LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ურჩია ინგა გრიგოლიამ ნიკოლოზ ხაჩიძეს: „ჩემს ცხოვრებაში ბევრი უარი იყო…“

6
ნიკა-ხაჩიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნიკა ხაჩიძე, რომელმაც კარიერის საწყისები გაიხსენა.

ნიკა ხაჩიძე:

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ნოსტალგიურად ვარ აქ, ფორტუნა პლუსის სტუდიაში, რესპონდენტად ყოფნა არ მიყვარს, უფრო წამყვანობა მხიბლავს. შევხედე პროგრამას, რითაც მუშაობ და მომინდა მეთქვა, – ეს „ფორტუნა პლუსია“ და რამე ტიხარი მიმება, როგორც რამდენიმე წლის წინ ვაკეთებდი ხოლმე. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. შენ, გიგა, ბავშვობიდან მახსოვხარ, უბერებელი ხარ. 15 წლის ვიყავი როდესაც ამ სფეროში მოვხვდი, გადაცემა „თინეიჯერი“ მიმყავდა. რაც შეეხება რადიოს, „არ დაიდარდოთი“ მოვიწამლე პირველად, მე და ხატია შამუგია ვიყავით პირველები. კასპიდან ჩამოვედი, სკოლა არ მქონდა დამთავრებული. ექსტერნად ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. მივედი თეატრში, იქ ვთამაშობდი, მოყვარულის დონეზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მქონდა უფლება, რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში. მაშინ ჯერ 15 წლის ვიყავი. იმ პერიოდშივე დავიწყე მუშაობა, რედაქციაში მივედი და ვუთხარი, რომ მსურდა დამეწყო წერა, წლების შემდეგ პრაქტიკაში ვისწავლე ყველაფერი. შემდეგ იყო პრესა, რადიო, ტელევიზია და თანდათანობით მივდიოდი წინ და წინ. ჩემი პირველი რესპონდენტი იყო პანჩო. ინტერვიუში სამი ლარი გადამიხადეს, წავედი „მაკდონალდსში“, ახალი გამოსული იყო ნაყინი და ის ვიყიდე, ამით ვიყავი ბედნიერი.

გაგიჭირდა ადაპტაცია?

კი, რა თქმა უნდა გამიჭირდა, მარტო ვიყავი, არავინ მყავდა, ნაცნობიც კი, არც თბილისის ქუჩები ვიცოდი, ფეხით დავდიოდი ბევრს და ასე ავითვისე. მე მაქვს უნარი, რომ საკუთარ თავს ვუშველო, ადაპტაცია გარემოსთან ადამიანმა საკუთარი ძალებით უნდა მოახერხოს.

როგორ მოხდა ისე, რომ შენზე განაწყენებული არავინ არის?

იცი, ჩემთვის მთავარი ადამიანურობაა, არ აქვს მნიშვნელობა, რა სჭირდება საქმეს, მთავარია, ადამიანობას არ გადააბიჯო. ჩემს გადაცემაშიც, თუკი რესპონდენტს ვუქმნი დისკომფორტს, გადავდივარ სხვა შეკითხვაზე. მე მართლა ვამაყობ იმ ინტერვიუებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მქონდა. ძალიან ბევრი ახალი რამ გაჟღერდა.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, რომელსაც სულ სჯეროდა ჩემი. 15 წლის ასაკში მომცეს საშუალება, მარტო მეცხოვრა. შესაბამისად, ისინი არიან პირველი გულშემატკივრები, განსაკუთრებით დედა. მას საოცარი ინტუიცია აქვს. ოჯახის წევრების გარდა, ჩემი მეგობრები,  მათი აზრი მუდამ მნიშვნელოვანია.

თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში დამარცხებები?

ჩემს ცხოვრებაში უამრავი უარი იყო, კასტინგებზე მივდიოდი ხოლმე ბოლო ეტაპამდე და მერე ისე ხდებოდა, რომ არ ავყავდი. შემდეგ ვხვდებოდი, რომ ეს იყო ნეპოტიზმი. ერთხელ არ ამიყვანეს და ამის მიზეზი იყო ის, რომ მე ვმუშაობდი ისეთ კომპანიაში, რომლის დამფუძნებელს და მეორე კომპანიის დამფუძნებელს ერთმანეთი არ უყვარდათ, არადა, მე რა შუაში ვიყავი… ამის შემდეგ ვთქვი, რომ აღარასდროს წავიდოდი კასტინგზე. ანუ ეს ყველაფერი ლანგარზე ჩემთვის არავის მოურთმევია და ამან გამზარდა.  მახსოვს, ინგა გრიგოლიამ მირჩია, როცა გრძნობ, რომ არ გაფასებენ იქ, სადაც მუშაობ, უნდა წამოხვიდეო. ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მახსოვს, „არ დაიდარდოში“ რომ ვმუშაობდი, ხმის ჩაწერა ვცადე რეკლამისთვის, თუმცა არ გამოვდექი, შემდეგ მირჩიეს გამოცდილმა წამყვანებმა, ქუჩაში რა წარწერასაც წავაწყდებოდი, პაუზებით წამეკითხა და მეც დავდიოდი და ვკითხულობდი ყველაფერს.

როგორ დაიწყო რადიოს ეპოქა შენთვის?

ერთხელ გზაში შემხვდა „არ დაიდარდოს“ მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე და მითხრა, რადიოს ვხსნითო და სცადეო, მეც მოვედი.  ეთერში ძალიან ვხალისობდით ხოლმე. შემდეგ სხვა რადიოები იყო, ბოლოს კი – „ფორტუნა პლუსი“.

ნიკა და შოუბიზნესი…

ჩემი ძირითადი სამეგობრო შოუბიზნესიდან არის. წლები ერთად გავიზარდეთ. 2012 წელი იყო, დამირეკა მაია ასათიანმა და გადაცემა „პროფილის“ პროდიუსერობა შემომთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, რაღაცაზე იყო ნაწყენი. იმ პერიოდში სამსახურიდან წამოსული ვიყავი, ის პერიოდი მქონდა, როცა არ ვიცოდი, რა მექნა, რა მინდოდა, არადა, სამი შემოთავაზება მქონდა.

რამდენად ცვლის ადამიანს პოპულარობა?

როცა ადამიანი ჯანსაღია, ცნობენ თუ არა ადამიანები, ეს არასდროს შეცვლის მას. ეს ჯანსაღ ადამიანებზე უარყოფითად არ მოქმედებს. რაც შემეხება მე, ჩემზე არანაირად არ იმოქმედა, ვაგრძელებ ისე ცხოვრებას, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, ისევ დავდივარ ფეხით და ისევ ისე ვერთობი,  როგორც ადრე ვერთობოდი.

რა სიახლეები გაქვს?

სიახლე ბევრი იქნება, თუმცა ამას წინასწარ არ ვიტყვი. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც „სხვა კითხვების“ ერთი გადაცემა მაინც ნახა, იმიტომ, რომ მე ეს პროექტი მეამაყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები