LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად განტვირთავს ცალმხრივმოძრაობიანი პეკინის ქუჩა საცობებს

ახალი სანიაღვრე სისტემები, მოტკეპნილი და გასწორებული გზები, განახლებული ზებრა გადასასვლელები, დამატებული შუქნიშნები – ასე გამოიყურება თითქმის დასრულებული პეკინის ქუჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარკვეული ცვლილებებიც მოჰყვა – პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ კუნძულზე დამატებულია ავტობუსის გაჩერება და შუქნიშანი. ასევე, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.

 

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება.

თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ, როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილი და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა. უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე, სამანქანო ნაწილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის, განცადებით,  პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

 

სიახლეებია მოძრაობის კუთხითაც: ავტომობილებისთვის პეკინის გამზირი ცალმხრივი გახდება. ორმხრივად გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის, რისთვისაც სპეციალური ბასლაინები დაიხაზება. გამზირზე მოეწყობა ორმხრივი ველობილიკები. გარემო ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვისაც:

“8 სექტემბერს უკვე დასრულდა საგზაო ნაწილი და გაიხსნა მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ამ სამი თვის განმავლობაში. ახლა უკვე დასრულებისკენ მიდის ტროტუარები და მისი კეთილმოწყობა. ასევე, მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი, შშმ პირების პანდუსები და ამის შემდგომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და გამწვანების სამსახური უკვე გააგრძელებს თავის სამუშოებს,  – ამბობს კუბლაშვილი.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, პეკინის ქუჩის გაცალხმრივების მოძრაობის გადაწყვეტილება მერიაში დაკვირვებისა და მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. კუბლაშვილის თქმით, ეს ჯერჯერობით იქნება ტესტრეჟიმში და, თუკი ეს მეთოდი გაამართლებს, მხოლოდ ამის შემდეგ დარჩება ქუჩა ცალმხრივი.

განსხვავებული პოზიციები აქვთ პეკინის ქუჩის მცხოვრებლებს:

ჯერჯერობით განახლებული პეკინის ქუჩა არ მომწონს, აქ ვცხოვრობ და თავად შევესწარი სარეაბილიტაციო სამუშაოებს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. არ მომწონს, ქუჩა ცალმხრივი რომ გახდა იმიტომ, რომ სამსახურიდან რომ მოვდივარ, ცოტა დიდი მარშრუტით მიწევს სიარული. ორმხრივ მოძრაობიანი პეკინი ადრე უფრო შემაწუხებელი იყო, უფრო დიდი საცობები იყო, მაგრამ სიარულის მხრივ ის ჯობდა იმიტომ, რომ ცოტა მოშორებით გვიწევს მგზავრებს სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლა. მე მგონია, რომ აქ კი განიტვირთება მოძრაობა, მაგრამ სხვა ქუჩებზე მეტად გადაიტვირთება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საცობების განტვირთვაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია, თუმცა გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შესაძლებელია:

„როცა დასრულდება მთლიანად პეკინის რეაბილიცატია, მაშინ მივხვდებით, იქნება საცობები თუ არა. მე მაინც მგონია, რომ ასე მოძრაობა ვერ განიტვირთება,“ – აღნიშნავს ფეხით მოსიარულე.

მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილის თქმით, ზაფხულში მიმდინარე სამუშაოებმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებისგან გამოწვეული მტვერის გამო, მცირეწლოვანი შვილების ქუჩაში გამოყვანას და გასეინებას ვერ ახერხებდნენ. პეკინის მცხოვრებლების თქმით, მიცკევიჩი-პეკინის კვეთაზე დამონტაჟებული ახალი გაჩერება და შუქნიშანი მათთვის ძალიან საჭიროა.

განახლებული პეკინის ქუჩა ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება.


თათია კაკიაშვილი

ფოტო: დათუნა აგასი