LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს-სალომე ზურაბიშვილი

81
სალომე-ზურაბიშვილი

“რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები