LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი წევრიც უნდა დააშინონ, გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, რომ “ქართული ოცნების” მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს: მეზვრიშვილი

100
ნათია მეზვრიშვილი

პარტიაში “საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დევნა, ზეწოლა და მუქარა განაახლა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

მეზვრიშვილის განცხადებით, მმართველი ძალა ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით აგრძელებს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტია “საქართველოსთვის” გაჩერდება და გააგრძელებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, რათა “ქართული ოცნების” მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს:

“ქართულმა ოცნებამ” განაახლა პარტია “საქართველოსთვის” წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით: მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა.

როგორც ჩანს, “ოცნება” ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია “საქართველოსთვის” გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ უკავშირდება “ოცნების” ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებას, მით უმეტეს, ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში.

როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ “ოცნებაში” გამოიწვია შიში და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე (ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე) თავდასხმით დაიწყო.

20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის და ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც ინფორმაცია გამოძიებას ჩვენმა თანაპარტიელმა მიაწოდა.

“ქართული ოცნება” აგრძელებს ზეწოლას, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით.

რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულიც “ოცნების” ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა.

ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს და ვისი მისამართით ახორციელებენ ამ ყველაფერს, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ “ქართული ოცნების” მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ ამ პროცესებს თანმიმდევრობით გავაგრძელებთ”, – თქვა მეზვრიშვილმა.

პარტიის წევრები ასევე მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, “საქართველოსთვის” წევრზე, მალხაზ თორიაზე თავდასხმის კადრები გაასაჯაროონ და ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი აკაკი ბართაია გაათავისუფლონ:

“ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი. რა თქმა უნდა, ასეთი, მეთოდებით მართვის პირობებში, ცვლილებები გარდაუვალია. მანამდე კი, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან: შეწყვიტეთ უკანონობა. გაასაჯაროვეთ მალხაზ თორიაზე თავდასხმის გამოძიების მასალები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ძალოვანი უწყებები აღნიშნულ ფაქტს განზრახ მალავენ.

გაათავისუფლეთ უკანონო პატიმრობიდან აკაკი ბართაია და სათანადო რეაგირება მოახდინეთ ყველა დანაშაულზე. გაბედეთ და დაგვისხედით დებატებში, მოქალაქეთა პრობლემებზე და ქვეყანაში თქვენ მიერ შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ. თუნდაც, იმ ბრალდებებზე გაბედულად სასაუბროდ, რომელსაც დამალულები აჟღერებთ”, – თქვა მეზვრიშვილმა.

იარაღის მუქარით ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა მოხდა: ოპოზიციონერი დეპუტატი

შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კამერების მიზანმიმართულ განადგურებას – ახალი დეტალები “საქართველოსთვის” წევრის თავდასხმაზე