LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რით შეგვიძლია ქართველებს მსოფლიოს გაკვირვება? – ამ ჩამონათვალზე კაცობრიობა ხელებს აწევს

454
18119469-10210286611814918-5902039340150619327-n

“ფეისბუქმომხმარებელი” ზურა ოდილავაძე საინტერესო მსჯელობას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რით შეგვიძლია ქართველებს მსოფლიოს გაკვირვება.

პოსტში ჩამოთვლილია ისეთი პუნქტებიც, რაშიც სხვები გვისწრებენ და შანსები არ გვაქვს და ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოსთვის ნამდვილად გასაკვირია.

“ჩვენ მაინც გავაოცებთ მსოფლიოს!

დავფიქრდეთ, რით შეგვიძლია ქართველებს მსოფლიოს გაკვირვება – ისე, რომ კაცობრიობამ პირი დააღოს?

ცხადია, სახელმწიფოს სათავეში ბანდიტების სიმრავლით – ეს არ გამოგვივა, ვერც მთავრობაში მექრთამეებისა თუ ბრიყვების რაოდენობით გამოვიჩენთ თავს. ამ მხრივ, რუსეთი, სომალი და უგანდა ლიდერობას არ დათმობენ. ეს სფერო სამუდამოდ ოკუპირებული აქვთ პოსტსაბჭოეთსა და აფრიკას – სწორედ ისინი არიან სტრატეგიულ სიმაღლეებზე გაბატონებულნი. ამაო მცდელობაა, ამ სოცშეჯიბრს ვერ მოვიგებთ.

ვერც გაჭირვებითა და ბავშვების სიკვდილიანობით გავიმარჯვებთ – აქაც იმავე აქტორებმა დაგვასწრეს, ეჰ!

უსამართლო სასამართლოთი და გაძაღლებული პოლიციელების სისასტიკით თითქოს კი უნდა ვიყოთ წინ, მაგრამ მსოფლიოს გაკვირვების, რა მოგახსენოთ – დიდია კონკურენცია!..

სამწუხაროდ, ვერც სამსახურებში “ფეისბუქის“ სტატუსების ცენზურით დავწინაურდებით! ბელადების ცაში აყვანის ჯუნგლები კარგა ხანია გაპრავების რუს და შუააზიელ ლომებს აქვთ დაჯავშნული.

სამომავლოდ, კრიმინალისა და ნარკომანიის იმედი შეიძლება გვქონდეს, თუმცა, ჯერ ეს მოღვაწეობა ვერაა ნიგერიის დონეზე. დასანანია, მაგრამ ერის მცირე ნაწილი, მაინც ჯიუტად არც იპარავს, არც კაიფობს!

ვერც ტელევიზიით გამოვიჩენთ თავს. მართალია, გავმდიდრდით გადაცემა “ინფლუენსერითა“ და მისი ბიკინებიანი გოგჩოებით, ასევე დავიმეგობრეთ სქელტრაკა მამაკაცი ფრედი მერკიურის ხმით, რომელმაც ქართული “გრემის“ დასკვნითი ნაწილი გააფერადა, მაგრამ ეს ვერ გვიშველის! რუსეთი ფეიკმა ჩელენტანოებმა წალეკეს, ხოლო ოლგა ბუზოვას 13,6 მილიონი გამომწერი ჰყავს! ბევრნი არიან, ეს ოხერი რუსები და ვერც ტვინში ფუყე ადგილებით დავჯაბნით. რა გინდა რომ ქნა, რა?!

მოგეხსენებათ, ბუნებრივი და გაკერილი ქალიშვილების კდემით სულ რამდენიმე წლის წინ ოლიმპიური ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ ახლა ქართველი ბოზებიც მომრავლდნენ.

მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რუსეთმა, შუა აზიის რესპუბლიკებმა და აფრიკამ უიმედოდ დაგვიაბგონეს! მაშ, რა ვქნათ, დავნებდეთ თუ მაინც გავაოცოთ მსოფლიო?! რა გვაქვს ისეთი, რაც სხვაგან არ ხდება და ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერც მოხდება – ვერა და მორჩა, ჰა?!

აი, ჩემი საექსპორტო ჩამონათვალი, რომლის წარდგენის შემდეგ კაცობრიობა არც მეტი, არც ნაკლები, მუხლებზე დაემხობა და ხელებს აწევს:

1) მსოფლიოში ყველაზე ჭეშმარიტი რწმენა! გამჭოლი მართლმადიდებლობითა და ტაძრების რაოდენობით ქართველები აშკარად მთელი პლანეტის წინ ვართ! თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ იერარქები “ნი ვიჟუს“ უკეთებენ უდანაშაულო მღვდლის 9 წლით დაპატიმრებასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას – ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში უპრეცედენტო ფარისევლობისა და თვალთმაქცობის დონით ვიამაყოთ!

2) არანაკლებ გამაოგნებელია, ერთი და იგივე მწერლისთვის ქვეყნის უმაღლესი ლიტერატურული პრემიის – “საბას“ ხუთჯერ (5-ჯერ !!!) მინიჭება! ასეთი თავხედობა არც “მცირე მიწის“ ავტორს – ცხონებულ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს უკადრებია, არც არანაკლებცხონებულ საფარმურატ ნიაზოვს – “თურქმენბაში დიდს“! იქ სადაც ამგვარ უტიფრობაზე არავინ რეაგირებს, უფრო სამართლიანი იქნებოდა ჰიტლერი ან სტალინი რომ გვაჯდეს თავზე და არა ბიძინა…

3) მთავარი საოცრება მაინც სულ სხვაა – დამპყრობლის სიყვარული! ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ერი ვართ, რომელიც რუსეთის იმპერიის საქართველოზე თავდასხმას, საკუთარ მთავრობასვე აბრალებს! ამ საკითხში ხელისუფლება ერთ მუშტად არის შეკრული!

მაშ, ჩვენ ნამდვილად გავაკვირვებთ, მეტიც, ჭკუიდან გადავიყვანთ კაცობრიობას! მსოფლიოს გამაოცებელი ნაციონალური ტრიადა ასე გამოიყურება: 1. თვალთმაქცობა და ფარისევლობა – ტყუილი; 2. თავხედობა და უტიფრობა; 3. საკუთარ სახელმწიფოსთან მტრობა!

შევაჯამოთ. ბელადის, იერარქებისა და მწერლების ძალა – ხალხის აზრის დაკიდებაშია! თუ ამას დავუმატებთ, ამ პერსონების მიერ სამშობლოს უანგარო და გულმხურვალე სიყვარულის მუდმივ ქადაგებას, შეგვიძლია დავასკვნათ: მეგობრებო, ჩვენ წლებია, ეს ღორები თავზე გვაჯვამენ და ამაზე ხმას არ ვიღებთ! შესაბამისად, პასუხი კითხვაზე: რით შეგვიძლია ქართველებს მსოფლიოს გაკვირვება? – ასეთია: უკიდეგანო მოთმინებით!

მოკლედ, ადამიანებო, ძირძველ ივერიაში თქვენი, ანუ ხალხის აზრის დამკიდებელთა რასა გაბატონდა! სწორედ ამას გილოცავთ და აბა, თქვენ იცით, ასე გააგრძელეთ: “სუუუ! ჩუუუ!“…” – წერს ზურა ოდილავაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები