LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზომები უნდა მივიღოთ ოჯახის წევრების „ომიკრონისგან“ დასაცავად

14812
hfjdtrdj

პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ,  ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: “ალფა”, “ბეტა”, “გამა”, “დელტა” და “ომიკრონი”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.

რა ვიცით ომიკრონის ვარიანტის შესახებ? რა არის ომიკრონი და უსაფრთხოების რა ზომები უნდა მივიღოთ ოჯახის წევრების დასაცავად?, – ამ საკითხზე Unicef-მა მასალა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

რა არის ომიკრონის ვარიანტი?

კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა, რადგან კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ იგი რამდენიმე სახის მუტაციით ხასიათდება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვირუსის ქცევის თავისებურებაზე. გარდა ამისა, არსებობს მყარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით ბევრად სწრაფად ვრცელდება. აღნიშნულ მოსაზრებას ამტკიცებს იმ ქვეყნების სტატისტიკა, სადაც დოკუმენტურად დაფიქსირდა ინფიცირება უცნობი წყაროებიდან, რომელმაც აჩვენა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 2-3 დღეში ორმაგდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული ზოგადი რისკები კვლავ ძალიან მაღალია.

როგორ გაჩნდა ომიკრონის ვარიანტი?

როცა ვირუსის გავრცელება ფართო მასშტაბებს იძენს და უამრავ ინფექციას იწვევს, შესაბამისად, ვირუსის მუტაციის ალბათობა საკმაოდ იზრდება. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ენიჭება ვირუსს, რომ გავრცელდეს, მით მეტია მისი სახეცვლილი ვარიანტების მიღების შანსიც.

ვირუსის ახალი შტამები, მათ შორის, ომიკრონიც, გვახსენებს, რომ კორონავირუსის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. შესაბამისად, არსებით მნიშვნელობას იძენს ვაქცინაციის პროცესი, მოსახლეობამ უნდა მიიღოს მათთვის ხელმისაწვდომი ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება და მისდიოს პროფესიონალთა რეკომენდაციებს, თუ როგორ აირიდოს თავიდან ვირუსის გავრცელება, მათ შორის, სოციალური დისტანციის დაცვის, ნიღბების ტარების, ხელების ხშირი დაბანისა თუ შიდა სივრცეების განიავების გზით.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები ყველგან ხელმისაწვდომი იყოს. ვაქცინაციის უთანასწორო განაწილების გამო დაბალშემოსავლიანი ქვეყნები, რომელთა უმეტესობა აფრიკაში მდებარეობს, კორონავირუსის წინაშე გაცილებით მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, იმ ქვეყნებმა, რომლებიც საკმარის ვაქცინებს ფლობენ, ნაკისრი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ და შეპირებული დოზები გადასცენ მათ.

ომიკრონის გავრცელების არეალი

ომიკრონი, რომელიც დღეის მონაცემებით თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, თავდაპირველად 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

არის თუ არა ომიკრონი უფრო საშიში, ვიდრე – კორონავირუსის სხვა ვარიანტები?

პირველადი მონაცემების თანახმად, ომიკრონით დაინფიცირებულ ადამიანთა შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დელტა ვარიანტთან შედარებით, შემცირებულია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო ომიკრონი ვირუსის „მსუბუქ“ ფორმად არ უნდა მივიჩნიოთ. ვირუსის მზარდი გავრცელება ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასაც გაზრდის. ვირუსის მზარდი შემთხვევები განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს წინა ხაზზე მომუშავე პირებსა და ჯანდაცვის სისტემაზე, რაც, შესაძლოა, გაზრდილ სიკვდილიანობაშიც კი გადაიზარდოს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კორონავირუსის ყველა ვარიანტმა შესაძლოა, გამოიწვიოს მწვავე დაავადება ან სიკვდილიც კი, მათ შორის, დელტა ვარიანტმაც, რომელიც მსოფლიოში კვლავ დომინანტ შტამად რჩება. სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების რისკის პრევენცია და ვირუსით თქვენი დაინფიცირების ალბათობის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არის თუ არა ომიკრონი უფრო მეტად გადამდები?

დიახ, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი უფრო მეტად გადამდებია. თუმცა, ვაქცინაცია და სიფრთხილის ზომების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავება, დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თანაც, უკვე ვიცით, რომ მათ ეფექტურად იმუშავეს ვირუსის სხვა ვარიანტების შეკავების დროს.

ხასიათდება თუ არა ომიკრონის ვარიანტი განსხვავებული სიმპტომებით?

დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაამტკიცებს, რომ ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდება.

არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტური ომიკრონთან მიმართებით?

მკვლევრები სწავლობენ, არსებობს თუ არა რაიმე პოტენციური ზეგავლენა, რაც ომიკრონის ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან მიმართებით. დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოიპოვება, თუმცა არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, მცირედით შემცირდეს, ასევე, დაიკლოს მისმა ეფექტურობამ ინფიცირების პრევენციისა და დაავადების მსუბუქი ფორმებით გადატანის შემთხვევებშიც. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშების გაცნობისას ნათელი ხდება, რომ დღესდღეობით ხელმისაწვდომი ვაქცინები ყველაზე საიმედო და ეფექტური დაცვის საშუალებაა მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ.

აცრის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ იგი გარემოში არსებული სხვა ვარიანტებისგანაც გვიცავს, როგორიცაა, მაგალითად, დელტა შტამი. როცა თქვენი დრო მოვა, აუცილებლად აიცერით. თუ ვაქცინაცია ორ-ეტაპიანია, გაიკეთეთ ორივე დოზა, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი ვირუსისაგან.

არის თუ არა გადატანილი კორონავირუსი ეფექტური იარაღი ომიკრონის წინააღმდეგ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ გადატანილი კორონავირუსი სხვა შტამების (მაგ. დელტა) შემთხვევაში უფრო ეფექტურ დაცვას წარმოადგენდა, ვიდრე ახლა, როდესაც ომიკრონი მძვინვარებს. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და როგორც კი უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ საკითხის ირგვლივ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ, ვაქცინაცია მაინც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ბუნებრივი იმუნიტეტი უყალიბდებათ ვირუსის წინააღმდეგ, ჩვენ კვლავ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს იგი ან რამდენად კარგად დაგიცავთ ვირუსისაგან. მეორე მხრივ კი, ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გთავაზობთ.

აჩვენებს თუ არა ამჟამინდელი ტესტები ომიკრონის ვარიანტს?

ფართოდ გამოყენებული PCR და სწრაფი ტესტი კორონავირუსის დასადგენად კეთდება, ორივე მათგანით ომიკრონის ვარიანტის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.

ომიკრონის პირობებში, იზრდება თუ არა ბავშვების დაინფიცირების რისკი?

კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მყისიერად გაგაცნობთ მას. თუმცა, ის, ვინც ტრიალებს საზოგადოებაში და არ არის აცრილი, კორონავირუსით დაავადების მომატებული რისკის წინაშე დგანან.

როგორ შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახი ომიკრონისგან?

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, ისაა, რომ შეამციროთ თქვენი დაინფიცირების რისკი. იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები, მიმართეთ შემდეგ ზომებს:

  • ატარეთ ნიღაბი და დარწმუნდით, რომ გიფარავთ ცხვირსა და პირს. მხოლოდ სუფთა ხელით გაიკეთეთ ან მოიხსენით ნიღაბი სახიდან;
  • დაიცავით სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანცია;
  • ერიდეთ თავშეყრის ან ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებს;
  • გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ შიდა სივრცე;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები;
  • როცა თქვენი დრო მოვა, აიცერით. გაითვალისწინეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია.

რა ვუთხრა ბავშვს ომიკრონისა და კორონავირუსის სხვა ვარიანტების შესახებ?

ინფორმაცია კორონავირუსისა და ომიკრონის ვარიანტის შესახებ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, შესაბამისად, პატარა ბავშვების უმეტესობას ბუნებრივად უჩნდება არაერთი შეკითხვა ვირუსთან დაკავშირებით. ქვემოთ თავმოყრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ასეთი რთული და კომპლექსური საკითხი ბავშვებს მარტივად და გასაგებად აუხსნათ, ისე რომ, მათი შესაძლო შფოთვის დამშვიდებაც მოახერხოთ.

  • ბავშვებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა ხდება გარშემო, თუმცა შექმნილი მდგომარეობის ახსნისას არ უნდა დაგავიწყდეთ მათი ასაკი და სწორედ ასაკთან შესაბამისი განმარტება უნდა მიაწოდოთ მათ;
  • სთხოვეთ ბავშვს, გაგიზიაროთ, რა სმენია ვირუსის შესახებ და ყურადღებით მოუსმინეთ მის პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად ჩაერთოთ ამ პროცესში და მისი შიშები სერიოზულად აღიქვათ. იყავით მომთმენი, პანდემიამ და გავრცელებულმა ყალბმა ამბებმა ყველას უამრავი საზრუნავი და უსიამოვნება გაუჩინა;
  • დარწმუნდით, რომ ვირუსის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ფლობთ; საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდები, მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდები ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო წყაროს წარმოადგენენ, რაც პანდემიის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ.
  • თუ ბავშვის შეკითხვაზე პასუხი არ იცით, ნუ შეეცდებით მის გამოცნობას. პირიქით, აქციეთ ეს მომენტი შესაძლებლობად და ერთად მოიძიეთ პასუხი სასურველ კითხვაზე.
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის ერთგვარი ემოციურობის სარკე ხართ. შესაბამისად, მაშინაც კი, თუკი დარდობთ თქვენს პატარაზე, რომელიც შესაძლოა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობდეს ამ პირობებში, შეეცადეთ, რომ ეს შიშები მათ არ აჩვენოთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები