LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად უნდა გამკაცრდეს კონტროლი საქართველოს საზღვრებზე

22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, თითქმის, 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, საღამოს საათებში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 3 ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულს ბრალიც წაუყენეს.

„პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ცხადია, ცალკე საკითხია, საიდან აღმოჩნდნენ ეჭვმიტანილები საქართველოში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებები ყვებიან, ის ბინა, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ, არაქართველ პირს ეკუთვნოდა, რომელიც ბინაში ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ეჭვმიტანილებიც ამ პირის სტუმრები იყვნენ. საუბარია, ასევე, ერთ-ერთ ლიკვიდირებულ პირზეც, რომელიც, გავრცელებული ვარაუდების მიხედვით, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყოს. სწორედ ამ უკანასკნელთან ასოცირდება სტამბოლის  ტერაქტი.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, „ფორტუნა“ შსს-ს დაუკავშირდა კითხვით, რამდენად გამკაცრებულია სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლი. უწყებაში განმარტეს, რომ, როგორც საბაჟო-გამშვებ, ასევე სარკინიგზო საზღვარზე კონტროლი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და არანაირი განსაკუთრებული ზომები მიღებული არ არის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, კოტე იოსელიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს და ამბობს, რომ შსს კრიტიკულ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირებისათვის მზად არ არის.

„ეს თავისთავად გამოწვეულია იქიდან, რომ შსს-ს ხელმძღვანელობა არ ზრუნავს,  როგორც საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე იმ ადამიანებისაზე, რომლებიც ზოგადი პოლიტიკის შემუშავებისათვის არის დაქირავებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, თუკი ეს მიზანმიმართულად ხდება, მაშინ ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი და, თუკი ეს ხდება შსს-ს ხელმძღვანელობის უვიცობით, შედეგი რეალურად არ იცვლება და მაინც მავნებლობად რჩება,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

 

იოსელიანის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საზღვრის დაცვის ზომები არ იქნა გამკაცრებული ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ შსს-ს ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობას არა აქვს გათვითცნობიერებული საფრთხის რეალური მასშტაბი.

იოსელიანი 22 ნოემბერს მომხდარს რუსეთს და ამ ქვეყნის პოლიტიკას უკავშირებს.

„ეს შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ინტერესებში, იმ სახელმწიფოს ინტერესებში, რომელიც ძალიან მტრულად არის განწყობილი. არც საქართველოს ინტერესში არ შედის, რომ იყოს სუსტი სამართალდამცავი სისტემა, არც ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის ინტერესსი არ შედის, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული და კვალიფიციურები, ეს შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესში. სამწუხაროდ, მე ვხედავ ძალიან დიდ როლს ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ჯგუფებისა იმაში, რომ ჩვენი ძალოვანი სისტემა ასეთი დაბალი დონისაა. ეს არ არის უვიცობით გამოწვეული, ეს არის უვიცობის და მიზანმიმართული ნგრევის სინთეზი,“ – აღნიშნა იოსელიანმა.

 

საზღვრის გამკაცრებულ კონტროლთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს. მისი თქმით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამკაცრება შეუძლებელია.

„საკონტროლო გამშვებ პუნტებზე ყველა ადამიანი კონტროლდება და მოწმდება. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, რომელთაც საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ქვეყნის შიგნით ან გარეთ შემომსვლელ-გამსვლელ პირებზე კონტროლი ისედაც არსებობს და მისი უფრო გამკაცრება უბრალოდ წარმოუდგენელია. კონტროლი შეიძლება, გამკაცრდეს ე.წ. „მწვანე საზღვარზე“ – ეს არის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს შორის არსებული საზღვარი, რომელსაც უკვე მესაზღვრეები აკონტროლებენ, ეს შეიძლება, ზღვის სანაპიროც იყოს, მთებიც… კონტროლი არსებობს იმისთვის, რომ ხალხი არალეგალურად არ შემოვიდეს და გავიდეს,“ აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ნიკა ჩიტაძე, ამბობს, რომ არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეჭვმიტანილები რუსეთთან კავშირში იყვნენ. ჩიტაძე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით, საფრთხის ქვეშაა.

 

თათია კაკიაშვილი