19 აპრილს საქართველოში ექვსთვიანი კრიზისი დასრულდა (?!). ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე  „ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს” გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ხელისუფლებამ მოაწერა ხელი.

რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში, პროცესების როგორ განვითარებას ვიხილავთ უახლოეს მომავალში, დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე სამადაშვილის წასვლით და რას შეცვლის ამ ვითარებაში პოლიტიკაში გიორგი გახარიას გუნდის შემოსვლა, თემაზე „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტში 113 ხმა არ შეგროვდეს.

 

 

„გუშინ მოხდა ისტორიული შეთანხმება, თუ ჩვენ გვქონდა 8 მარტის ისტორიული შეთანხმება, ის სრულფასოვნად მაინც ვერ განხორციელდა, ახლა იმედია დოკუმენტი სრულად იქნება შესრულებული.

6 თვის თავზე დავუბრუნდით იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც საქართველოს ამომრჩეველმა ისურვა.

პროცესი გაგრძელდება, ბევრი პოლიტიკოსი ინდივიდუალურ რეჟიმში  მოაწერს ხელს დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში. მგონია, რომ  მიშელის განახლებულ დოკუმენტის ხუთივე პუნქტის სრულფასოვად შესრულებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

 

19 აპრილიდან ქვეყანაში პოლიტიური რეალობა შეგვეცვალა. ოპოზიცია იყო ერთიანი და ის ნაწილი, რომელიც რადიკალურად იყო განწყობილი, შეიცვალა დამოკიდებულება. დოკუმენტმა აღარანაირი საფუძველი და აღარანაირი მიზეზი აღარ დაუტოვა არავის, მათ შორის აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“, ეთქვა, არ მოვაწერ ხელსო. ყველა მექანიზმი გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების გაწერილია,  ასევე ის მექანიზმიც, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე, თუ ამას საქართველოს მოსახლეობა მოისურვებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტო  დარჩა თავის რადიკალიზმთან და წმინდა რუსულ თამაშთან.

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქუჩიდან პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადასულიყო და ამ თვალსაზრისით კრიზისი ამოწურულიყო.

ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ყვალაფერს გააკეთებს, რომ როგორმე პარლამენტში 113 ხმა არ შეგროვდეს და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ნიკა მელია საპატიმროში, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა მუდმივად ტრიალებდეს, ციხიდან გმირი გამოვიდეს და მერე მათი მერობის კანდიდატი იყოს.

მაგრამ ის, რომ ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის გეგმა უკვე შესრულებულია და ოპოზიცია უკვე  პარლამენტშია  ეს უკვე ახალი პროცესის დასაწყისია“. – ამბობს ანალიტიკოსი „ფორტუნასთან“ საუბარში.

კითხვაზე, რომელმა მხარემ დათმო დოკუმენტზე ხელის მოწერით, ბოჟაძე პასუხობს”

„ქართული ოცნება“ წავიდა რეალურ კომპრომისზე. ოთხი წლით მიღებული მანდატი ერთი წლის თავზე სამსჯავროზე გამოაქვთ და თვითმმართველობის არჩევნები სულ სხვა დატვირთვას იღებს. 

კომპრომისზე ოპოზიციაც წავიდა. ოპოზიციის ნაწილი შარლ მიშელის ჩართულობით  „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებისგან დავიხსენით  და ეს პარტია დარჩა მარტო.

როცა პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და როცა ისინი მოგიწოდებენ, რომ პარლამენტიდან  გააგრძელო ბრძოლა და ყველა საკითხის მოგვარებისთვის კონკრეტული დროა მითითებული, უარი ნიშნავს, რომ დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის სცენარის ერთგულები რჩებიან.

თუმცა, შარლ მიშელის დღევანდელი ვიზიტი ამ  მიმართულებით მეტნაკლებად რაღაცას შეცვლის და თუ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, გუნდის გარკვეული ნაწილი მაინც ვინც აცნობიერებს რა ზიანი შეუძლია მოუტანოს დოკუმენტზე ხელის არმოწერამ საგარეო ფრონტზე – შევა პარლამენტში, ბუნებრივია, ის მინიმუმ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას გადაარჩენს და აღარ ჩაყვება ამ პოლიტიკურ ძალას კიდევ უფრო პოლიტიკურ ღრმა კრიზისში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ დრომდე იყო მონოლითური, ახლა მისი დაშლის პროცესაც ვადევნებთ თვალს. როცა ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხარ რთულია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება“, – ამბობს ბოჟაძე.

 

კონსტიტუციონალისტი და ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ექვსთვიანი კრიზისის შემდეგ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დამღუპველი იქნება. 

 

 

„ქვეყანაში ექვსთვიანი კრიზისი დასრულდა მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ უბრალოდ არგუმენტები აღარ აქვთ, პარლამენტში არშესვლის. ისინი ვეღარ იტყვიან, რომ პარლამენტი უფუნქციოა და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მათ მხარს არ უჭერს.

ვფიქრობ, რომ კრიზისი ამ ეტაპზე ამოწურულია და პარლამენტი გააგრძელებს საქმიანობას.

იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილია არამარტო დასავლელი პარტნიორების თვალის დასანახად, არამედ ამ ხელმოწერით პარტიებმა მთლიანად გააცნობიერეს, რომ ის უნდა აღსრულდეს და არა იმისთვის, რომ რაღაც რევერანსი გააკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

ვფიქრობ, რომ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ის პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი გახდება.

ქუჩაში დარჩენა დღეს საკმაოდ სახიფათოა პარტიებისთვის. მათ ჩვეულებრივ მარგინალიზაცია ელოდებათ. ჩვენ ამის კარგი გამოცდილება გვაქვს 30 წლის განმავლობაში.

„ნაციონალური მოძრაობა“, თუ ქუჩაში დარჩება, მნიშვნელოვან მხარდაჭერას დაკარგავს.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ თუ ქუჩაში დარჩება, საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც პოლიტიკური პარტია“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“.

კითხვაზე, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება და შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში ქვეყანაში სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, ძაბირაძე პასუხობს:

„არ ვარ გულუბყვრილო, რომ ვიფიქრო, რადგან ეს კრიზისი დაიძლია და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ, ყველაფერი წყნარად, მშვიდად გაკეთდება, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.

ბოლო 30 წელი გვეუბნება, რომ ამის არ უნდა გვჯეროდეს და არც ამჯერად მგონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, იმდენად მაღალი ხარისხია ჩართულობის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ გარკვეული პროგრესი, რა თქმა უნდა, იქნება“, – აცხადებს ძაბირაძე.

 

რას შეცვლის პოლიტიკაში გახარიას დაბრუნება

 

„პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადის გაკეთებაზე ადვილი არაფერია, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ არასწორი ტაქტიკა შეარჩია გახარიამ პარტიის დაფუძნების ან პოლიტიკაში შემოსვლის. არ მგონია, რაიმე ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდეს თუნდაც დღევანდელ განცხადებას, გახარიას გუნდი ვართ და ამიტომ ვაკეთებთ განცხადებებს, არ ვიცი, რამდენად სწორი ფორმულირებაა საკუთარი თავის თუ პერსონის“, – ამბობს ექსპერტი.

გახარიას შეცდომები მეორედ მოსვლის წინ

 

„პოლიტიკაში შემოსვლა მარტივია, მე და თქვენ შეგვიძლია, ხვალ განცხადება გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ შევდივართ პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლაცაა და შემოსვლაც. მას თუ აქვს პრეტენზია, რომ იყოს მესამე ალტერნატიური ძალა, ამისთვის მას სხვა მოქმედებები სჭირდებოდა და სხვაგვარად სჭირდებოდა თავისი გუნდის პრეზენტაციაც და ახალი პარტიის იმიჯის შექმნა. ვინ არის გახარია და მისი გუნდი და რას წარმოადგენს, ეს უნდა დაენახა არა ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, არამედ უბრალო მოქალაქეს. ეს იყო მნიშვნელოვანი და ბოლო პერიოდი, რაც მისი გუნდის ექვსკაციანი გუნდი შეიქმნა და განცხადებებს აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს სულ მინუსებია და არაფერი პლიუსი“, – ამბობს ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები