LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის არის საჭირო სამინისტროების გაუქმება?

96

სამინისტროების ოპტიმიზაცია არის საჭირო და ადმინისტრაციული აპარატის შემცირება პრინციპულად სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტს ტვირთად აწვება.

”კონკრეტულად, რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს და რომელი დარჩეს, წინასწარ ამაზე რთულია საუბარი. ამას სჭირდება კარგად დაგეგმვა. თუმცა პრინციპულად არ ვეთანხმები კულტურის სამინისტროს გაუქმებაზე საუბარს, რომ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი.  ევროპის ბევრ ქვეყანაშია კულტურის სამინისტრო, ვინაიდან ეს ქვეყნის  კულტურის პოლიტიკის მწარმოებელი უწყებაა” –  განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ევროინტეგრაციის სამინისტროს მიერთებას საგარე საქმეთა სამინისტროსთან შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა აქვე ამბობს, რომ თავის დროზე ევროინტეგრაციის სამინისტროს გამოყოფის მიზანი ის იყო, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე ყოფილიყო მკვეთრი მინიშნება.

”სამინისტროების ოპტიმიზაციით, ადამიანების ნაწილი დარჩება უმუშევარი, მაგრამ, ფაქტია, რომ ადმინისტრაციული რესურსი ბიუჯეტს ტვირთად აწვება. სამინისტროში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც სტრუქტურების ეფექტურად მუშაობისათვის იქნება საჭირო. ყველასთვის კარგი იქნება შტატების შემცირება, ეს ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისი ინფორმაციით, უმრავლესობაში, სამინისტროების ოპტიმიზაციაზე მსჯელობა, ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნის შემდეგ დაიწყო, თუმცა როდის დაიწყება რეფორმა, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები