„ბრექსიტი მოხდება და ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ინგლისი დიდებული ქვეყანაა და მას საკუთარი იდენტობა სურს“, – აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება, ერთი შეხედვით, „მზრუნველი მეგობრის“ სიტყვებს ჰგავს, რომელიც მასზე ასაკით უმცროსს უფრთხილდება და რჩევებს აძლევს. სინამდვილეში კი ტრამპს სხვა ქვეყნის იდენტობა სულაც არ ადარდებს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – მაქსიმალურად მეტი სარგებელი ნახოს ამერიკის ეკონომიკამ ბრექსიტის ხარჯზე. რა კავშირშია ამერიკის ეკონომიკის ზრდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან – ამ კითხვაზე მედიაგამოცემები ბოლო ორი დღეა აქტიურად წერენ.

ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სამდღიანი ვიზიტი ინგლისში გუშინ საღამოს დასრულდა, შესაბამისად, დღეს პოლიტილოგები და მედიაექსპერტები ტრამპის ვიზიტის ანალიზს აკეთებენ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, თეორიულად, ოქტომბერში დატოვებს. ჯერ არავინ იცის, ვინ იქნება, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ამერიკას სურს, რომ მომავალმა პრემიერმა ტერეზა მეის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ბრიტანეთი ევროკავშირიდან საბოლოოდ გავიდეს. აშშ-ის თავისი მიზნები აქვს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამას არც მალავს.

„ენ ბი სი ნიუსი“ წერს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ამერიკისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობაა, თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორთან სავაჭრო შეთანხმება დადოს. ამერიკული მედისაშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლი, ფაქტობრივად, არც მალავს, რომ ბრექსიტი მისთვის რეალური შანსია, გაზარდოს ამერიკული სამუშაო ადგილები და ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყოს.

დონალდ ტრამპმა ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც ღიად ისაუბრა დიდ სავაჭრო გარიგებაზე და აღნიშნა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს საუკეთესო ალიანსი ექნებათ, რაც კი მსოფლიოს ჰქონია.

გარიგების დეტალები აშშ-ის პრეზიდენტს არ უხსენებია, თუმცა ანალიტიკოსებისთვის ეს მარტივი ამოცანა აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ბრიტანეთი, როგორც ევროკავშირის ნაწილი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით მკაცრ სტანდარტებს მიჰყვება და როგორც წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, ევროკავშირის ნორმები დაიცვას. „ბიბისი“ წერს, რომ ეს სტანდარტები ამერიკულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს მარტივ რამეს ნიშნავს – ნებისმიერი ამერიკული საქონელი ბრიტანეთში ვერ იყიდება და ვერც მომავალში გაიყიდება, თუ ის ევროპის რეგულაციებს ვერ გაივლის.

„ენ ბი სი ნიუსი“ წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, მან უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი ევროპული სტანდარტი და რეგულაცია დატოვოს და რომელზე უარი თქვას. სწორედ აქ ჩნდება „მზრუნველი მეგობარი“ ამერიკა, რომელსაც სურს, რომ ლონდონმა ევროკავშირის რეგულაციები შეაჩეროს.

მაგალითად, ამერიკაში ქათამი, შეიძლება, ქლორით ან სხვა ქიმიური ხსნარით გაირეცხოს, იმიტომ რომ ამერიკული სტანდარტებით, ის ბაქტერიებს კლავს, ინგლისი კი ამას არ დაუშვებს. იგივე საშიშროებაა საქონლის ხორცთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკაში, მაგ. შეიძლება, ჰორმონებით იყოს გაზრდილი, რაც ევროპული სტანდარტებით ასევე მიუღებელია.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტის სიტყვები America First – ანუ ამერიკა უპირველესია, ინგლისისთვის ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირს გამოეყოფა, ის ერთი ჩვეულებრივი ჭიჭყინა გახდება, რომელიც სუპერძალის მქონე ამერიკამ აირჩია. ამერიკას კი, ანალიტიკოსების აზრით,  ორმხრივი გამარჯვება არ აინტერესებს.

როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არაა მიზეზი, რის გამოც ბრიტანელებს ტრამპი არ მოსწონთ. მისი სამდღიანი ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე იმართებოდა. მათ ნაწილს, რომლებმაც ლონდონის გარდა, აქციები სხვა ქალაქებშიც გამართეს, მიაჩნია, რომ ტრამპი რასისტია და ის მზადაა, სხვა ქვეყნების ხარჯზე ამერიკის ეკონომიკა გაზარდოს. აქციებზე ტრამპის გამოსახულებიანი საჰაერო ბუშტი გაბერეს და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.

„ევრონიუსი“ წერს, რომ ოპოზიციის ლიდერ ჯერემი კორბინზე, რომელიც საპროტესტო აქციაზე იდგა, ტრამპა თქვა, რომ მას არ იცნობს, თუმცა ის არ იცის, რომ ის რაღაც უარყოფით ძალაა. ამერიკის პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ კორბინს მასთან შეხვედრა სურდა, მაგრამ არ შეხვდა.

ანალიტიკოსები ერთ საინტერესო დეტალს უსვამენ ხაზს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბორის ჯონსონი ტრამპს არ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯონსონიც და მეორე კანდიდატი – ჯერემი ჰანტიც დადებით კონტექსტში მოიხსენია. ჯონსონმა განაცხადა, რომ მას გაწერილი განრიგი და შეხვედრები ჰქონდა, ამიტომ ტრამპი მასთან მხოლოდ 20 წუთიან სატელეფონო საუბარს დასჯერდა. უცხოური მედია წერს, რომ ვაშინგტონი-ლონდონის სავაჭრო გარიგება თუ შედგა, ამით ბრიტანეთს სარგებელი არ ექნება და მოგებული მხოლოდ აშშ დარჩება.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები