LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რემდესივირმა“ მოლოდინი არ გაამართლა: როგორ ვიცხოვროთ კარანტინის შემდეგ – ინტერვიუ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან

360
მაია ბუწაშვილი

კორონავირუსთან ბრძოლა კაცობრიობას ჯერ არ მოუგია. სამწუხაროდ, ჯერ არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს. ექიმები დიდ იმედებს ამყარებენ „რემდესივირზე“. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ აქვთ ამ წამლის მიმართ და იმედს იტოვებენ, რომ უკეთესი ძალიან მალე შეიქმნება.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმების სწორედ ამ ჯგუფს განეკუთვნება.

„ფორტუნასთან“ ინფექციონისტმა კარანტინის შემდგომ ცხოვრების წესზეც ისაუბრა.

 

„რემდესივირთან“ დაკავშირებით ურთერთგამომრიცხავი კვლევები დაიდო. მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომელს უნდა, ვენდოთ.

„რემდესივირთან“ დაკავშირებთ მოლოდინი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე გაამართლა. მცირედი გაუმჯობესებები, რასაც წერენ, ეს ყველაფერი კარგია იმ პირობებში, როცა სხვა არაფერია, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში ახლა რადიკალურად გარდამტეხი პრეპარატია საჭირო. ისეთი, რომელიც ძალიან მაღალ შედეგს აჩვენებს ყველა პარამეტრში. „რემდესივირზე“ მოლოდინი იყო, მაგრამ კვლევამ მისი ეფექტი საერთოდ არ აჩვენა და მეორე კვლევით ძალიან მცირე გაუმჯობესებაა.

„რემდესივირზე“ ჩინეთში მიმდინარე კვლევა დასრულებულია და გამოქვეყნებულია ჟურნალ „ლანცეტში“. მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს. იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ წინასწარ გააკეთა განცხადება, რომ მან კარგი შედეგები აჩვენა.  გამოჯანმრთელების ვადა 15-დან 11 დღემდე მცირდება და სიკვდილის მაჩვენებელი 11-დან 8 პროცენტამდე მცირდება. სულ ეს იყო, მეტი არაფერი დაგვიწერეს წინასწარ მონაცემებში და უნდა ვივარაუდოთ, რომ მეტი არც არაფერი ყოფილა. ძირითადი მაჩვენებლები, მაგალითად ვენტილატორების გამოყენების და ვირუსის ალაგების სისწრფეზე არ ყოფილა საუბარი. ალბათ არ ინახა, თორემ ამ მაჩვენებლებს აუცილებლად გამოგვიცხადებდნენ.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ იმედიანად არ ხართ განწყობილი…

გააჩნია, რას დავარქმევთ იმედიანად ყოფნას. მე ზოგადად იმედიანად ვარ იმ კონტექსტში, რომ კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობას სტაციონარი არ სჭირდება და ისედაც ინკურნებიან. ეს კარგია. ამ მხრივ გამანადგურებლად კატასტროფული შედეგები არ გვაქვს, მაგრამ იმ ჯგუფში, სადაც სიკვდილიანობა მაღალია, ასაკობრივ  და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში, გვჭირდება რადიკალურად გარდამტეხი წამალი, რომელიც ვირუსის კონცენტრაციასა და  სიკვდილიანობას შეამცირებს. ასეთი წამალი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ იმედი რასაკვირველია გვაქვს, რომ მომავლში იქნება. ამ პირობებში „პლაქველინი“, „რემდესივირი“, რომელიც თუნდაც მცირედით აუმჯობესებენ შედეგებს, პოზიტიური ნიუსია. მაგრამ ეს გაუმჯობესებები მცირეა, ეს არ არის ის, რაც პანდემიასთან ბრძოლაში გარდატეხას მოახდენს.

საქართველოც ჩაერთო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 4 სხვადასხვა მკურნალობის სქემის გამოცდაში. როდიდან იგეგმება კლინიკური კვლევების დაწყება? 

ზუსტი თარიღი ჯერჯერობილი ცნობილი არ არის. განცხადება გაკეთდა და უკვე ალბათ მალე დაიწყება.
ყველა უკვე არსებული პრეპარატია. ახალი არ შექმნილა. საუბარია ძველ პრეპარატებზე და იმის გარკვევაზე მათი გამოყენება რამდენად ეფექტიანი იქნება ამ ვირუსთან მიმართებაში. ეს არის პრეპარატები, რომელიც ალგორითმში ისედაც შეტანილია. „პლაქველინიც“, „რემდესივირიც“ და შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების კომბინაციაც გამოიყენებოდა და ბევრი კითხვის ნიშანიც ჩნდებოდა. როდესაც კლინიკური კვლევები დაიწყება, რასაკვირველია, კარგია, რადგან პაციენტის თანხმობით მოხდება ამ პრეპარატებით მკურნალობა და უფრო ნაკლები კითხვა გაჩნდება.

ბევრს საუბრობენ, რატომ გვაქვს ასეთი კარგი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ექიმებისა და სახელმწიფოს დამსახურებაა. ასახელებენ გეოგრაფიულ მდებარეობას, ბეცეზე აცრებს, რომელიც საბჭოთა მოსახლეობის უმეტესობას ბავშვობაში აქვს გაკეთებული. თქვენ რას უკავშირებთ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილების დაბალ მაჩვენებელს?

ზოგადად ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვყნებში კორონავირუსმა არ მიიღო ის მასშტაბი, რაც დასავლეთ ევროპაში და ეს ძალიან კარგია. შუა აზიის ქვეყნებში, სადაც თუ მონაცემებს დავუჯერებთ, ტესტირება მაღალი აქვთ, მაგრამ სიკვდილიანობისა და დაინფიცირებულთა მაჩვენებელიც დაბალია. ასევე არ არის სიკვდილინობის მაჩვენებელი მაღალი აზერბაიჯანში. ბელარუსში აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი იმ ფონზე, რომ საგანგებო მდგომარეობა მათ არ შემოუღიათ, 17 ათასი დაინფიცირებულიდან მხოლოდ 112 გარდაცვლილი ჰყავთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ესტონეთშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ისიც, დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალია.  ანუ ეს რეგიონი ისეთი კატასტროფის წინაშე არ არის, როგორც დასავლეთ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ამის მიზეზის განმარტება ამ ეტაპზე ძნელია.
საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგი ალბათ მარტო რეგიონი არ არის. ძალიან ადრე დაიწყო ეპიდღონისძიებების გატარება. ჯერ კიდევ იანვარში, როცა შემთხვევაც კი არ იყო. კონტაქტების კვლევა ძალიან დაიწყო. ამაში ეპიდსამსახურებს ნამდვილად კარგი ქულა ეკუთვნით.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს?

ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ აკრძალვები იქნება თუ არა, ვირუსი აქ არის, დედამიწიდან მთლიანად არ გაქრება და ის რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად გავატაროთ. საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქების შემდეგაც უნდა მოვერიდოთ შეკრებებსა და უზარმაზარ ქართულ სუფრებს. უმჯობესია, რომ შეხვედრისას გადაკოცნას გადავეჩვიოთ. თანდათან შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
სახელმწიფომ კი მკაცრი კონტროლი უნდა გააგრძელოს  და იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევებმა მოიმატა, კვლავ გაამკაცროს წესები. თუ წესებს დაიცავენ და საკარატინო ზომების უკან დაბრუნება არ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

ხელის ხშირი დაბანა, პირბადისა და ხელთათმანის ტარება აუცილებელი უნდა გახდეს?

ხელთათმანის გაკეთება აუცილებლად არ მიმაჩნია, ხელის ხშირი დაბანა უკეთესი ღონისძიებაა, რადგან ხელთათმანს, რომელსაც ხშირად არ ცვლი, ინფექცია გადაქვს სხვადასხვა ადგილებზე.
ხელის ხშირი დაბანა არის ოქროს სტანდარტი. მე დიდ იმედებს ვამყარებ ადამიანების მიერ ახალი უნარ-ჩვევების შეძენაზე. ზაფხული მოდის და ინფექციონისტების მთავარი პრობლემა დიარეული შემთხევებია, რომლებსაც ხშირად გართულებები მოსდევს ხოლმე. ხელის ხშირი დაბანა არა მარტო კორონავირუსთან, არამედ ინფექციებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამას არასოდეს არ უნდა გადავეჩვიოთ.

როგორი უნდა იყოს კვება კარანტინის დროს?

უნდა ვეცადოთ, რომ მივიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი და უარი ვთქვათ ცხიმიან საკვებსა და ცომეულზე. შეძლებისდაგვარად უნდა ვივარჯიშოთ სახლში. სეირნობა აუცილებელია, ოღონდ არა ჯგუფურად, რაც შეინიშნებოდა ჩვენს რეკრიაციულ ადგილებში. უნდა ვისეირნოთ ინდივიდუალურად, ან მხოლოდ ოჯახის წერებთან ერთად.

ზაფხულის დადგომასთან ერთად ყველას გვაინტერესებს, შეგვიძლია თუ არა, ზღვაზე დასვენება?

ზოგადად კორონავირუსი არ არის წყლისმიერი ინფექცია. ზღვის წყალი არ არის რისკის მატარებელი. თუმცა ზღვის სანაპიროც განიხილება ერთ-ერთი თავშეყრის ადგილად. ამიტომ ზღვის სანაპიროზე თუ მოხდება დისტანციის დაცვა, პრობლემა არ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები