„რეფორმების ჯგუფი” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადს და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა იმუშაოს 19 აპრილის შეთანხმების დღის წესრიგსა და რეფორმების განხორციელებაზე.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს განაცხადი დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე, ამ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯია და ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგი.

„დღეს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არ ნიშნავს გაწევრიანებას, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯია გაწევრიანების გზაზე. ჩვენი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვაცხადებთ ამ პროცესის მიმართ. აღვნიშნავ, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე ხელისუფლების, პარტიის დამსახურება, ეს არის საუკუნეების მანძილზე იმ ხალხის ბრძოლის დამსახურება, რომელსაც აგრძელებს დღეს ჩვენი თაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ვუყურებ, რომ დაწყებულია ამ პროცესის დაზიანება, მთელი ძალით ებრძვის ამ იდეას მეხუთე კოლონა, ამბობენ, რომ ეს მოახდენს რუსეთის დამატებით პროვოცირებას, პირდაპირ ვამბობ, ვინც ასე საუბრობს, არის საქართველოს მტერი და მეხუთე კოლონის წარმომადგენელი,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რეალურად ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის შარლ მიშელის შეთანხმება, რომლის დღის წესრიგის შესრულებაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს.

“დიდი შრომა გველის და დიდი გზაა გასავლელი. გასაგებია, რომ ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, საჭიროა დემოკრატიულ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდეთ და აუცილებელია ქმედითი რეფორმების განხორციელება. შევახსენებ ხელისუფლებას, 19 აპრილის შეთანხმება, რომლიდანაც ის გავიდა, არის ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ასეც ჰქვია ამ შეთანხმებას – გზა ევროპული მომავლისკენ, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმების დღის წესრიგში, ასევე, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ერთად დავდგეთ და ვიმუშაოთ ამ დღის წესრიგზე,”- განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები