LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – 2021 წლის მაისის ყველაზე ხმაურიანი პრემიერები

391
page

ახალი თვის დაწყებასთან ერთად კინომანები მოუთმენლად უყურებენ აფიშას, რომელიც მათ არაერთ ახალ და საინტერესო ფილმს ჰპირდება. და მაინც, რომელ ფილმებს ელის ყველაზე მეტი ადამიანი? წლევანდელი მაისი კინომოყვარულებისათვის ნამდვილად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება…

„წყლის კაცი / The Water Man

პრემიერა: 7 მაისი

დრამატული ისტორია ახალგაზრდა კაცის, გარენის შესახებ, რომელიც მითიური არსების, წყლის კაცის დახმარებით ავადმყოფი დედის გადარჩენას გადაწყვეტს. წყლის კაცი ხომ უკვდავების საიდუმლოს მფლობელია… გარენი იდუმალ გოგონასთან, ჯოსთან ერთად წყლის კაცის მოსაძებნად შორეულ ველურ ტყეში მიემგზავრება, სადაც საშიში და საინტერესო თავგადასავლები ელის…

სპირალი : ხერხის მემკვიდრეობა“ / Spiral: From the Book of Saw

პრემიერა: 14 მაისი

ლეგენდარული საშინელებათა ფრენშაიზის მეცხრე ფილმი, რომლის მთავარი გმირიც პოლიციის დეტექტივი ეზეკიელ “ზიკ” ბენკსია. ზიკი ჩვეულებრივი პოლიციელია, რომელიც  მთელი ცხოვრება მამამისის, ცნობილი ვეტერანი დეტექტივის ჩრდილქვეშ ცხოვრობს. თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ზიკს და მის მეწყვილეს, უილიამ შენკს სასტიკი მკვლელობების სერიის გამოძიებას დაავალებენ…

„ჯინი“ / The Djinn

პრემიერა: 14 მაისი

საშინელებათა თრილერის სიუჟეტის ცენტრში  თორმეტი წლის მუნჯი ბიჭი, დილან ჯეიკობია,  რომელიც მამასთან ერთად ახალ ბინაში გადადის. დილანის ცხოვრება მთლიანად იცვლება მას შემდეგ, რაც ბიჭუნა ახალ ბინაში იდუმალ შელოცვების წიგნს იპოვის და ბოროტ ჯინს გააღვიძებს…

„შენს ძებნაში“ / Finding You

პრემიერა: 14 მაისი

რომანტიკული დრამა 2011 წლის ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა, რომლის მთავარი გმირებიც ახალგაზრდა მევიოლინე გოგონა, ფინლი სინკლერი და კინოვარსკვლავი ბეკეტ რაში არიან. ახალგაზრდა გმირები ერთმანეთს ირლანდიაში ხვდებიან და მალევე მათ შორის მგზნებარე რომანი იწყება…

„ისინი, ვისაც ჩემი სიკვდილი სურს“ / Those Who Wish Me Dead

პრემიერა: 14 მაისი

მძაფრსიუჟეტიანი ნეო-ვესტერნის სიუჟეტი მონტანას შტატში ვითარდება და 12 წლის ბიჭის, კონორ კასერლის ამბავს მოგვითხრობს. კონორი ტყეში ყოფნისას შემთხვევით მამამისის მკვლელობის მოწმე ხდება, რის შემდეგაც მკვლელებისაგან გაქცევა და დამალვა უწევს. ბიჭუნას თავიდან მოსაშორებლად მკვლელები ტყეში უზარმაზარ ხანძარს აჩენენ…

„მკვდრების არმია“ / Army of the Dead

პრემიერა: 21 მაისი

ზაკ სნაიდერის პოსტ-აპოკალიპტური თრილერი ზომბი-აპოკალიფსზე მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად ნევადას უდაბნოში მდებარე საიდუმლო სამხედრო ბაზა “ზონა 51”-ში იწყება და ნელ-ნელა შტატის ტერიტორიაზე ვრცელდება. ფილმის მთავარი გმირები ლას- ვეგასში წასვლას და ადგილობრივი კაზინოების გაძარცვას გეგმავენ, თუმცა ეს ყველაზე უჩვეულო ძარცვა იქნება, რადგან ლას-ვეგასი ზომბებითაა სავსე…

 „ჩუმი ადგილი 2 / A Quiet Place Part II

პრემიერა: 28 მაისი

2018 წლის ცნობილი ჰორორის “ჩუმი ადგილის“ სიქველი ეველინ ებოტის და მისი შვილების თავგადასავლის გაგრძელებაა. მას შემდეგ, რაც მეუღლეს კარგავს, ეველინს შვილებთან ერთად  საცხოვრებლის დატოვება და სახიფათო მოგზაურობის დაწყება უწევს, თუმცა ხმაურზე მონადირე მონსტრები ერთადერთ საფრთხეს სულაც არ წარმოადგენენ…

„კრუელა დე ვილი“ / Cruella (Cruella de Vil)

პრემიერა: 28 მაისი

ფულმის სიუჟეტი 1970-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, ესტელას შესახებ, რომელიც ხულიგნებთან ერთად ლონდონის ქუჩებში ცხოვრობს. მაყურებელი ბოლოს და ბოლოს გაიგებს, თუ რატომ სძულს  ესტელას დალმატინელები და როგორ გადაიქცა იგი კრუელა დე ვილად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები