LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც აღიზიანებს და ამცირებს შენს პარტნიორს, ესე იგი სერიოზული პრობლემა გაქვს ურთიერთობებში“ – ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

1295
260539877-3086095194935653-6460143010847505003-n-2021-11-25_14-21-24_680615

„ფორტუნა“ გთავაზობთ ფსიქოლოგის ზაზა ქოიავას ინტერვიუს ურთიერთობებზე, წყვილის ინტერესებზე და როგორ ფერხდება წყვილის ურთიერთობა.

ზაზა ქოიავა:

ქორწინების პროცესის ძირითადი პრინციპია: „მე მინდა მასთან ერთად ყოფნა“. თუ მასთან გინდა, ე. ი. გინდა ჰარმონიული ურთიერთობა. თუ გინდა ჰარმონიული ურთიერთობა,  უნდა იცოდე რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა აღიზიანებს, რა ფასეულობები და ღირებულებები აქვს მეორე ადამიანს. როცა აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც აღიზიანებს, ამცირებს შენს პარტნიორს, ესე იგი სერიოზული პრობლემა გაქვს.

ერთად ყოფნის სურვილი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე საკუთარი შიდა ეგოისტური მომენტები, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებ შენი საქციელით მეორე ადამიანს.  შესაბამისად, ასეთ დროს ურთიერთობა ტოქსიკური ხდება.

,,წყვილის ცალკე ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მრავალთაობიან ოჯახში კი რომელიმე მხარე დისკომფორტს გრძნობს" - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა

რა სჭირდება წყვილს დალაგებული, ჯანსაღი ცხოვრებისთვის? რატომ უჭირთ ადამიანებს დამოუკიდებელი ცხოვრება?

როცა პარტნიორი ცდილობს თავისი საქციელით თვითშეფასება დაუქვეითოს ქალს, საქმე გვაქვს კაცის კომპლექსებთან. შესაძლოა ამ ადამიანს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და ასეთი საქციელით ცდილობდეს „ჩამოითრიოს“ ქვემოთ საყვარელი ქალიც.

ცოლთან იმის აღიარება, რომ ქმარი დაბლა დგას, ძალიან ხშირად მამაკაცებს არ შეუძლიათ. კაცები გარეთ რომ რაღაცებს ვერ აკეთებენ, ვერ აღწევენ, ცოლის დამცირებას ცდილობენ. თუმცა თუ ურთიერთობა ჯანსაღია, კაცს უნდა შეეძლოს თავისი სისუსტეების აღიარება.

როგორც რეკომენდაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლად შექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო. ზოგჯერ წყვილები კამათობენ, მერე რიგდებიან და ამის გაკეთება  სხვების თანდასწრებით არ არის სასურველი. როცა ვიღაცები არიან სახლში, მათი გათვალისწინება გვიწევს ყველაფერში, დილით ადგომისას, სამზარეულოში გასვლისას, საუბრისას და არ არის გასაკვირი, რომ ქალს ან კაცს უნდოდეს ცალკე ცხოვრება.

არის რაღაცები, რასაც მე სამსახურში არ ვაკეთებ, არ ვაკეთებ ქუჩაში, მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებ, გამოხატავ საყვარელ ქალთან. და როცა ეს თვითმყოფადობა იზღუდება, როცა გაკვირდებიან გარე პირები, თუნდაც მშობელი, ეს იწვევს შენს გაღიზიანებას და შეიძლება ეს გაღიზიანება საყვარელ ადამიანზეც გადაიტანო. გარდა ამისა, თაობებს შორის შეხედულებებია სხვადასხვა და დედამთილის, მამამთილის ცოლის დის, სიმამრის შეხედულებები ახლად შექმნილი წყვილის შეხედულებისგან განსხვავდება. ამიტომ წყვილმა უნდა იცხოვროს ცალკე, რათა წვრილი პრობლემები არ გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში.

უნდა გაიაზროთ, რომ 2 სხვადასხვა ცხოვრებაა, ერთი – ვიდრე გყავდა საყვარელი ადამიანი და მეორე – როცა გყავს საყვარელი ადამიანი. პასუხისმგებლობები გეზრდება, რადგან ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში გადადიხარ, უნდა გაიზარდო და ეს უნდა გააცნობიერო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები