LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიზნით სტუმრობენ უცხოელები საქართველოს და რამდენს ხარჯავენ თითო ვიზიტზე

65
Untitled

2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413.8 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5 პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.9 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა. 2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 52.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 399.2 ათასი და 1 128.9 ათასი ვიზიტი.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.9 ღამე) 0.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის III კვარტალთან შედარებით 2.6 ლარით გაიზარდა და 1 181.7 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები