დასაქმების სააგენტოები ვაკანსების რაოდენობის ყოველკვირეულ ზრდაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიზნესკომპანიების მხრიდან ახალი კადრების მიმართ ინტერესი მზარდია.

როგორც „ფორტუნას“ სააგენტო „ეიჩ არ ჯის“ დირექტორმა ნოდარ შურღაიამ განუცხადა, კომპანიების წარმომადგენლები ხშირად კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობაზე საუბრობენ, რადგან “დღეს შესაძლოა, ქვეყანაში ბევრი იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის ადამიანია უმუშევარი, მაგრამ მათ ნაწილს შესაბამისი ცოდნა არ აქვს.”

კითხვაზე რამდენად რეალურად საქმდებიან დასაქმების სააგენტოების მეშვეობით ადამიანები, „ეიჩ არ ჯი“-ს დირექტორი პასუხობს, რომ უმეტეს შემთხვევაში ბიზნესკომპანიები სწორედ მათი მეშვეობით არჩევენ კადრებს და უცხო ადამიანებს ასაქმებენ, თუმცა არის ნათესავებისა და ახლობლების დასაქმების შემთხვევებიც.

მისი თქმით, ეს, ძირითადად, იმ კომპანიებში ხდება, რომლებსაც მცირე ბიზნესი აქვთ და ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი სჭირდებათ. ისინი უცხოებს არ ენდობიან და ურჩევნიათ, ახლობლები დაასაქმონ.

რაც შეეხება სამსახურის დაკარგვის შემთხვევებს. ირკვევა, რომ ასეთ დროს ადამიანები პროფკავშირების ნაცვლად, ისევ ახლობლებს და ნათესავებს მიმართავენ. “პროფკავშირებს რეალურად არ აქვს არანაირი ბერკეტი, გარდა იმისა, რომ თუ რამდენიმე თანამშრომელი კარგავს სამსახურს, გაფიცვა მოაწყონ. გარდა ამისა,  პროფკაშირებთან ყველა დამსაქმებელი კონტრაქტს ინდივიდუალურად დებს და პირობებიც შესაბამისად განისაზღვრება,” – აღნიშნა შურღაიამ.

მსგავსი თემები