LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღე გრანდიოზული მიღებით აღინიშნა

759
fortuna-birthday-22

ფოტოები

31 დეკემბერს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ რადიო „ფორტუნასა“ და რადიო „ავტორადიოს“ დაბადების დღეებს აღნიშნავს. „ფორტუნას“ ეთერში გასვლიდან 22 წელი შეუსრულდა, ხოლო „ავტორადიოს“ – 12.

ტრადიციისამებრ, 31 დეკემბერს, რადიოჰოლდინგმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი გრანდიოზული მიღებით აღნიშნა, რომლებსაც შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები და რადიოს მეგობრები დაესწრენ. ყველა მათგანს რადიოჰოლდინგთან საკუთარი მოგონებები აკავშირებს, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო და რა თქმა უნდა, ყველას თავისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა აქვს რადიოჰოლდინგის თითოეულ თანამშრომელთან…

დათო ხუჯაძე:

ჩემხელა ყოფილა „ფორტუნა“ (იცინის). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა, თავიდანვე მახსოვს „ფორტუნა“. იმ დროიდან მოყოლებული განუყრელები ვართ და ვფიქრობ, რომ შემდეგ წლებშიც ასე გაგრძელდება.

მინდა აღვნიშნო, რომ „ფორტუნამ“ ამ წარმატებას მიაღწია მუდმივი სიახლეების სიყვარულით. ახლაც, როცა მოვედი, დამხვდა „ფორტუნა პლუსის“ ახალი სტუდია. ვფიქრობ, რადიოჰოლდინგი კიდევ უფრო მეტად განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი სურვილია და საახალწლოდ სწორედ ამას ვუსურვებდი, სულ არსებობდეს, მუდამ აქტუალური იყოს და ასეთივე მეგობრული, როგორიც ახლა არის.

მიხეილ ცაგარელი:

12 წელია, რადიო „ფორტუნასთან“ ვთანამშომლობ. რადიოჰოლდინგის წარმატების მიზეზი მისი ზოდიაქოა, ის თხის რქაა, ასე ვთქვათ, რკინა-ბეტონი. წინა პლანზე აქვს წამოწეული შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა, ორგანიზება, პრაგმატიზმი. როცა თხის რქის ნიშნის ქვეშ იბადება ორგანიზაცია, მას ეს თვისებები დაჰყვება. ასეთ დროს დაფუძნებული კომპანია არის მდგრადი და მიზანსწრაფული, რაც მთავარია, პრაგმატული. ეს არის სწორედ „ფორტუნას“ წარმატების მიზეზი. მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, „ფორტუნა“ არის და კიდევ დიდხანს იქნება. მას ქმნიან ხელმძღვანელები და ჩვეულებრივი თანამშრომლები, რომლებიც პროფესიონალები არიან…

ხატია შამუგია:

ყველაზე მაგარი ის არის, რომ 22 წელი გავიდა რადიო „ფორტუნას“ დაარსებიდან და ზუსტად ერთი წლის იყო, როცა ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ამდენი წელია ერთად მოვდივართ. ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი დღეა. ეს არის ჩემი ოჯახის დაბადების დღე, სადაც გავიზარდე, დავიხვეწე… თუ დღეს საერთოდ რამეს წარმოვადგენ და ვინმემ ჩემი სახელი და გვარი იცის, ეს ნამდვილად რადიო „ფორტუნას“ დამსახურებაა. იმდენად სუბიექტური ვარ ხოლმე, როცა მესმის „ფორტუნა“, ვიცი, რომ ყველაფერი საუკეთესო იქნება. ლომური სიამაყით ვიტყვი, რომ 22 წლის განმავლობაში რადიო „ფორტუნა“ ყველა კორპორატიულზე მიწვევს და ვფიქრობ, ამას დამსახურება უნდა. ისე ვემზადები ახლაც კორპორატიულისთვის… ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ეს არის ის გარემო, სადაც ყოველთვის მომიხარია.

გიორგი პავლიაშვილი, მასტერი:

გამორიცხულია, „ფორტუნა“ არ მიყვარდეს. სულ გვერდით მიდგას ეს რადიოჰოლდინგი. „ფორტუნა პლუსზე“ გაჟღერდა ჩემი პირველი სიმღერა კაბუსა და ძვალთან ერთად. „ფორტუნა პლუსი“ გვერდით უდგას ქართულ ჰიპ-ჰოპს. ვუსურვებ წარმატებას. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ ეს ჰოლდინგი უმაღლეს ხარისხს დებს და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

გია ბაღაშვილი:

ვულოცავ რადიოჰოლდინგს ორი რადიოს დაბადების დღეს. რადიო „ფორტუნა“ არის გამორჩეული მოვლენა ქართულ მედიასივრცეში. ის უკავშირდება ქართულობასა და პროფესიონალიზმს. ეს ორი რამ იძლევა სწორედ სტაბილურ შედეგს, რომელიც 22-წლიან აღმავალ განვითარების გზაში გამოიხატა. ჩვენთვის, ჩვენი პროექტებისთვის, რადიო „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“ ძალიან ახლობელია. წლებია, ვთანამშრომლობ ნაყოფიერად. სულითა და გულით ვუსურვებ წარმატებას, გამორჩეული პროფესიონალიზმისა და ადამიანურობის მქონე კოლექტივს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს…

გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცა“:

ყოველთვის ვესწრებით 31 დეკემბრის ღონისძიებას. ჩვენ 21 წლის ვართ, რადიო „ფორტუნა“ 22 წლის გახდა. ვმეგობრობთ რადიოჰოლდინგთან. ვუსურვებთ წარმატებას მთელ საქართველოსთან ერთად. როცა ახალ სიმღერას ვწერთ, მუდამ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურებში ხდება პრემიერა და ეს ძალიან გვახარებს…

ღონისძიებაზე გაიჭრა ტორტი „ფორტუნას“ წარწერით, რა თქმა უნდა, ტრადიციულად „შვიდკაცას“, „ქართული ხმების“ და „თეატრალურის კვარტეტის“ წევრების მონაწილეობით. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალური სტუმარი გახლდათ ქეთი ფარესაშვილი, რომელმაც მსოფლიო და ქართული ჰიტები შეასრულა.

ქეთი ფარესაშვილი:

საოცრად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მართლა ძალიან მიყვარს „ფორტუნა“, ყველასთან ვმეგობრობ და ხანდახან ამ კომპანიის თანამშრომელი მგონია თავი. დღევანდელი დღე ისეთი დღესასწაულია ჩემთვის, რადგან აქ ვმღერი. ძალიან ვღელავ, როგორც ჩვეულებრივ კონცერტზე.

რადიო „ფორტუნა“ თავად წარმატებას უკავშირდება, მაგრამ მინდა, ყველანაირი სასიხარულო მოვლენა და სიყვარული ვუსურვო რადიოს თანამშრომლებს.

წლევანდელ წელი ჩვენთან საუბრისას შეაჯამეს რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ და „ფორტუნას“ მარკეტინგგის სამსახურის უფროსმა, მაია მაზანაშვილმა.

თამარ ჩიგოგიძე:

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოში ყველაზე პოპულარული რადიოსადგურების დაბადების დღეს. სწორედ 31 დეკემბერს 22 წლის წინ დაიწყო მაუწყებლობა ჩვენმა ფლაგმანმა რადიოსადგურმა  ,,ფორტუნამ“,  ხოლო 12 წლის წინ ჩვენმა კიდევ ერთმა წარმატებულმა რადიოსადგურმა ,,ავტორადიომ“.

31 დეკემბერს  ჩვენთან თავს იყრიან ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და ასეთ საზეიმო ვითარებაში და სახალისო განწყობით ვაცილებთ წელს.

პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთული წლის მიუხედავად, წლევანდელი წელი ნაყოფიერი იყო ჩვენი კომპანიისთვის. ჩავუშვით ინოვაციური ვებპლატფორმა fortuna.ge, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციითა და შიგთავსით.

დღევანდელი  მონაცემებით, fortuna.ge-ს უკვე ჰყავს 1 000 000 ვიზიტორი, რაც ძალიან გვახარებს და იმედს გვაძლევს, რომ მომავალი წელი იქნება უფრო წარმატებული ჩვენი კომპანიისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის!“

მაია მაზანაშვილი:

სარეკლამო ბაზრის 65%, ხოლო მსმენელთა კუთხით ბაზრის 54% გვიკავია სტაბილურად. ეს, რა თქმა უნდა, საამაყოა და დიდი შრომის შედეგია. წარმატება მენეჯმენტის დამსახურებაა არაჩვეულებრივ, პროფესიონალ გუნდთან ერთად. კომპანია კი ორიენტირებულია ინოვაციებზე. ლიდერებს უფრო მეტი მისია აკისრიათ. მთელი საერთაშორისო გამოცდილება, სკოლები, რაც კი არსებობს, ჩვენთვის ნაცნობია. ქალბატონი თამარ ჩიგოგიძე ყოველთვის ეზიარება სიახლეებს, რაც მსოფლიოში ხდება ჩვენს სფეროში. ვართ მსოფლიო რადიოს ასოციაციის წევრები. ვფიქრობ, სწორად მივდივართ, გვყავს კარგი გუნდი, რომლებთან ერთადაც მუშაობა ჩვენთვის საამაყოა და რაც მთავარია, ძალიან მეგობრულ გარემოში ვართ. ამდენი წელია, აქ ვმუშაობ, ყველას აქვს თვითგანვითარების საშუალება, შემოქმედებითი თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამშრომლებს „ფორტუნა აკადემია“ აძლევს საშუალებას, სხვა მსურველებთან ერთად, განათლება მიიღონ და განვითარდნენ… ჩვენ გვერდით დგანან დიდი მედიასაშუალებები, ბიზნესკომპანიები და სარეკლამო სააგენტოები. მადლობა მათ 22-წლიანი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია