ზაფხულის დადგომასთან ერთად ყველას აქვს სურვილი, ლამაზი ნამზეურით მოიწონოს თავი.

ლამაზი ნამზეურის უპრობლემოდ მიღება რთული არაა, უბრალოდ წესების დაცვა გვიჭირს ხოლმე.

„ფორტუნასთან“ საუბარში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, რომ ლამაზი რუჯი უპრებლემოდ მივიღოთ.

 

როგორ გავირუჯოთ სწორად

„მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მოვიქცეთ, რომ დამწვრობა არ მივიღოთ. უნდა დავიცვათ ელემენტარული ზომები. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე უნდა ვიყოთ სანაპიროზე. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები და ქუდი. ამ წესს განსაკუთრებით პატარა ბავშვები და მოხუცები უნდა დაემორჩილონ, რადგან ისინი არამარტო მზის დამწვრობას იღებენ, არამედ მზის დაკვრის საფრთხის ქვეშაც არიან.

ყველას უნდა ლამაზი ნამზეური მიიღოს, მაგრამ თუ დაიწვი, რა აზრი აქვს. რამდენიმე საათი თავიდანვე თეთრი კანით რომ გაჩერდები მზეზე, ბუნებრივია, მზის დარტყმასაც მიიღებ და მერე მთელი დღეები ნომერში უნდა იჯდე და გარეთ ვეღარ გახვიდე. თანაბარი რუჯის მიღება პრობლემა არ იქნება, თუ წესებს დავიცავთ“.

 

 

მზის დამწვრობის მკურნალობა

„წესებს ბევრი არ იცავს და მზის დამწვრობას იღებენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ საშუალებები, რომელიც აფთიაქში შეიძლება, რომ შეიძინოთ. ეს პრეპარატები სიმპტომატურად დაეხმარება ორგანიზმს. სპირტი, მაწონი, კარტოფილის ნათალი… ეს ყველაფერი გვსიამოვნებს, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. სიამოვნების შეგრძნება გაქვს, მაგრამ მათ სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. ამიტომ ვერავინ იტყვის, რომ აფთიაქს ვერ მივაგენი. თუ ტრიალ მინდორში ხართ, კიდევ გასაგებია.

მზის დამწვრობის მიღების შემდეგ პირველ რიგში უნდა მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. დამწვრობას ჩვენ ვგრძნობთ ჩრდილში გადასვლის შემდეგ და საღამოს. უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, ოღონდ ამ შემთხვევაში არ უნდა ავირჩიოთ გაზიანი სასმელი. სჯობს, რომ წვენი იყოს გაზგასული და ცივი“.

 

 

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

„როდესაც მზის დამწვრობა რთულდება, აღინიშნება კანკალი და მაღალი ტემპერატურა. ასევე განვიცდით აუტანელ ტკივილს და ცნობიერების დაბინდვას ვგრძნობთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ამ შემთხვევაში კანზე ჩნდება ბუშტები. კანზე რამდენიმე ბუშტი საშიში არაა, მაგრამ თუ მას თან ერთვის ის ნიშნები, რაც უკვე ვახსენე, აუცილებლად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს. ბევრი იმისთვის, რომ ლამაზი ნამზეური ჰქონდეს, კანზე ლუდს ისვამს, ზოგიც სტაფილოს წვენს. ორიგინალური ვერ ვიქნები და გეტყვით, რომ აფთიაქში არის ლიცენზირებული საშუალება, რომელიც ჩვენი კანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, რომელიც არც ალერგიას მოგვცემს და არც გამონაყარი გაჩნდება“.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05