რა არის წარმატება? რამდენად რთულია გზა წარმატებამდე – ამ თემებზე “ფორტუნა აკადემიას” საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესაუბრა.

ნინო ზამბახიძე:

“ჩემთვის სიტყვა წარმატება რეალიზებული ადამიანს ნიშნავს. არსებობს სტერეოტიპი, რომ ადამიანის წარმატება უკავშირდება მის ფინანსურ მდგომარეობას, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ჩემთვის ფინანსური მდგომარეობა არ არის წარმატების განმსაზღვრელი. წარმატება ასოცირდება იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა დაეხმაროს სხვებს და სხვების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. იმ ეკოსისტემაში, სადაც ადამიანი ცხოვრობს და საქმიანობს, თუ მის ირგვლივ მცხოვრები ადამიანები არ იმყოფებიან კარგ გარემოში და არ არიან შეძლებისდაგვარად ბედნიერები, ის ვერ ჩაითლება წარმატებულად.

ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. იყო პერიოდი, როდესაც ვთვლიდი, რომ ვიყავი წარუმატებელი. ჩემი ბიზნესის წარუმატებლობა ჩემზე არასდროს არ იყო დამოკიდებული. წარუმატებლობის მიზეზი არც არასწორი მენეჯმენტი იყო და არც ის, რომ რამეს თავი ვერ გავართვი. მიზეზი ის ეკოსისტემა და გარემო იყო, რამაც წარუმატებელი გამხადა. თუმცა ჩემს რეალობაში ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი იყო საშუალება იმის, რომ მიმეღო გამოცდილება, მესწავლა ჩემს შეცდომაზე. შესაბამისად ვთვლი, რომ ყოველ წარუმატებლობას ახლავს გზა წარმატებისკენ.

მე სამჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან ბიზნესის ნაწილში. თუმცა მიმაჩნია, თუ თავი დამარცხებულად აღიარე, მაშინ არასოდეს არაფერი არ გამოვა. ფარ-ხმალის დაყრის შედეგად გამოდის, რომ არარეალიზებული, წარუმატებელი ადამიანი ხარ, რომელსაც არ შესწევს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, თავიდან დაიწყოს საქმიანობა. ვფიქრობ, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა დანებდეს. ერთადერთი რასაც ვერ შველი, ეს არის გარდაცვალება. სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის არის გამოსავალი და გამოსავალი არის შენს თავში და არა სხვაში.

მსგავსი თემები