2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება.

2018 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 83.0 პროცენტი შეადგინა.

შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 760.7 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 426.5 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლად. 2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7 პროცენტი), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4 პროცენტი). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9 პროცენტი) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9.0 პროცენტი).

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე – 312.2 ლარს უტოლდება.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 66.8 პროცენტი შეადგინა.

შინამეურნეობების შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 749.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად 415 მილიონ ლარს უტოლდებოდა. 2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

მსგავსი თემები