ენჯელა ლი დაკვორთი მიიჩნევს, რომ IQ მაჩვენებელზე მაღლა ადამიანის შეუპოვრობა დგას. იგი წლების განმავლობაში ატარებდა კვლევებს, რომელთა შესახებაც TED-ზე შეკრებილ აუდიტორიას მოუყვა.
“27 წლის ვიყავი, მენეჯმენტის სფეროში ვმუშაობდი, თუმცა ძალიან მოთხოვნადი სამსახური მივატოვე იმისთვის, რომ დამეწყო მასწავლებლად მუშაობა. ნიუ-იორკის საჯარო სკოლებში მეშვიდე კლასელებს მათემატიკას ვასწავლიდი. როგორც ყველა მასწავლებელმა, მეც შევადგინე ტესტები. ვაძლევდი მათ საშინაო დავალებებს.

სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ IQ არ იყო ერთადერთი განსხვავება, საუკეთესო და ყველაზე სუსტ მოსწავლეებს შორის. ჩემს ყველაზე ძლიერ მოსწავლეებს არ ჰქონდათ მაღალი IQ მაჩვენებელი. ხოლო ბავშვებს, რომლებიც კლასში ყველაზე ჭკვიანები იყვნენ, არ ჰქონდათ კარგი შედეგები. ამ ფაქტმა დამაფიქრა. ვფიქრობ, სკოლასა და ცხოვრებაში წარმატება, უფრო მეტ რამეზეა დამოკიდებული, ვიდრე სწრაფად სწავლის უნარი.

მოგვიანებით გავხდი ფსიქოლოგიის მკვლევარი. დავიწყე ბავშვებისა და ზრდასრულების შესწავლა ყველა სახის რთულ სიტუაციებში. მთავარი კითხვა იყო: ვინ არის წარმატებული და რატომ? ჩვენ ვსწავლობდით ახალბედა მასწავლებელებს, რომლებიც რთულ უბნებში მუშაობდნენ, გვაინტერესებდა რომელი მასწავლებელი გააგრძელებდა იქ მუშაობას სასწავლო წლის ბოლომდე და ვინ უფრო კარგად იმუშავებდა სტუდენტების შედეგების გაუმჯობესებისთვის. ვმუშაობდით კერძო კომპანიებთან, გვაინტერესებდა, მათი გაყიდვების რომელი სპეციალისტი შეინარჩუნებდა სამსახურს და ვინ გამოიმუშავებდა ყველაზე მეტ ფულს. ყველა ამ ფაქტის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ წარმატებას განსაზღვრავდა არა სოციალური ინტელექტი, კარგი გარეგნობა ან IQ, არამედ შეუპოვრობა.

რა არის შეუპოვრობა? ეს არის გრძელვადიანი მიზნების მიღწევის წყურვილი და გამბედაობა, გამძლეობის უნარი. შეუპოვრობა ნიშნავს მომავალთან შერკინებას და გულმოდგინედ მუშაობას, რათა მომავალი რეალობად აქციო. რამდენიმე წლის წინ, შეუპოვრობის შესწავლა ჩიკაგოს საჯარო სკოლებში დავიწყე. საშუალო სკოლის მოსწავლეეებს ვთხოვე შეუპოვრობის თემაზე კითხვარები შეევსოთ. მაინტერესებდა წლის ბოლოს ვინ დაამთავრდებდა სკოლას. აღმოჩნდა, შეუპოვარი ბავშვები უფრო ხშირად ამთავრებდნენ სკოლას. მშობლები და მასწავლებელები შეუპოვრობის თემით ხშირად ინტერესედებიან. აინტერესებთ, როგორ უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა ეს უნარი. მათ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. თუმცა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ნიჭი არ გხდით შეუპოვარს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, უბრალოდ არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს, შეუპოვრები კი აღწევენ შედეგს.

ბავშვებში შეუპოვრობის ზრდასთან დაკავშირებით საუკეთესო მოსაზრება სტენფორდის უნივერსიტეტში ქეროლ დუეკმა ჩამოაყალიბა. მან აღნიშნა, რომ სწავლის უნარი არ არის შეუცვლელი, მისი შეცვლა ძალისხმევითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ბავშვები გაცილებით უფრო მტკიცედ აგრძელებენ მუშაობას მარცხის შემდეგ, რადგან მათ არ სჯერათ, რომ მარცხი მუდმივი მდგომარეობაა.

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი საუკეთესო იდეები, ძლიერი ინტუიცია და გამოვცადოთ ისინი. უნდა ვიყოთ მზად განვიცადოთ მარცხი, დავუშვათ შეცდომები, რათა დავიწყოთ ყველაფერი თავიდან მიღებული გაკვეთილებით. ჩვენ გვჭირდება ვიყოთ შეუპოვრები.

ტეგები: ფორტუნა აკადემია
მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები