LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ოქტომბრის კინოპრემიერები

6648
FORTUNA. GE

ოქტომბერი კინომოყვარულებისათვის ნამდვილად საინტერესო თვეა, მით უმეტეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებისათვის, თუმცა გულდაწყვეტილი არც სხვა ჟანრების მოყვარულები დარჩებიან. მაშ ასე – რას ვუყუროთ ოქტომბერში? დროა, თვალი გადავავლოთ თვის კინოაფიშას.

“ნიუარკელი წმინდანები” / The Many Saints of Newark

პრემიერა: 1 ოქტომბერი

საკულტო სერიალ “სოპრანოს კლანის”სრულმეტრაჟიანი პრიქველი, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრები ტონი სოპრანოს განგსტერად ქცევის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. მოვლენები 1960-იან წლებში, ნიუარკში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ტონი სოპრანო კრიმინალურ გზას ადგება. 1967 წლის ცნობილ მასობრივ არეულობაში, სადაც იტალიური კლანი კონკურენტ აფროამერიკელებს უპირისპირდება, სოპრანოც აღმოჩნდება ჩართული, რაც მისი ცხოვრების ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტად იქცევა.აღსანიშნავია, რომ ფილმში ტონი სოპრანოს როლს აწ გარდაცვლილი ჯეიმზ განდოლფინის ვაჟი, მაიკლ განდოლფინი ასრულებს.

 “ტიტანი” / Titane

 პრემიერა: 1 ოქტომბერი

კანის ფესტივალის ტრიუმფატორი საშინელებათა ჟანრის ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც აეროპორტში მესაზღვრეები აკავებენ. იგი ამტკიცებს, რომ ედრიან ლეგრანია, ათი წლის წინ გაუჩინარებული ბიჭუნა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭუნას მამა, ვინსენტი შვილის ძებნას არ წყვეტდა და ბუნებრივია, მისი გამოჩენით უზომოდ გახარებულია. თუმცა ედრიანის სახლში დაბრუნებიდან მოკლე ხანშივე რეგიონში შემზარავი მკვლელობები იწყება…

ვენომი” 2: “ქარნეიჯი / Venom: Let There Be Carnage

პრემიერა: 1 ოქტომბერი

ფილმი კომიქსების ერთ-ერთი პოპულარული ანტიგმირის, ვენომის შესახებ 2018 წელს გადაღებული ფილმის სიქველია და მისი მთავარი გმირი კვლავ უბრალო ჟურნალისტი, ედი ბროკია (ტომ ჰარდი). მას შემდეგ, რაც ედის სხეულს მასპინძლად უცხოპლანეტელი სიმბიოტი, ვენომი აირჩევს, ახალგაზრდა ჟურნალისტს არსებულ რეალობასთან შეგუება უჭირს, თუმცა მას ეგზისტენციალური კრიზისის დრო აღარ რჩება, რადგან ქალაქში მეორე, ძალიან ძლიერი სიმბიოტი, ქარნეიჯი ჩნდება, რომლის “მასპინძელიც” ბნელი წარსულის მქონე ფსიქოპათი, სადისტი და სასტიკი სერიული მკვლელი კლეტუს კესიდია (ვუდი ჰარელსონი). ვენომმა თავისზე ძლიერ მეტოქეს ქალაქში მასშტაბური ხოცვა-ჟლეტის მოწყობაში ხელი უნდა შეუშალოს…

“სიკვდილის დრო არ არის” (ბონდი 25) / No Time to Die (Bond 25)

 პრემიერა: 8 ოქტომბერი

ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ლეგენდარულმა აგენტმა, ჯეიმს ბონდმა სამსახური დატოვა და სიმშვიდე იამაიკაზე იპოვა, სადაც ის პრობლემებისგან და მსოფლიოს გადარჩენისგან შორს სამოქალაქო ცხოვრებით ტკბება. თუმცა ცხადია, ბონდის სიმშვიდე დიდხანს არ გასტანს – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან ძველი მეგობრის, ფელიქს ლიტერის მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ აგენტ 007-ს წარსული თავს შეახსენებს. იგი იძულებული ხდება კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის, რადგან მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას…

“ბერგმანის კუნძული” / Bergman Island

 პრემიერა: 15 ოქტომბერი

ფილმი ორი ამერიკელი რეჟისორის, კრისის და ტონის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შვილთან ერთად შვედეთში მდებარე კუნძულზე მიემგზავრებიან, სადაც ინგმარ ბერგმანი ცხოვრობდა და თავისი ყველაზე ცნობილი ფილმი გადაიღო. გმირებს მიაჩნიათ, რომ ამ ველურ და თვალწარმტაც ადგილას თავიანთი მომავალი ფილმებისთვის შთაგონების წყაროს იპოვიან. თუმცა ამის ნაცვლად, მათ ურთიერთობაში არსებული კრიზისი ნელ-ნელა უფრო ღრმავდება და ორივე იმაზე ფიქრს იწყებს, თუ რა სურთ სინამდვილეში…

“უკანასკნელი დუელი” / The Last Duel

პრემიერა: 15 ოქტომბერი

ერიკ ჯაგერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ნამდვილი ამბავი დანაშაულის, სკანდალის და შუა საუკუნეების საფრანგეთში გამართული სასამართლო პროცესის შესახებ მოგვითხრობს. ომიდან დაბრუნებული ნორმანდიელი რაინდი, ჟან დე კარუჟი გაიგებს, რომ მისმა კონკურენტმა ჟაკ ლე გრისმა მისი ცოლი მარგარიტა გააუპატიურა. მიუხედავად ამისა, მარგარიტას არავინ უჯერებს, რადგან ის ქალია. ამიტომ დე კარუჟი დახმარებისთვის პირდაპირ საფრანგეთის მეფე კარლ VI-ს მიმართავს, რომელიც გადაწყვეტს, რომ კონფლიქტი სამართლიან ბრძოლაში უნდა მოგვარდეს. თუ მისი ქმარი დუელს წააგებს, მარგარიტას ცრუ ბრალდებების გამო კოცონზე დაწვავენ…

„დიუნი“ / Dune

პრემიერა: 22 ოქტომბერი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების ეკრანიზაცია ახალგაზრდა არისტოკრატის, პოლ ატრეიდესის (ტიმოთე შალამე) შესახებ, რომელიც გალაქტიკაში  ყველაზე საშიშ პლანეტა არაკისზე მიდის, რათა თავისი ოჯახის და ხალხის მომავალი  უზრუნველყოს. პლანეტაზე უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, რომელიც ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისათვის აუცილებელია. ატრეიდესი და მისი ოჯახი იმპერატორის ბრძანებით პლანეტის მართვის  უფლებას მიიღებენ, მაგრამ მალე ჰარკონენების ჯარების მიერ თავდასხმის შედეგად თითქმის ყველა იღუპება. გადარჩენას მხოლოდ პოლი და დედამისი შეძლებენ, რომლებიც უდაბნოში იმალებიან და იქ უდაბნოს ხალხს – ფრემენებს ხვდებიან. ფრემენები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა გმირი რჩეულია და მას იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ჰპირდებიან, თუმცა ეს გრძელი, სახიფათო გზის მხოლოდ დასაწყისია…

“მიმიკრია” / Passing

 პრემიერა: 27 ოქტომბერი

ნელა ლარსენის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1920-იან წლებში ნიუ-იორკში ვითარდება. ირენ რედფილდი, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი დახვეწილი ქალბატონი ერთ დღეს სასტუმროს ფოიეში შემთხვევით ხვდება თავის ბავშვობის მეგობარს და კლასელს, კლერ კენდრის. ეს შეხვედრა იწვევს მოვლენათა ჯაჭვს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ორივე ქალის ცხოვრება, რადგან მიუხედავად მათი საერთო აფროამერიკული წარმოშობისა, ირენსა და კლერს შორის არსებული სოციალური და რასობრივი  უფსკრული უფრო და უფრო ღრმავდება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები