LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რემდესივირის“ 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია – Gilead -მა საქართველოს 4 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი აჩუქა

109
რემდესივირი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმა კომპანიამ Gilead -მა საქართველოს საჩუქარად 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ გადასცა. მისივე თქმით, მედიკამენტი უკვე თბილისშია.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული ძალიან დაეხმარება ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead -მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ გარემოება.

არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead”-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead -ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული რემდესივირი – 4000 ფლაკონი”, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

„ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა COVID კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა.

მას შემდეგ რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი COVID აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა რემდესივირის ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი “რემდესივირის” ფასმა 1000 დოლარს მიაღწია.

ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია Gilead -ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში. Gilead -ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები