LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გვინდა რუსეთი

5401
norusiia_4

საქართველომ ერთხელაც გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ: არ გვინდა რუსეთი და ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის წევრობაა. დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა იბრძვის დამპყრობელს როგორმე დაუძვრეს და სამშვიდობოს გავიდეს, თუმცა ეს მარტივი არასოდეს ყოფილა და არც ახლაა. ბრძოლას კი აზრი ყოველთვის აქვს, მიუხედავად თანმდევი უარყოფითი და ხშირად ტრაგიკული შედეგებისა.

არსებობს კი „რუსეთი არ გვინდა“-ს ალტერნატივა? იქნებ რუსეთთან „საქმის მოგვარება“ იყოს გამოსავალი?

მშვიდობას, დალაგებულ ურთიერთობებს რა ჯობს, მაგრამ… მაგრამ ეს ხომ რუსეთია…

რუსეთი დღემდე გვაყვედრის რამდენი კარგი გაუკეთებია ჩვენთვის და ჩვენ კი უმადურად ვიქცევით. სამწუხაროდ, არ ახსოვთ, რომ…

 

ისტორიულად, როდესაც საქართველო რუსეთთან დახმარების თხოვნით მივიდა, დაპირების მიუხედავად, რუსეთი არანაირ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს.

თავის დროზე ეკატერინე II-მ ტოტლებენს პირდაპირ უბრძანა: ეომა „რუსული სულით და ქართული ხორცით“. ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II-სთვის და არც სოლომონ I-სთვის საშუალება სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.

1783 წლის 24 ივლისს რუსეთში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. საქართველოში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა, რუსეთი არ აპირებდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.

 

დროთა განმავლობაში კი ერთმანეთს მიყვა:

ქართლ-კახეთის ანექსია
იმერეთის ანექსია
გურიის ანექსია
სვანეთის ანექსია
აფხაზეთის ანექსია
სამეგრელოს ანექსია

 

დაიწყო

პოლიტიკური გამოსვლა კახეთში (1802)
აჯანყება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (1804)
აჯანყება გურიაში (1841)

ყველა სისხლში ჩაახშვეს.

და რუსეთმა დააგვირგვინა
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით (1811)

 

ქართული ეკლესიის დევნა დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგაც გაგრძელდა:
„დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, – ლენინი (1922).

 

ნუთუ რუსეთში არავის სმენია და არ ახსოვთ:

რუსული ოკუპაცია – 1921-1924 წლები

1921 წლის 25 თებერვალი
და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობა.

1956 წლის მარტი

1989 წლის 9 აპრილი

ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში

2008 წლის აგვისტო

 

და კიდევ რამდენი ჩაგვრა და დამცირება არ ჩამოგვიწერია…

 

ერთმორწმუნე მჩაგვრელებმა ვითომ სხვები მოგვაშორეს და თავად გახდნენ მოძალადეები და საქართველოს განადგურების მოსურნეები.

მერე იყო საბჭოთა რუსეთი და ვითომ სტაბილურობა, მაგრამ ამ მშვიდობის უკან იმალებოდა ის, რომ საბჭოეთში ჩაკარგული საქართველო ვერასოდეს ავლენდა თავის პოტენციალს ბოლომდე და დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩვენ რუსეთის ნაწილი ვიყავით (ესეც თუ იცოდნენ).

საბჭოთა პერიოდში ქართველი კაცი გადაეჩვია ნამდვილ შრომას. ყველაფერი აგებული იყო ტყუილზე, არაპროფესიონალიზმზე, მლიქვნელობაზე და ათას უბედურებაზე, რის შედეგსაც ჯერაც ვიმკით, რადგან საბჭოთა მემკვიდრეობა ჯერაც ფესვგადგმულია ჩვენში.

 

რუსეთი ისტორიულად და დღევანდელ დღესაც ჩამოყალიბდა როგორც არასანდო პარტნიორი (სხვათა შორის, არა მარტო საქართველოსთვის).

რუსეთს არ შესწევს კეთილმეზობლური ურთიერთობების უნარი.

საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი რჩება არაპროგრესულ ძალად.

რუსეთის ინტერესი და ძალისხმევა არ არის განვითარება და ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს.

რუსეთი ჩარჩენილია საბჭოთა კავშირის მენტალურ ტყვეობაში.

მოკლედ, რუსეთი არა მარტო ცუდი წარსულია, მომავალიც არ არის

აი რატომ არ გვინდა რუსეთი!

 

არადა, ამხელა უზარმაზარ ქვეყანას, რომელსაც აქვს წარმოუდგენელი ბუნებრივი და დიდი ფინანსური რესურსები, შეუძლია თავადაც მშვენივრად იცხოვროს და თავისი ინტერესები ცივილურად დაიცვას, მოიშოროს კომპლექსები და შეეშვას მილიტარისტულ „ძერჟავას“ თამაშს (მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იაპონიის მაგალითი ავიღოთ), იყოს მიმზიდველი გარშემო ქვეყნებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის და იქნებ ავტომატურად მიიღოს ის, რისკენაც მოძველებული და ძალისმიერი მეთოდებით მიილტვის. საქართველო ხომ ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა და დღესაც კი ყბადაღებულ რუს ტურისტებს კეთილად ვიღებთ ყოველგვარი აგრესიის გარეშე. რა უნდა საქართველოსთან მეგობრობას, მაგრამ… მაგრამ ეს ხომ რუსეთია..

და სანამ რუსეთი იქნება ასეთი, თავისუფლებისთვის ბრძოლის წიაღში ყოველთვის იშობიან ილია ჭავჭავაძე თუ ზვიად გამსახურდია, 9 აპრილის გმირები, აფხაზეთში საომრად წასული ბიჭები, 2008 წლის გმირები, ასეთი ახალგაზრდები (ახლა რომ ოკუპაციას აპროტესტებენ) და საქართველო სულ იქნება – შეიძლება დასახიჩრებული და წართმეული, მაგრამ ერთხელაც დადგება დრო და… რუსეთის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები