LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ნოემბრის საუკეთესო სერიალები

3740
tvseries435

ნოემბერში სერიალების მოყვარულებს არაერთი საინტერესო ტელეშოუ ელით, როგორც ნაცნობი და საყვარელი სერიალების ახალი სეზონები, ასევე ახალი სერიალები და დასრულებული შოუების სიქველები. მაინც, რას ვუყუროთ ნოემბერში?

„დექსტერი: ახალი სისხლი“ / Dexter: New Blood

პრემიერა: 7 ნოემბერი

საკულტო სერიალ ,,დექსტერის” გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ორიგინალი სერიალის ფინალიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ  ვითარდება. დექსტერ მორგანი ნიუ-იორკის შტატის გამოგონილ პატარა ქალაქ აირონ-ლეიკში ცხოვრობს,  სადაც მას ჯიმი ლინდსეის სახელით იცნობენ. მას სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ქალაქის პოლიციის უფროსთან, ანჯელა ბიშოპთან და ცდილობს დაივიწყოს, ვინ არის სინამდვილეში. თუმცა დექსტერმა იცის, რომ მასში მცხოვრებმა სერიულმა მკვლელმა შეიძლება ნებისმიერ დროს გაიღვიძოს.

„მეზობელი ფსიქიატრი“/ The Shrink Next Door

პრემეირა: 12 ნოემბერი

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული შავი კომედია ფსიქიატრ აიზეკ ჰერშკოპფის და მისი დიდი ხნის პაციენტის, მარტინ მარკოვიცის უცნაური ურთიერთობის შესახებ, რომელიც სრულიად თავდაყირა აყენებს გმირების ცხოვრებას…

„ყვითელჟაკეტიანები“ / Yellowjackets

პრემიერა: 14 ნოემბერი

ფსიქოლოგიური დრამა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ფეხბურთელ გოგონათა გუნდის წევრებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენისათვის ბრძოლა უწევთ. 25 წლის შემდეგ  გადარჩენილ ქალებს მოუწევთ პასუხისმგებლობა აიღონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მაშინ მიიღეს…

„კინგსტაუნის მერი“ / Mayor of Kingstown

პრემიერა: 14 ნოემბერი

მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ კინგსტაუნში მაკლასკები ყველაზე გავლენიანი ოჯახია. ბუნებრივია, რომ ქალაქში, სადაც ფულის გამომუშავების ერთადერთი გზა ადგილობრივი ციხეებია,  ყველაზე ძლიერი და მდიდარი ოჯახი მჭიდროდ არის დაკავშირებული ციხეებთან, კორუფციასთან, უთანასწორობასთან და სისტემურ რასიზმთან. გასაკვირი არ არის, რომ კინგსტაუნის მერიც ერთ-ერთი მაკლასია…

„დროის ბორბალი“ / The Wheel of Time

პრემიერა: 19 ნოემბერი

რობერტ ჯორდანის ამავე სახელწოდების ეპიკური ფენტეზური-რომანების ციკლის ეკრანიზაციას ზოგი კინომოყვარული ელის, როგორც „ახალ სამეფო კარის თამაშებს“. სერიალის სიუჟეტის ცენტრში მაგიური ძალებით დაჯილდოებული ქალი, მოირაინ დამოდრედია, რომელიც სოფელ ემონდში სპეციალური მისიით იგზავნება – მან კვლავშობილი დრაკონი ბოროტი ძალის მსახურებზე ადრე უნდა იპოვოს და კაცობრიობა გადაარჩინოს.

„ქორისთვალა“  / Hawkeye

პრემეირა: 24 ნოემბერი

„შურისმაძიებლების“ ორიგინალი ექვსეულის წევრის, ქორისთვალას შესახებ გადაღებულ სერიალში მოქმედება 2019 წლის ფილმში “შურისმაძიებლები 4: თამაშის დასასრული” ასახული მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. პენსიაზე გასვლის შემდეგ კლინტ ბარტონი თავისი მოსწავლის, ქეით ბიშოპის მომზადებას იწყებს…