LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვიჭირს პირბადეში სუნთქვა და როგორ მოვიქცეთ?

347
brthnews2011

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია უკვე შვიდი თვეა გრძელდება, მსოფლიომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად პირბადეზე ეფექტურ იარაღს ვერ მიაგნო. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსი ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჰაერის მასები წვეთების გაფანტვას შეძლებენ, ჰაერითაც პირბადე ადამიანს ვირუსის ცხვირის ღრუსა და შემდეგ ფილტვებში მოხვედრისაგან იცავს და  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაინც დაინფიცირდით, ორგანიზმში ვირუსის მცირე დოზა მოხვდება, რისი წყალობითაც დაავადება მსუბუქად წარიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ეფექტურობა უკვე დადასტურებულია და მისი გამოყენების რეკომენდაციას “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც” გასცემს, ადამიანთა ნაწილი პირბადის ტარებაზე უარს აცხადებს და რეგულაციებს აპროტესტებს.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ,რომელშიც 60 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა დაადგინა, რომ იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც პირბადის წინააღმდეგ გამოდიან, ერთი მიზეზი აქვს – ისინი აცხადებენ, რომ პირბადე მათ სუნთქვაში ხელს უშლის.

მათი განცხადებით, პირბადის ტარებისას აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა და გულისცემის გახშირება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პოზიცია ამ საკითხზე საპირისპიროა:  პირბადე ჟანგბადის მოძრაობას და ორგანიზმში მოხვედრას ხელს არ უშლის.

როგორ მოვიქცეთ?

კანადელი პულმუნოლოგის, ქრისტოფერ ევინგის თქმით, ქირურგიული ან ნაჭრის პირბადე არც ჟანგბადის დონეს ამცირებს და არც ნახშირორჟანგს იკავებს, როგორც ეს ბევრს ჰგონია, თუმცა მას მაინც შეუძლია ადამიანის სუნთქვის შეცვლა.

“ჩვენ არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ პირბადით ვისუნთქოთ და ზოგჯერ დისკომფორტს განვიცდით. მაგალითად, თუ პირბადეში ამოსუნთქვისას თქვენი სათვალე დაიორთქლა, ეს დისკომფორტია და ჩვენი ქვეცნობიერი მის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ზომებს იღებს, რასაც საბოლოოდ შეიძლება ის მოჰყვეს, რომ ვეცადოთ ამოვისუნთქოთ ნაკლები ჰაერი, ეს კი სუნთქვის რიტმს ცვლის.”- ამბობს ევინგი.

ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა

თუკი ქვეცნობიერად პირბადით გამოწვეული ნებისმიერი დისკომფორტის აღმოფხვრას ვცდილობთ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის რიტმის ცვლილება, კერძოდ სუნთქვის შენელება ან აჩქარება, რაც თავის მხრივ იწვევს შეგრძნებას, რომ ჰაერი არ გვყოფნის. სწორედ ეს ჰგონია ბევრს იმის ნიშანი, რომ ჟანგბადი საკმარისი არ არის, ან პირბადეში ნახშირორჟანგი დაგროვდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გახშირებული სუნთქვის დროს ადამიანის ორგანიზმი იმაზე სწრაფად კარგავს ნახშირორჟანგს, ვიდრე გამოიმუშავებს. სწორედ ეს იწვევს თავბრუსხვევას და ზოგჯერ გონების დაკარგვასაც კი. პირიქით ხდება, როცა ნელა ვსუნთქავთ ან ვცდილობთ, ნაკლები ჰაერი ამოვისუნთქოთ. ამ დროს სისხლში ნახშიროჟანგის დონე იზრდება, ჟანგბადის დონზე იკლებს, რაც იწვევს სისუსტეს და ძილიანობას, ასევე სუნთქვის უკმარისობას.

როგორ ვისუნთქოთ უკეთესად?

ევინგის თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს სუნთქვის დისფუნქციას აღმოვუჩენთ და გავიაზრებთ, მისი გადალახვა მარტივად შეგვიძლია. ევინგი გვთავაზობს სუნთქვით ვარჯიშს, რომელსაც იოგას მიმდევრები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები იყენებენ.

მეთოდს “ყუთში  სუნთქვა” ან “კუთხის სუნთქვა” ეწოდება და გულისხმობს გონებაში ყუთის ან ოთხკუთხედის წარმოდგენას. 4 წამის განმავლობაში შევისუნთქავთ, წარმოვიდგენთ ყუთის ან ოთხკუთხედის ერთ კუთხეს. შემდეგ პაუზას გავაკეთებთ და ნელა ამოვისუნთქავთ.

შემდეგ ისევ პაუზას გავაკეთებთ და იგივეს კიდევ სამჯერ გავიმეორებთ. ქრისტოფერ ევინგის თქმით, აღნიშნული სუნთქვითი სავარჯიშო ხელს უწყობს სუნთქვის რიტმის ნორმალიზებას და ამცირებს სტრესის დონეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები