LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეიძლება მოჰიტოს დალევა და კონკრეტული ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღება გარუჯვისას – მაია რუხაძის რეკომენდაციები

133
რუჯი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია რუხაძე გვიზიარებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მზის ალერგია და რატომ არის მნიშვნელოვანი მზეზე ყოფნისას მზისგან დამცავი ხარისხიანი საშუალებების გამოყენება.

მაია რუხაძე:

მზის დამცავები მოწოდებულია ექვსი თვის ასაკიდან, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. რა არის მზის ალერგია? როდესაც ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა არასწორად, გაუკუღმართებულად პასუხობს მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას. მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს აბსოლუტურად ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, უფრო ხშირად 20-დან 50 წლამდე ასაკში. მზის ალერგიის განვითარების გარკვეული რისკჯგუფებიც არსებობს – ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას; ადამიანებს ღია ფერის კანითა და თმით; ალერგიული ადამიანები, ატოპიური კანით, კანის სიმშრალით, როდესაც კანის ბარიერული ფუნქცია დარღვეულია და და მზის სხივები ძალიან დამაზიანებლად მოქმედებს კანზე; ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტები, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით; ავტოიმუნური და ონკოლოგიური დაავადებებით. არის ისეთი პათოლოგიები, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად სულ უნდა ერიდოს მზის სხივებს.

გარკვეული მედიკამენტები ზრდის მზის ალერგიის რისკს და ეს მნიშვნელოვანი მომენტია. თუკი რუჯის მიღებას გადაწყვეტს, ადამიანი აუცილებლად უნდა გაფრთხილდეს, თუკი იყენებს კონტრაცეპტივებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს… მკურნალობის დროს მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ შეიძლება შეიქმნას ალერგიის რისკი.

დასვენებისას ადამიანებს უყვართ სხვადასხვა კოქტეილისა და ტკბილი სასმლის მიღება. განსაკუთრებულად საფრთხილოა ლაიმის შემცველი, ციტრუსების შემცველი კოქტეილების მიღება, როდესაც ირუჯებით. მაგალითად, მოჰიტოს მიღება ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის ზრდას იწვევს.

ყოველ წელს ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ გარუჯვის მიზნით არ წაისვან ლეღვის ნახარში. მას ასევე აქვს ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის გაზრდის თვისება.

,,განსაკუთრებით სახიფათო მცენარეებად ამბროზია და ავშანი ითვლება” – მაკა რუხაძე პოლინოზზე ანუ მცენარეების მტვერზე სეზონურ ალერგიულ რეაქციაზე გადაცემაში ,,პულსი”

როგორ უნდა ავარჩიოთ მზის დამცავი საშუალებები?

გათვალისწინებული უნდა იყოს კანის შეფერილობა – რაც უფრო ღიაა კანი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დამცავი ფაქტორი, მინიმუმ 30. თუკი ატოპიისკენ არის მიდრეკილი და ალერგიული კანი აქვს, მომხმარებელმა გარუჯვისას უნდა დაიწყოს 50-იანი ფილტრით და შემდეგ შეიძლება გრადაცია, შემცირება. ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ დამცავები სრულად იცავს გარუჯვისგან, რაც ასე არ არის. დამცავების მეშვეობით მავნე სხივების არიდება ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია შეფერილობის კანის დროს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მზის დამცავი იყოს მაღალი ხარისხის. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ მზისგან დამცავი არის წყალგამძლე და იცავს ლურჯი სხივებისგანაც. UVAB + ლურჯი სხივებისგან დაცვის უნარი – სწორედ ამას უნდა დააკვირდეთ მზის დამცავის შეძენისას.

მზისგან დამცავი უნდა გადაისვათ ორ საათში ერთხელ – ეს განახლება აუცილებელია და მზეზე გასვლამდე ოცი წუთით ადრე უნდა დაიტანოთ კანზე.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ ექსკურსიაზე წასვლას ვაპირებთ – მაკა რუხაძე მოულოდნელი ალერგიული რეაქციების შესახებ

როგორ შეიძლება გამოვლინდეს მზის ალერგია?

უამრავი სხვადასხვა ტიპის გამოვლინება აქვს – შეიძლება კანი მხოლოდ გაწითლდეს, შეიძლება მოჰყვეს ქავილი, ჭინჭრის ნასუსხი, შეშუპება ან პატარა ბუშტუკოვანი გამონაყარი. სოლარული უტრიკარია ჰქვია მზით განპირობებულ ურტიკარიას, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ჭინჭრის ნასუსხი და გაქრეს 24 საათის განმავლობაში, იყოს მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის. ეს განსხვავდება მზის დაკვრისგან. როცა ადამიანს აქვს ინტოქსიკაცია, ღებინება, ტემპერატურა.

შესაძლოა, ადამიანს კანზე სხვა ტიპის გამოვლინებაც გამოუმჟღავნდეს – არსებობს ფოტოალერგიული რეაქციებიც. შესაძლოა ადამიანს გამოუვლინდეს გამონაყარი 24-48 საათის გასვლის შემდეგაც, თუმცა ის შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მხოლოდ მზის სხივების ზემოქმედების, არამედ მზის დამცავი ან სხვა კრემის წასმის შემდეგ. მზის ალერგიას შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ რთული გამოვლინებები, ყველა ტიპზე ამ ინტერვიუში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ნებისმიერი სიმპტომის დაწყებისას პაციენტმა დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება და მიმართოს ექიმს. აღსანიშნავია, რომ მზის ალერგია შესაძლოა დაიწყოს გარუჯვიდან 4-6- დღის გასვლის შემდეგადაც და გამოიხატოს შედარებით წვრილი გამონაყარით, რომელიც სერიოზულ ჩარევას მოითხოვს.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი – მზისგან დამცავების გამოყენება აუცილებელია. მზის გამოსხივება იმატებს 10-დან ოთხ საათამდე და ამ დროს მზეზე გასვლისგან პრობლემური ჯანმრთელობის ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი. ამ დროს თავდაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ ხალები, რადგან არასწორად გარუჯვამ შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებას შეუწყოს ხელი. დამცავი, მზის ქუდი, სათვალე, კრემები – ეს ის საშუალებები, რომელთა დახმარებითაც თავდაცვა უფრო მარტივი ხდება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები