენტებში გვხვდება. ეს უფრო ახალგაზრდა დაავადებაა და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელია, ამიტომ დაზიანებების კუთხით, ის ჯერ კიდევ საბოლოოდ ცნობილი არ არის.

რა შემდეგი სახის პროცედურებს საჭიროებს კორონასგან გამოჯანმრთელებული პაციენტი?

მსუბუქ შემთხვევებში ფილტვის დაზიანებული ქსოვილების აღდგენა მალევე ხდება, თუმცა მძიმე პაციენტებში, როდესაც გამოჯანმრთელებული კლინიკიდან გაეწერება, მან მაინც უნდა იქონიოს კონტაქტი ექიმებთან და გარკვეული კვლევები უნდა ჩაიტაროს. მაგალითად, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა საჭირო ლაბორატორიული კვლევები. ეს მარტო კოვიდს არ ეხება, მძიმე პნევმონიის გადატანის შემდეგ, რაღაც პერიოდში მონიტორინგი პაციენტს მაინც სჭირდება. ვისაც მძიმე პნევმონია ჰქონდა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მონიტორინგი აუცილებლად სჭირდება.

არის თუ არა კოვიდ-19 ისეთივე საშიში ვირუსი, როგორც ეს 9 თვის წინ იყო?

მსოფლიო სტატისტიკით, ვირუსი თითქოს დასუსტდა და მძიმე პაციენტების რიცხვიც შემცირდა, ჩვენს სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, ეს შეინიშნება, თუმცა დიდად სხვაობა დღეს არ ჩანს. ჯერჯერობით იმის თქმა, რომ კორონა დასუსტდა, ნაადრევია, მაგრამ ამის ნიშნები მაინც არის.

რას უკავშირდება ბოლო პერიოდში საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მატება?

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ ეს უკავშირდება მაინც მოსახლეობის მხრიდან მოდუნებას. ისინი არ ასრულებენ რეკომენდაციებს. კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია შიდატურიზმის გაზრდა, მობილობა, გადაადგილების გახშირება. ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა არა საგანგაშო. შეზღუდვების მოხსნა შემთხვევების ზრდას რომ გამოიწვევდა, ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა უნდა ვაკონტროლოთ, უნდა გაგრძელდეს ეპიდკვლევები.

მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის უფრო ძლიერი ტალღა?

რესპირაციულ ინფექციებს ახასიათებს ცივ სეზონზე გააქტიურება. წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა მოსალოდნელია შემთხვევებმა მოიმატოს. ეს მეტნაკლებად გაართულებს ეპიდსიტუაციას, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

არის თუ არა შესწავლილი კოვიდ-19-ის ვირუსის ბუნება?

კოვიდი მართვადი გახდა, თუმცა მისი ბოლომდე შესწავლა ვერ მოხერხდა. ჯერ ვაქცინაც არ შექმნილა, თუ არ ჩავთვლით რუსულ ვაქცინას, რომელსაც დიდი ნდობა არა აქვს მსოფლიოში. ველოდებით უახლოეს თვეებში შეიქმნას კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ ეტაპზე საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ვირუსის შესწავლად”.

 

პოპულალურები