LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეამცირებს წამლის ფასს?

204

ხარისხის კონტროლის გამკაცრება მედიკამენტებზე ფასის შემცირებას გამოიწვევს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, როდესაც სახელმწიფოს ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემა ექნება, ბევრ კომპანიას ბაზარზე შემოსვლის საშუალება მიეცემა, რასაც მაღალი კონკურენცია და, შესაბამისად, პროდუქციაზე ფასების კლება მოყვება.

”ადრეც ხდებოდა მედიკამენტების შერჩევითი შემოწმება და მათი გამოკვლევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. ახალი დადგენილებით კი, შესაძლებლობა გვაქვს, შერჩევითი მედიკამენტების ლაბორატორიული კონტროლი განვახორციელოთ, საზღვარგარეთ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში” – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის ახალი პროგრამის მიხედვით, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა, ნედლეულის სერთიფიკატიც შემოწმდება. კვარაცხელიას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი კონტროლს იქამდე გაივლის, ვიდრე მედიკამენტის სახეს მიიღებს და სააფთიაქო დახლზე გამოჩნდება.

”ხარისხის კონტროლი, ჯერჯერობით, ყველა წამალს არ შეეხება და ეს  იქნება ამორჩევით. წლის ბოლოს, ვგეგმავთ ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აშენებას, რაც საშუალებას მოგვცემს, ყველა ახალმა  რეგისტირებულმა  პრეპარატმა  ხარისხის კონტროლი გაიაროს” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ვალერი კვარაცხელიას თქმით, ლაბორატორიის პროექტის ღირებულება 4-5 მილიონი ან უფრო მეტი იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  რამდენიმე დაინტერესებულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სამინისტროს სურს,  სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატით, აშენდეს ლაბორატორია. კვარაცხელიას განცხადებით, პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები