LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნა“ 20 წლის, „ავტორადიო“ – 10 წლის გახდა! – დაბადების დღის პომპეზური აღნიშვნა და მილოცვები ცნობილი ადამიანებისგან

363

რადიო „ფორტუნას“ დღეს,3 1 დეკემბერს 20, ხოლო „ავტორადიოს“ – დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. 20 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგმა ამ კუთხით ოქროს სტანდარტი შექმნა და ქართულ ბაზარზე  და FM სივრცეში უამრავი სიახლე დაამკვიდრა.

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდგინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, ამ ოცმა წელიწადმა ისე სწრაფად გაირბინა, მგონია, რომ „ფორტუნა“ გუშინ გაიხსნა… ძალიან ბედნიერი ვარ!.. რადიო „ფორტუნა“ ზეიმობს 20 წლის იუბილეს. ჩემთვის ეს ძალიან საპატიო თარიღია, უაღრესად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საზოგადოების წინაშე, რადგან ჩვენგან მუდამ ელიან სიახლეებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ პირველები ჩვენი გადაცემებითა და პროექტებით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო 10 წლის იუბილე „ავტორადიოს“, რომელიც ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მივულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, მათი დამსახურებაა ჩვენი მოწინავე პოზიციებზე ყოფნა. იმედი მაქვს, შემდეგი 10 წელიც ლიდერ პოზიციაზე ვიქნებით!.. (იღიმის).

მაია მაზანაშვილი, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მარკეტინგის უფროსი:

20 წელი ბაზარზე ძალიან ბევრია. როცა ამ არაჩვეულებრივი ჰოლდინგის შექმნა დავიწყთ, სტანდარტებიც კი არ არსებობდა რეალურად, საუკეთესოობის ნიშნული არ არსებობდა. ჰოლდინგი 4 რადიოსადგურს მოიცავს, ჩვენ შევქმენით ხარისხის სტანდარტი ამ მხრივ. ახლა უკვე ინტერნეტშიც კარგად ვართ წარმოდგენილები. დიდი პატივია ამ კომპანიაში მუშაობა, ასეთ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. გული ამიჩუყდა, როცა „თბილისი მოლში“ ჩვენი გუნდის მუშაობას ვუყურე. „ფორტუნა“ არის ქრონიკული დაავადება, რომლის სიყვარულიდანაც ვერასდროს გამოხვალ (იღიმის).

ყველა 31 დეკემბერს რადიოჰოლ,დინგი დაბადების დღეს შოუბიზნესისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნავს, „ფორტუნას“ ოფისს სტუმრობენ ის ადამიანები, ვისთანაც მთელი წელი აქტიურად თანამშრომლობს. წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი. საიუბილეო თარიღი „ფორტუნას“ უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიულოცა. მილოცვები მხოლოდ კეთილი და საქებარი სიტყვების თქმით არ შემოიფარგლა და „ფორტუნაში“ კონცერტი გაიმართა, რომლის მიმდინარეობისას პოპულარული ჰიტები შეასრულეს ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა, ვერიკო ტურაშვილმა და კახა კუხიანიძემ, ასევე აჩი ფურცელაძემ, თაკო ოქროპირიძემ… Fortuna.ge-მ ცნობილი სახეების მილოცვები ჩაწერა.

დათო ხუჯაძე:

კიდევ ერთხელ მივულოცავ, მრავალჯერ და მრავალჯერ. მგონი, ყოველ წელიწადს აქვ ვარ, ვულოცავ და დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. ვუსურვებ უამრავ ხარისხიან მუსიკას. რაც გაიხსნა, მას მერე „ფორტუნას“ ჰოლდინგთან ვთანამშრომლობ, ასაკში ვარ მეც (იცინის).

კახა კუხიანიძე:

„ფორტუნას“ ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ რეიტინგს და უამრავ მსმენელს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წარმატებასა და წინსვლას. დაახლოებით, 19 წელია, ვთანამშრომლობ. მახსოვს, პირველად „ფორტუნას“ დაბადების დღეზე 1998 წელს ვიყავი, მაშინ „სონის“ რადიო მაჩუქეს, რომელსაც დღემდე ვინახავ. მინდა, რადიოჰოლდინგი სულ ფეხზე იდგეს და ძლიერდებოდეს, იმედი მაქვს, ასეც იქნება.

ოთო ნემსაძე:

„ფორტუნა“ ნიშნავს ძალიან მაგარ რადიოს, 20 წლის „ოქროს სტანდარტს“, საუკეთესო რადიოს საქართველოში. „ავტორადიო“ ნიშნავს 10 წლის ოქროს ავტომობილს. მინდა, ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. 9 წელია, ვთანამშრომლობ თქვენთან და რომ მოვკვდები, ასი წლის მერე, იქიდანაც თქვენთან ვითანმშრომლებ (იცინის).

ია ჩანტლაძე:

„ფორტუნა“ იყო პირველი რადიო საქართველოში, რომელიც პომპეზურად გაიხსნა და დიდი ხანია, ფუნქციონირებს. გახსნის დღიდან ვთანამშრომლობ და არა მხოლოდ. აქ ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ხშირად ვიყავი გადაცემების სტუმარი, ჩემი სიმღერები ტრიალებდა აქტიურად, როცა მუსიკაში უფრო მეტად ვიყავი ჩართული. ძალიან მიყვარს, მშობლიური გარემოა. ვულოცავ იუბილეს და ასე გაეგრძელებინოს, ხუთჯერ ამდენი წელი მომელოცოს.

სალომე ბაკურაძე:

მივულოცავ „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს, რაც თავი მახსოვს, მისი ერთგული მსმენელი ვარ, შემდეგ წლებში დავმეგობრდით და დიდი მადლობა მას ამისთვის, რომ ყოველთვის გვანებივრებთ მაღალი კლასით, გვერდით გვიდგას მომღერლებს და მისი როლი ჩვენს შემოქმედებაში ძალიან დიდია. მინდა, მოვეფერო „ავტორადიოს“, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა და სადაც ყველა ჩემი მეგობარია. ეს რადიო ძალიან ბევრ მანქანაში ჟღერს. ვუსურვებ, რომ შეინარჩუნოს ეს პოპულარობა.

ვერიკო ტურაშვილი:

„ფორტუნა“ არის ყველა რადიოს შორის ჩემი ფავორიტი. ის მახსოვს მისი დაბადების დღიდან. ჩემთვის ყველააზე საყვარელ რადიოდ რჩება, ამას გულწრფელად გეუბნები. „ფორტუნას“ ვუსურვებ ყველაფერ კარგს, ბევრ ექსკლუზივს, მიყვარხართ ძალიან.

თემო საჯაია:

რადიო „ფორტუნას“ მივულოცავ 20 წლის იუბილეს, „ავტორადიოს“ – 10 წლის იუბილეს, მათ მსმენელს კი ახალ წელს. „ფორტუნა“ ნათელი წერილი იყო ჩვენთვის, მომღერლებისთვის, რომ ბევრ ადამიანს მოესმინა ჩვენი სიმღერებისთვის. დღესაც ასეა, დიდი მადლობა ამისთვის და 120 წელი მოგველოცოს. 2018 წლისგან ველოდები, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით. იმედია, გვექნება ახალი სიმღერები და ვიმედოვნებ, რომ „ფორტუნა“ ისევ დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოისმინოს.

აჩი ფურცელაძე:

გილოცავთ!.. ეს ყველას ეხება, რადგან „ფორტუნა“ ყველასია, 20 წელი ამის დამადასტურებელია. კიდევ მინიმუმ 10 წელი გაივლის და 30 წლის იუბილეზე, იმედი მაქვს, იგივე ხალხი შევიკრიბებით და ისევ ასეთი ჟრიამულით აღვნიშნავთ. ყოჩაღები ხართ, ძალიან მაგარი ჰოლდინგი ხართ, ჯანმრთელ, სულ და გულმრთელ წელს გისურვებთ.

გიორგი ლომთათიძე:

გილოცავთ ორივე რადიოს იუბილეს. მე ამ ჰოლდინგში შემავალ რადიოებს ვუსმენ სულ. მინდა აღვნიშნო, რომ „შვიდკაცას“ 2018-ში 20 წელი უსრულდება. ეს პერიოდი სულ ერთად ვიყავით და მიხარია, რომ ასე ვთანამშრომლობთ.

ხატია შამუგია:

ეს მხოლოდ „ფორტუნას“ კი არა, ჩემთვის ოჯახის წევრის დაბადების დღეა, ყველაზე ძვირფასის. 20 წელია, მის დაბადების დღეს ვხვდები. აქ მოვედი დიდი სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კონცერტი მიმყავს და წესით, სახლში უნდა ვიყო. დილის 9 საათზე ავდექი, რომ მოვწესრიგებულიყავი და აქ მოსვლა მომესწრო. საიუბილეოდაც კი გამოვეწყე.

ასეთ დღესასწაულებს ქართული რადიოსადგურები კი არა, მსოფლიო რადიოები ვერ აწყობენ. იმატებს მომსვლელებისა და მომლოცველების რაოდენობა ყოველ წელს, რადგან იმატებს გულშემატკივართა გუნდი. ეს იმ უდიდესი ჯგუფის დამსახურებაა, ვინც აქ მჟშაობს. ვამაყობ ამ გუნდის წევრობით, „ფორტუნა“ ჩემი ყველა წარმატების ათვლის წერტილია.

თაკო დოლაბერიძე:

გილოცავთ იუბილეს და დამდეგ ახალ წელს. მინდა, „ფორტუნა“ ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს. ყველაზე მაგარი კოლექტივი ხართ, მიყვარს ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ საქმეს აკეთებს და აკეთებს ძალიან ხარისხიანად.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები