LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისიც გეშინია, იმის გაკეთებაა ვაჟკაცობა… კაცი, რომელმაც “კოკა კოლას” იდეა მიაწოდა

1802
beso wuladzer

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც „ბნელი და უკუნი“ პერიოდია. გიყვებით ბიჭზე, რომელმაც ბევრი მარცხი განიცადა, თუმცა დღეს დიდი ამბიციებით, ღირსეულად განაგრძბს ცხოვრებას.

22 წლის იყო. ასეთი რეკლამა გადიოდა: “კოკა კოლას” შუშის ცარიელი ბოთლი ასფალტზე ვარდება.. დნკ-იქით, დნკ-აქეთ: “არ გადააგდოთ”.

სულ ეს იყო.. მაგრამ აქ რეკლამა მთავარი არ არის.

მაღაზიებში, “კოკა კოლას” რეკლამის ბოთლებს, 20 თეთრად იბარებდნენ. ქარხნის გვერდით, ვიწრო ქუჩა რომ ჩადის, იმ მხრიდან, კედელში დიდი ფანჯარა ჰქონდათ გამოჭრილი და თავის პროდუქტს, საბითუმოდ ყიდდნენ. შუშის ბოთლი 43 თეთრი ბითუმად, მაღაზიებში კი – 45-50 თეთრი ღირდა.

ბიჭმა, კიდევ ერთ საღამოს გაიგონა: “დნკ-დნკ – არ გადააგდოთ”, რაღაც მოაფიქრდა. ცოტა ხანს იფიქრა, იანგარიშა და დილით “კოკა კოლას” ქარხნისკენ გაემართა. პერიოდულად, თავის იდეას გონებაში ამოწმებდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ არ ცდებოდა.

ბატონ თემურ ჭყონიასთან მინდა შეხვედრა…

ჩაბნელებულ, შესასვლელ შენობაში ერთადერთ მაგიდასთან, რომელზეც ტელეფონი და ჟურნალი იდო, პოლიციელი იჯდა.

რა საქმე გაქვს?

საინტერესო იდეა უნდა შევთავაზო.

ცოტა ხანს დაიცადე – უთხრა „დაცვამ“ და ტელეფონის ყურმილი აიღო.

ბიჭი წინ და უკან დადიოდა და ისევ, იდეას ამოწმებდა.

ბატონი თემური არ არის, ბატონ კ.დ.-სთან, ანუ კომერციულ დირექტორთან შეგიშვებ.

აბა, რას გვთავაზობ? – კ.დ.-ს საკმაოდ მხიარული ტონი ჰქონდა.

შუშის ცარიელ ბოთლებს 20 თეთრად იბარებთ და საბითუმოდ 43-ად, მაღაზიებში 45-დაც ყიდით, ხო? – დააზუსტა ბიჭმა.

მერე?

ორ ცარიელ ბოთლში ერთი სავსე გაუცვალეთ.

აბა, დამიხურდავე, დაჯექი – კ.დ.- ს ინტერესი დაეტყო.

სითხე რა გიჯდებათ? – ბიჭმა იმდენიც იცოდა, რომ არ ეტყოდნენ, მაგრამ კითხვა სჭირდებოდა.

რა შენი საქმეა?! – კეთილი ღიმილით უთხრა კომერციულმა დირექტორმა.

ბიჭმა თითქმის შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ კ.დ. ისეთი კეთილმოსურნე სახით უყურებდა, განაგრძო:

15 თეთრზე მეტი გიჯდებათ?

არა.

და ბიჭმაც “დაუხურდავა” – ბოთლი 20 თეთრი, 15 თეთრი სითხე (მაქსიმუმ), ანუ 35 თეთრიან სავსე ბოთლს ორ ცარიელ ბოთლში რომ გაცვლით, თითო ცარიელი ბოთლი 17,5 თეთრი დაგიჯდებათ, ხო?! შემდეგ, ამ 17,5 თეთრიან ბოთლში 15 თეთრინ სითხეს რომ ჩაასხამთ და მიღებულ 32,5 თეთრიან პროდუქტს ისევ ორ ბოთლში რომ გაცვლით, თითო ცარიელი ბოთლი 16.25 თეთრი დაგიჯდებათ და, საბოლოოდ, ცარიელი ბოთლის ფასი 15 თეთრამდე ჩამოვა, არა?! ანუ პროდუქტი 5 თეთრით გიიაფდებათ (როგორც ბიჭმა წლების მერე შემთხვევით გაიგო, როცა უკვე საკმაო ბიზნეს-გამოცდილება და კონტაქტები ჰქონდა, სითხე გაცილებით იაფი ჯდებოდა. შესაბამისად, მოგებაც პროპორციულად იზრდებოდა).

კ.დ. ფიქრობდა… და იმათ რა ხეირი?

მყიდველი 40 თეთრის ნაცვლად, 43-45 თეთრიან პროდუქტს იღებს, ბოთლებს მით უფრო აღარ გადაყრის (რის რეკლამირებაშიც თანხას ხარჯავთ), თქვენ კიდევ მოგებაც გეზრდებათ და რეალიზაციაც. ორივე მოგებაში ხართ.

ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ მე ბოთლები ერთხელ გავყიდე და აღარ ვიბარებ. მაღაზიები იბარებენ და მერე მიცვლიან. თუ მეტი უნდათ, ყიდულობენ. ასე რომ…

ბიჭისთვის ეს იდეა ბევრს არაფერს ნიშნავდა (ალბათ, ადვილად მოაფიქრდა და იმიტომ) და ადვილად შეეგუა უარს, მაგრამ პასუხმა, მაინც ვერ დააკმაყოფილა. თუმცა, შეეგუა.

ერთი თვეც არ იყო გასული, მეგობარმა სთხოვა: მანქანით წამიყვანე, ჩემი და მანანას დაბადების დღისთვის (მიყოლებით აქვთ) საბითუმოდ ვიყიდოთ “კოკა კოლაო”.
მანქანა კედელში გამოჭრილ ფანჯარასთან მოშორებით გააჩერეს (რიგი იყო), რიგში ჩადგნენ და ბიჭმა ფანჯრის ზედა, მარცხენა კუთხეში გამოკრული განცხადება დაინახა:

“ვცვლით კოკა კოლას ორ ცარიელ ბოთლში ერთ სავსეს”!

ბიჭი რიგში იდგა და ნასიამოვნები იღიმოდა: „კოკა კოლამ“ ჩემი იდეა “განახორციელა”!
ერთი რამ მაინც ვერ დაამთხვია თავის ლოგიკას: რატომ, ასეთი პატარა მასშტაბით?!

მსოფლიოში საოცარი პროფესია არსებობს – ”თრაბლშუთერი” – ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება!

 

ჩვენი რესპოდენტი დიდხანს ყოყმანობდა ესაუბრა თუ არა საკუთარ თავზე. თუმცა, დაგვთანხმდა, რადგან მიხვდა, რომ მისი რთული გზა და გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იქნებოდა. ბესიკ წულაძე ბიზნეს-კონსულტანტი, კრიზის მენეჯერი და მარკეტინგისა და PR-ის ექსპერტია.

მნიშვნელოვანია ოჯახი და მათი როლი, სადაც გაიზარდეთ?

მშრომელ, წესიერ და პატიოსან, თუმცა „პანიკიორ“ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა პატარაობიდან თავსატეხების ამოხსნაში მავარჯიშებდა. ლიტერატურაც მან შემაყვარა. გამზრდელი ბიძაშვილის დამსახურებაა, რომ ოჯახის “პანიკას” არ ავყევი. შემაჩვია ტკივილის და რაც მთავარია, სიძნელეების გადალახვას. ჩემ სიტყვაზე მეშინია პასუხი იყო: “რისიც გეშინია, იმის გაკეთებაა ვაჟკაცობა, თორემ რისიც არ ეშინიათ, იმას ყველა აკეთებსო. ამის შემდეგ, სულ ვცდილობ ის ვაკეთო, რასაც სხვები ვერ შეძლებენ.

ფაქტია, საკმაოდ აზრიანი იდეა მოგივიდათ. რა ინტერესები და მისწრაფებები გქონდათ?

თითქმის, თანაბრად მაქვს განვითარებული მათემატიკური და ჰუმანიტარული აზროვნება. შესაბამისად, ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ლოგიკური აზროვნება. აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე ცოტათი მაღალი IQ მაქვს (იღიმის) და “საკმაოდ კარგზე” გაცილებით მაღალი ზოგადი განათლება, რაც მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია (თავმდაბლობით არ გამოვირჩევი). ჭადრაკზე, მამის ხათრით დავდიოდი. საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი, მაგრამ უმოძრაო სპორტი არ მიყვარდა და ფეხბურთით ჩავანაცვლე. მწვრთნელმა ორჯერ მომაკითხა სახლში, რომ მშობლები დაეთანხმებინა ჩემ სპორტულ სკოლაში გადასვლაზე, მაგრამ უშედეგოდ. მამამ “ტვინი ფეხებში წაგივაო”.

შემდეგ რა ეტაპები გაიარეთ?

იცით, ვფიქრობ და გული მწყდება, რომ საკმაოდ უაზროდ გავფლანგე ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები, გადავაყოლე “ამქვეყნიურ სისუსტეებს. ვერ რეალიზებულ რესურსს და ენერგიას ხშირად ალკოჰოლით ვანეიტრალებდი. ამის გამო, ბევრჯერ დავეცი და ბევრჯერ ნულს ქვემოდან მაქვს დაწყებული. ასე რომ, ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, ძლიერი ნებისყოფით. ამაში, ”პირადი ცხოვრება ძალიან დამეხმარა”. ამიტომ, ახლა რომ ვუყურებ, მენანება ყველა იმ ახალგაზრდის ტალანტი, რომელიც არასწორი მიმართულებით ვითარდება და ყოველთვის ვცდილობ, რამენაირად სწორად აზროვნება ვასწავლო.

მოთხრობილმა ისტორიამ რა როლი ითამაშა თქვენ ცხოვრებაში?

ამ კონკრეტულმა და კიდევ მრავალმა მსგავსმა ამბავმა დამარწმუნა, რომ ყველაფერი ვითარდება, იდეები ულევია. ეს კი, ყველაზე ძვირად ფასობს. ამიტომ, არ არსებობს კომპანია, რომელსაც ღირებული იდეით ვერ “გაამდიდრებ” და კიდევ მეტად ვერ განავითარებ.
მცდარი აზრია: ამას ხომ ჩემამდეც მოიფიქრებდა ვინმე.
მსურს, რომ მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც შეიძლება მეტ ღირსეულ „გონებას“ გადავცე. ასევე მიზანდასახულ ადამიანებს, უნარების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, სწორად აზროვნება ვასწავლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები