შემიძლია თქვენთან ეთერში პირველად ვთქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს, რომელიც მოიცავს როგორც 5 ივლისს, ასევე, მანამდე არსებულ პერიოდს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, მოვლენების სრულ ანალიზს საზოგადოებას გარკვეული პერიოდის შემდეგ შესთავაზებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ 50-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, ეს აღძრავს კითხვის ნიშნებს.

“რამდენად არაფექტურად მოხდა აქციის მართვა, რამდენად არაფექტური იყო სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორ წახალისდა და რა შედეგები მოიტანა, ჩვენ ამის ანალიზს გავაკეთებთ.

ამავდროულად, ჩვენ სისხლის სამართლის საქმეებში ვართ ჩართული. ძირითადად, რაც ჩატარდა ჟურნალისტების გამოკითხვა, ზოგიერთ საქმესთან მიმართებაში გარკვეული მტკიცებულებები იყო მოპოვებული, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საქმესთან მიმართებაში გამოძიება ისეთი სწრაფი და ეფექტური არ არის, როგორც უნდა იყოს. ყველა ძალადობრივ ფაქტთან მიმართებაში, ჩვენ არ გვინახავს დაკავებულები.

ვნახეთ, მაგალითად, ლექსო ლაშქარავას საქმესთან მიმართებით და ისიც, ყველა არ არის იდეტიფიცირებული. ყველა ჟურნალისტთან მიმართებით ვერ ვნახეთ, რომ შესაბამისი პირები ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებული და დაკავებულები, მაშინ როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კადრი ამ ძალადობის ამსახველი. გამოძიებას ყველა საქმესთან მიმართებით, ის მტკიცებულება რაც სჭირდებოდათ, რეალურად არ გამოუთხოვიათ”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მცდელობაც კი არ ყოფილა დამატებითი ძალების მობილიზება მომხდარიყო.

“შსს-მ უბრალოდ ვერ მოახდინა პოლიციელების იმ მასშტაბის მობილიზება, რომელიც საჭირო იყო. ეს ყველაფერი გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. რამდენიმე საათი ვერ იღებდა შსს ინფორმაციას? უბრალოდ, იქ იყვნენ გასული პოლიციელები, რომელთაც არავითარი ეკიპირება არ ჰქონდათ.

სხვა შემთხვევაში, მაგალითად, 20 ივნისის აქციაზე ჩვენ ვხედავდით კარგად ეკიპირებულ, მათ შორის სპეციალური საშუალებით აღჭურვილი პოლიციელები იყვნენ და აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. იქ 342 პირი იყო დაკავებული.

აქ სურვილიც კი არ ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ. ამასაც მოხერხება სჭირდებოდა, რომ ასეთ დონეზე არ დაორგანიზებულიყო ეს ყველაფერი”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები