რძეში და სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა – ახალი კვლევის შედეგები

51547905_315764432615670_4474781912937791488_n

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში 1176 ნიმუშს ჩაუტარდა შემოწმება, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137,  თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში.

1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში.

ტყვიის მაღალი შემცველობა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში დაფიქსირდა. დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

რძეში ტყვია ძირითადად იმერეთში შემოწმებულ ნიმუშებში აღმოჩნდა. ასევე, ამ მხრივ დარღვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აღებულ ნიმუშში. აღსანიშნავია, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა თხის ნედლ რძეშიც დაფიქსირდა. კომპანია “ზესტაფონური”, ინდმეწარმე მანანა იაკობაშვილი, შპს “ათინათი”, რკ „შურუბუმუ“ და შპს “ჩიიზ მეიქერი” – ეს ის კომპანიებია, რომელთა ნედლ რძეში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.

ტყვიის გარდა, შემოწმებისას, მიკრობიულოგიური დარღვევებიც დაფიქსირდა – ლუდის და ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში.

აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც რეგიონებში ბაზრის კონრტოლის გააქტიურებამ და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ განაპირობა.

კვლევის შედეგები და შემოწმებული კომპანიები სრულად, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

პოპულალურები