LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გავითვალისწინოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას – თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

212
gagoshidze

რა უნდა გავითვალისწინოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას? როგორი გარემო სჭირდება მას განვითარებისთვის და პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ნეიროფსიქოლოგის, თამარ გაგოშიძის ვიდეოდან გაიგებთ, რომელსაც ,,გაეროს ბავშვთა ფონდი” ავრცელებს.

თამარ გაგოშიძე: “6 წლამდე ასაკის ბავშვის ფსიქიკა ძალიან სპეციფიკურია და სრულიად განსხვავებულ ურთიერთობას მოითხოვს. სრულიად განსხვავებულია მათი კომინიკაციის სტილი, საშუალებები და ეს არ ჰგავს სკოლოს ასაკის ბავშვის კომუნიკაციის თავისებურებებს.

რა არის აუცილებელი იმისათვის, რათა როგორც სტრესის, ასევე ჩვეულებრივი ვითარებისას  შევძლოთ ბავშვთან კომუნიკაცია, რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთან ურთიერთობაში?

იმისათვის, რათა განვითარდეს, 6 წლამდე ბავშვს სჭირდება სამი რამ:

პირველი, სრულიად უპირობოდ, არის უსაფრთხო გარემო.

ეს არის კეთილგანწყობილი, პროგნოზირებადი გარემო, რაც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. თუ ბავშვს აქვს მოსიყვარულე, მის საჭიროებებზე მორგებული და დროულად მორეაგირე  გარემო, ბავშვის განვითარება ძალიან კარგად მიდის, მისი პოტენციალი ვითარდება კარგად. ბავშვი ენდობა გარემოს, ის ოპტიმისტია, ნდობითაა განწყობილი მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ, არ აქვს შფოთვა და ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მას შევუქმნათ ნდობის და უსაფრთხოების შეგრძნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვი იყოს მშვიდად, არ ჰქონდეს შფოთვა, მაგრამ მშობელი შფოთავდეს. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ გვქონდეს შფოთვა და შვილს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. ძალიან ხშირად დედები მოდიან და ჩივიან, რომ მათ ჩვილებს ცუდად სძინავთ. აღმოჩნდა, რომ თუ დედას აქვს შფოთვები, ეს ბავშვსაც გადაეცემა. მით უმეტეს, თუ ქალი შვილს ძუძუთი კვებავს, მას პირდაპირ გადაეცემა ეს ადრენალინი. დედას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს შფოთვისათვის, მან უნდა იზრუნოს შვილზე, საკუთარ თავზე, სახლის და სამსახურის საქმეებზე. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მამებმა გააცნობიერონ, რომ ამ დროს დახმარება და ვალდებულებების განაწილება აუცილებელია. ჩვენში მიღებულია, რომ ყველაფერი დედამ უნდა ქნას, თუმცა ეს ასე მარტივი არ არის. დედაც ადამიანია და ეს ყველაფერი მის შესაძლებლობებს აღემატება.

მშობლებს ძალიან უკვირთ, როდესაც ვეუბნები, რომ რათა ბავშვი მშვიდად იყოს, ჯერ თავად უნდა დამშვიდდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ სიტუაციის კონტროლის შეგრძნება, უნდა გრძნობდნენ, რომ ვითარებას აკონტროლებენ და ამის საფუძველზე მშვიდად იყვნენ. არ ინერვიულოთ იმაზე, რასაც ვერ გააკონტროლებთ, მაგალითად პანდემიის დროს ვირუსების გავრცელებას. ამაზე ნერვიულობას აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა მივმართოთ პრევენციულ ზომებს. მშობელმა უნდა იცოდეს თვითონ რა აღიზიანებს, რაზე შფოთავს და უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი, რათა მშობლები დამშვიდდნენ და ეს გაღიზიანება და შფოთვა ბავშვზეც არ გადავიდეს.

18 თვის ასაკიდან ბავშვის ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი – ის ავტონომიის მდგომარეობაში გადადის. ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო იმასაც ნიშნავს,რომ ჩვენ არ “ვძალადობთ” ჩვენს შვილზე. ჩვენ ბავშვს მის ასაკზე ადრე არ უნდა დავადოთ ტვირთი, რომლის ტარებაც არ შეუძლია. მაგალითად, ტუალეტს არც ადრე უნდა მივაჩვიოთ და არც გვინა. ამაზე ფიქრი დაახლოებით 1,3 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მისი განვითარების ტემპებიდან გამომდინარე უნდა დავაკვირდეთ, შემდეგ კი განვსაზღვროთ როდის რაა საჭირო. არ შეიძლება ბავშვს ერთი წლის ასაკიდან მოვთხოვოთ ტუალეტში სიარულის ჩვევის გამომუშავება ან ეს პროცესი ოთხ წლამდე მივიყვანოთ. აქ რეცეპტი არ არსებობს, რადგან ეს ინდივიდუალურია. ყველა ბავშვს თავისი ტემპერამენტი, ხასიათი და განვითარების ტემპი აქვს. ფსიქოლოგმა შეიძლება გითხრათ მხოლოდ ზოგადი კანონზომიერება.

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვს განვითარებაში ხელი უნდა შევუწყოთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამი წლის ასაკში იმის გაკეთება მოვთხოვოთ, რასაც ექვსი წლის ბავშვები აკეთებენ. ამ დროს ჩვენ ხელს კი არ ვუწყობთ, ხელს ვუშლით ავტონომიის მოპოვებაში.

როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად რაღაცეების გაკეთებას ეჩვევა, ის დახმარების თხოვნასაც სწავლობს. მან იცის, რომ მშობელი მხარს უჭერს. თვითონ შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, მშობელი მას მხარს დაუჭერს და დაეხმარება. დახმარების თხოვნა კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ ვცხოვრობთ სუპერ-პერფექციონიზმის ხანაში: ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე ლამაზები, ყველაზე ძლიერები, ყველაზე წარმატებულები. თუ ჩვენ არ ვართ ასეთები, ჩვენი შვილი აუცილებლად უნდა იყოს. რატომ? ეს იმას ნიშნავს, რომ მე არვარ კმაყოფილი, მაქვს შფოთვა და მიჭირს განვსაზღვრო ჩემი საჭიროებები. შესაბამისად ურთიერთობა შვილთანაც გამიჭირდება. ვერ გავიგებ როდის არის ის კარგად ან ცუდად.

სწორედ ჩვენ, უფროსებს გვაქვს ტვირთები და ვფიქრობ, ამაში სერიოზული როლი მედიას აქვს. მედია გვიწესებს ერთგვარ სტანდარტს, თუ როგორი გარეგნობა უნდა გვქონდეს, როგორი ცხვირი, როგორი მკერდი, როგორი ფეხები. როგორ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ უნდა ჩავიცვათ, რას უნდა ვჭამდეთ, სად უნდა ვიაროთ, როგორი შვილები უნდა გვყვავდეს და ა.შ. ეს ჩვენს სოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული და ეს დამღუპველია პიროვნებისათვის. რადგან თუ შენი ცხოვრება არ არის ამ სტანდარტების შესაბამისი, გეწყება შფოთვა. ფიქრობ, რომ რაღაც ისე არ არის.

ეს ტიპიური კონსუმერული საზოგადოებაა. ერი ფრომი ამაზე წერდა – “ჩვენ ვარსებობთ თუ ვფლობთ”? ეგზისტენცია, არსებობა დაწყებული გვაქვს როგორც ასეთი, ჩვენ მხოლოდ ყველაფრის ფლობა გვინდა და შესაბამისად, ყველაფრის კონტროლი. სწორედ აქედან იწყება შფოთვები, ნერვიულობა.

ამ პატარა ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მან დაგვანახა, რომ ჩვენ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, ყველაფერი ისე ვერ გვექნება, როგორც გვინდა. ვირუსმა დაგვანახა ისიც, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა მანვე დაგვანახა პრობლემებიც ურთიერთობებში. ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც ჩაიკეტა და შემდეგ გაიხსნა, ძალიან ბევრი განქორწინება დაფიქსირდა გახსნის შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ იზოლაციის პირობებში ვერც შენს თავს გაექცევი და ვერც ოჯახის წევრებს. ჩვეულებრივ დროს თავს აარიდებდი პრობლემას, წახვიდოდი სამსახურში, მეგობართან, თავს აარიდებდი საუბარს იმაზე, რაზე საუბარიც საჭირო იყო. მაგრამ იზოლაციის პერიოდში ყველას მოუწია შეჯახება პრობლემებთან და ბევრმა უბრალოდ გადაწყვიტა ქორწინება დაესრულებინა.

წარმატებას სხვა ადამიანებთან და მით უმეტეს ბავშვებთან ურთიერთობაში ვერ მივაღწევთ, თუ არ გვექნება პერსონალური, ფიზიკური საზღვრები დაწესებული. შეიძლება ზოგი მშობელი შემედავოს, რომ ერთოთახიან ბინაში ეს შეუძლებელია, მაგრამ არა, იქაც შესაძლებელია პერსონალური საზღვრების დაწესება. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ამ ერთ ოთახში ვერ ვიცხოვრებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები