LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონები პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებს ძიებას იწყებენ – გურიაში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

92
გურია

20 მაისს, ოზურგეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, ღონისძიებამ პანდემიის შემდგომ პერიოდში, რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები  წარმოაჩინა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის დიალოგისა და დისკუსიის სივრცე შექმნა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ანნა ჩერნიშოვა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ კარნერი.

საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა საინვესტიციო პროფილები წარადგინეს, რომელთა შექმნაში მათ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით დაეხმარა.

„კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება, თუმცა, სრულფასოვან ეკონომიკურ აღდგენამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

საინვესტიციო პროფილების მეშვეობით, მუნიციპალიტეტები სწორად შეაფასებენ თავის ეკონომიკურ პერსპექტივებს და ახალი ინვესტორების დაინტერესებას შეძლებენ“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

UNDP-ის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი მის გეოგრაფიულ და ეკონომიკურ უპირატესობებს  ეყრდნობა – ფოთისა და ბათუმის პორტებთან და ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვეს, სასოფლო-სამეურნეო პოტენციალსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შავ ზღვაზე პირდაპირ გასასვლელს, სუფსას ნავთობის მომპოვებელ ჭაბურღილს, ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და ბუნებრივ რესურსებს, რომელთა შორისაა კოლხეთის ეროვნული პარკი.

ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინვესტორთა დაინტერესების გზას რეკრეაციული და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში ხედავს. შესაბამისად, მის საინვესტიციო პროფილში ასახულია ზღვისა და მთის კურორტები, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების ადგილობრივი შესაძლებლობები.

გურიის რეგიონის ამ შთამბეჭდავი პოტენციალის მიუხედავად, უმუშევრობა აქ 16 პროცენტს აღწევს, ხოლო ტურიზმი ჯერაც სუსტადაა განვითარებული. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, გურიას ყველაზე ნაკლები ტურისტი სტუმრობს, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების წილი საქართველოს მთლიანი ტურისტული ნაკადის მხოლოდ 1.3 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას, რადგან ეს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. ჩვენი მიზანია ასეთი პარტნიორობის გაღრმავება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა, რაც ადგილობრივ დონეზე დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი განვითარება დამოკიდებულია ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და მოსახლეობა – სწორედ მათი ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი განვითარების წარმატებას განაპირობებს. ყველა რეგიონი და ყოველი მუნიციპალიტეტი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა , რომლებიც ინვესტორებს იზიდავს და ქმნის საფუძველს ახალი ეკონომიკური აქტივობისთვის“, – აღნიშნა მევლიმ.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდერ კარნერის განცხადებით კი, ავსტრია რეგიონების ეკონომიკურ აღდგენასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს უცვლელი პარტნიორია.

“დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაში და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა მან.

ოზურგეთის საინვესტიციო ფორუმი  გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.

გურიის მსგავსად, საინვესტიციო ფორუმები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. ივნისში უკვე დაგეგმილია შემდეგი ორი ღონისძიება, რომელიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში და  ქვემო ქართლში გაიმართება.

რეგიონული საინვესტიციო ფორუმების მხარდაჭერა UNDP-ის მასშტაბური პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით ხორციელდება.