LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ შვილებთან ერთად საშობაო არდადეგებზე?

1194
animation-news2345

ადამიანების უდიდესი ნაწილისათვის საშობაო არდადეგები წლის ყველაზე ჯადოსნური და საუკეთესო დროა, რომელსაც ისინი ოჯახთან ერთად ატარებენ. ბევრისათვის საშობაო არდადეგები წარმოუდგენელია საშობაო ფილმების და მულტფილმების გარეშე, რომელთაგან ნაწილი უკვე კარგად ნაცნობი კლასიკაა, ნაწილი კი შესაძლოა, ჯერაც კინოთეატრებში გადის. თუ მშობელი ხართ და გაინტერესებთ, რას შეიძლება უყუროთ შვილებთან ერთად სადღესასწაულო დღეებში, ან თუ უბრალოდ მულტფილმები გიყვართ, მაშინ გირჩევთ, გაეცნოთ ამ ჩამონათვალს. 

 წითელცხვირა ირემი რუდოლფი” / Rudolph the Red-Nosed Reindeer (1998)

რობერტ ლუის მეის კლასიკური ისტორიის მორიგი ეკრანიზაცია მოგვითხრობს უცნაურ წითელცხვირა ირემ რუდოლფზე და მის თავგადასავლებზე.რუდოლფიც, ისევე როგორც სხვები, ოცნებობს გახდეს სანტას მარხილის ირემი. წითელცხვირა ირმის ამბავი განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უყვართ. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის მუტფილმის გარდა, არსებობს მისი 1964 წელს გამოშვებული ვარიანტიც.

„თოვლის კაცი ფროსტი“ / Frosty The Snowman (1969)

„წითელცხვირა რუდოლფის“ მსგავსად, ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უყვართ. „თოვლის კაცი ფროსტი“ კარგა ხანია, რაც საშობაო ანიმაციურ კლასიკად ითვლება. მულტფილმი მოგვითხრობს ბავშვების ჯგუფზე, რომელთა მიერ შექმნილი თოვლის კაციც მაგიის საშუალებით გაცოცხლდა. ბავშვები გადაწყვეტენ ფროსტისთან ერთად  ჩრდილოეთში გამგზავრებას, სადაც იგი არასოდეს დადნება.

„სიზმრების მცველები“ / Rise of The Guardians (2012)

2012 წლის ანიმაციაში დღესასწაულების მცველები: სანტა კლაუსი, აღდგომის კურდღელი, კბილის ფერია, ქვიშის კაცი და ჯეკ ფროსტი ბოროტების წინააღმდეგ ერთიანდებიან და საიდუმლოსაც გვიმხელენ – თითოეულ მათგანს იმხელა ძალა აქვს, რამდენადაც ბავშვებს მათი არსებობის სჯერათ… „სიზმრების მცველები“ ყველა ასაკის ბავშვების და ზრდასრული ადამიანებისათვის ძალიან კარგი არჩევანია.

„კოშმარი შობის წინ“ /  A Nightmare Before Christmas (1993)

ტიმ ბარტონის ანიმაციური ფილმი დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო ანიმაციის სტატუსს. მულტფილმი მოგვითხრობს ჰელოუინ – ქალაქზე, რომელიც მონსტრებით და სხვადასხვა დღესასწაულებთან ასოცირებული ზებუნებრივი არსებებითაა დასახლებული. ქალაქის მმართველი ჯეკ სკილინგტონი გადაწყვეტს, მოიტაცოს სანტა კლაუსი და თვითონ გადაწყვიტოს, თუ როგორი უნდა იყოს შობა. ჯეკი ბავშვებისთვის საშიში საჩუქრების გაგზავნას გეგმავს… „კოშმარი შობის წინ“ რეკომენდირებული არ არის 7 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, დანარჩენებს კი შეუძლიათ კიდევ ერთხელ ნახონ ყველასთვის საყვარელი კლასიკა.

„წვრილფეხა“ / Smallfoot (2018)

იეტების სოფელში, რომელიც ჰიმალაის მთებში, ღრუბლებს ზემოთ მდებარეობს, ადამიანების არსებობის არავის სჯერა. თუმცა როდესაც ახალგაზრდა თოვლის კაცი სახელად მიგო შემთხვევით ადამიანს, ანუ „წვრილფეხას“ გადაეყრება, ყველაფერი იცვლება. იეტების სოფლის უხუცესი მიგოს ტყუილის თქმის გამო სოფლიდან აძევებს, თუმცა ახალგაზრდა იეტი დანებებას არ გეგმავს. ის გადაწყვეტს გააკეთოს ის, რაც მანამდე არავის გაუკეთებია – ღრუბლებს ქვემოთ წვრილფეხას კვალს გაჰყვეს.

„მიკის საშობაო სიმღერა“ / Mickey Mouse Christmas Carol (1983)

ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნოველის ეკრანიზაცია, სადაც სკრუჯის როლში იხვი დონალდი გვევლინება,  მიკი მაუსი ბობ კრეტჩიტია, ხოლო გუფი – ჯეიკობ მარლი.ძუნწი და ბოროტი სკრუჯისათვის შობაც ერთი რიგითი დღეა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც შობის წინა ღამეს სკრუჯს თავისი გარდაცვლილი პარტნიორის, მარლის მოჩვენება გამოეცხადება… მიკის საშობაო სიმღერა ყველა თაობის მაყურებლისათვის საყვარელი ანიმაციაა, თუმცა იგი განსაკუთრებით ათ წლამდე ასაკის ბავშვებს უყვართ.

„ჩარლი ბრაუნის შობა“ / Charlie brown Christmas (1965)

ჩარლი ბრაუნი სხვა ბავშვებს არ ჰგავს. მას შობის დღესასწაულის მოახლოება სულაც არ ახარებს და სადღესასწაულო განწყობას არც ნაძვის ხე, საშობაო გირლანდები და სიმღერები სძენს. თავისი მეგობრის, ლუსის რჩევით ჩარლი საშობაო პროექტში ერთვება.

„სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური“ / Arthur Christmas (2011)

გგონიათ, სანტა კლაუსი მარტო ახერხებს საჩუქრების დარიგებას მსოფლიოს ყველა ბავშვისათვის მხოლოდ ერთ ღამეში? ეს ხომ წარმოუდგენელია და ასე არც არის. სანტას საჩუქრების დარიგებაში არაერთი დამხმარე ჰყავს, რომლებიც შობის ღამისათვის მთელი წელი ემზადებიან. „სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური“ გულგრილს არ დატოვებს საშობაო ანიამაციების არცერთ მოყვარულს, ასაკის მიუხედავად.

გრინჩი   / The Grinch (2018)

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა / How the Grinch Stole Christmas (1966)

კლასიკური საშობაო ნაწარმოების ბოლო მულტიპლიკაციური ეკრანიზაცია მაყურებელმა გასულ წელს იხილა. ისტორია გრინჩზე, უცნაურ არსებაზე, რომელსაც სძულს დღესასწაულები და მით უფრო, შობა. გრინჩი შობის მოპარვას გადაწყვეტს და გეგმასაც შეიმუშავებს… როგორც 1966 წლის ანიმაციური ფილმი, ასევე 2000 წლის ფილმი , რომელშიც გრინჩის როლში ჯიმ ქერი ვიხილეთ, დღემდე რჩება საშობაო კოლექციების საპატიო წევრებად მთელ მსოფლიოში.

„გაყინული / Frozen (2013)

გაყინული“ 2 /  Frozen 2 (2019)

არენდელის პრინცესა ანა თავისი უფროსი დის, დედოფალ ელზას საძებნელად მიემგზავრება, რომელსაც ბავშვობიდან აქვს უნარი, აკონტროლოს თოვლი და ყინული. მთებში მიმავალ გზაზე ანა კრისტოფს,მის ირემს, ჰანსს და ელზას შექმნილ თოვლის კაცს, ოლაფს დაუმეგობრდება. „გაყინულის“ მეორე ნაწილი, რომელშიც გმირების თავგადასავლები გრძელდება, ამ დროისათვის კინოთეატრებში გადის.

 „საშობაო სიმღერა“ / Christmas carol (2009)

ჩარლზ დიკენსის უკვდავი ნაწარმოების კიდევ ერთი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარი როლები ჯიმ ქერიმ და გარი ოლდმენმა შეასრულეს. გარდაცვლილი ყოფილი პარტნიორის, ჯეიკობ მარლის მოჩვენება, რომელიც ძუნწ სკრუჯს შობის წინა ღამეს ეცხადება, თავდაყირა აყენებს მის წარმოდგენებს ცხოვრებაზე, სიკეთესა და შობის სასწაულზე…

კლაუსი / Klaus (2019)

მიუხედავად იმისა, რომ ეკრანებზე არცთუ ისე დიდი ხანია გამოვიდა, „კლაუსმა“ იკვე მოასწრო ყველა ასაკის მაყურებელთა გულის დაპყრობა. ისტორია სიკეთესა და მეგობრობაზე, რომელიც სევდანარევ, მაგრამ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი თოჯინების შემქმნელ კლაუსს გაიცნობს, მათ დამეგობრებას კი საოცარი მოვლენები მოჰყვება. „კლაუსი“ არის ანიმაციური ფილმი მთელი ოჯახისათვის, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებელს მოეწონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები