LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა არც უცხოეთში გიშვებენ და არც აქ გასვენებენ: რა პრობლემებს აწყდებიან ეტლით მოსარგებლეები შიდა ტურიზმში

327
110247405-912953999189127-8984441216108767054-n

ანა გოგუაძე მთელი წელი დასასვენებლად თანხას ზოგავს. ის აუცილებლად უცხოეთში მოგზაურობს ხოლმე, რადგან საქართველოში ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. წელს კოვიდ-19-თან ბრძოლის ფარგლებში ჩაკეტილი საზღვრების და დაწესებული კარანტინის გამო, უცხოეთში ვერ მიდის და იძულებულია საქართველოში დაისვენოს. ამ გადაწყვეტილების მიღების წამიდან პრობლემებს აწყდება, რომლის გადალახვა ყველა ეტლით მოსარგებლე პირს უწევს, არამხოლოდ დასვენების დროს, არამედ ყოველდღიურობაში.

 

ბილეთების შეძენა

ანა გოგუაძე პირველ პრობლემას მგზავრობამდე შეეჩეხა. მან ბათუმში დასვენება გადაწყვიტა. მატარებელში, რომლითაც ანამ ორი წლის წინ პირველად იმგზავრა, წესით მისთვისაც არის ადგილი

გამოყოფილი, თუმცა ონლაინ ბილეთის დაჯავშნა ვერ მოახერხა. ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ეტლით მოსარგებლე, ადგილზე უნდა მივიდეს, ჯანმრთელობის ცნობით და ისე აიღოს ბილეთი, მაშინ როცა სხვა ბილეთის დაჯავშნას ჩვეულებრივ შეძლებს.

 

მგზავრობა

ანა გოგუაძე ამბობს, რომ პირველი მგზავრობის დროსაც უამრავ პრობლემას წააწყდა.

“როდესაც მგზავრები ჩავიდნენ, მე დაახლოებით, ერთი საათი კიდევ მომიწია მატარებელში ყოფნა. მემანქანემ არ იცოდა, რომ მატარებელში ვიყავი და გააჩერა ისეთ ბაქანზე, სადაც არათუ დამოუკიდებლად, 3 კაცის დახმარებითაც ვერ გადავადგილდებოდი, რადგან უამრავი კიბე იყო. შემდეგ ერთი საათი დასჭირდათ მატარებლის გადასაყენებლად. გარდა ამისა, ვიმგზავრე გამცილებლების ადგილით, თავად ისინი დარჩნენ ფეხზე.

კიდევ ერთი დეტალი, რაც მატარებელში ელემენტარული კომფორტია ისეთი მგზავრისთვის, რომელიც 5 საათი გაუნძრევლადაა, მაგიდაა. ერთი მაგიდის დამონტაჟებას არაფერი უნდა, სადაც წყალის და ტელეფონის ან სხვა ნივთების დადების შესაძლებლობა იქნება” – ამბობს ანა გოგუაძე “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მის რეკომენდაციებს “საქართველოს რკინიგზა” გაითვალისწინებს და ამ ელემენტარულ მოთხოვნებს დამატებით კომფორტად არ ჩათვლის.

“დარწმუნებული ვარ უბრალოდ არც კი უფიქრიათ ამაზე და ალბათ ჩემს გარდა, სხვა მგზავრი არც ყოლიათ,” – ამბობს ის.

 

სასტუმრო და აპარტამენტი

მატარებლით მგზავრობას რომ მორჩება, მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდება – ეს ოთახია, რომელიც უნდა იქირავოს.

ანა გოგუაძე ჩეხეთში – ასეთია ადაპტირებული სარკინიგზო სისტემა

ანა გოგუაძის თქმით, ბიუჯეტური სასტუმროების და აპარტამენტების 99%-ს არ აქვს ადაპტირებული გარემო და იქ ეტლით მოსარგებლისთვის ცხოვრება ძალიან არაკომფორტულია.

“ადაპტირებული ნომრები არის მხოდოდ ძვირადღირებულ სასტუმროებში, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. რაც შეეხება დაბალბიუჯეტურ სასტუმროებს თითქმის არ არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც ეტლით მოსაგრებლეებისთვისაა გათვლილი. შეიძლება ადგილზე იყოს პანდუსი, მაგრამ სულ ამით შემოიფარგლება ჩვენზე ზრუნვა. 

დიდი საშხაპე და შედარებით დაბალზე დამონტაჟებული ნიჟარა, თქვენთვის პრობლემა არ იქნება, ჩემთვის კი დიდი კომფორტია. ძალიან მარტივია და მხოლოდ მონდომება უნდა იმას, რომ შექმნა უნივერსალური გარემო, სადაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე კი არ იგრძნობს თავს კომფორტულად, ყველა კომფორტულად იქნება,” – ამბობს ანა გოგუაძე,თუმცა იმასაც დასძენს, რომ მეპატრონეებს თანხის მხრივ, ერთი ეტლით მოსარგებლე დაისვენებს თუ არა მათთან არაფერს აძლევს, ამიტომ სახელმწიფო რეგულაციების გარეშე, ბიზნესი და კერძო გამქირავებლები ამაზე ვერ და არ იზრუნებენ.

ამ პრობლემასაც, რომ გადაჭრის და მისთვის ოპტიმალურ განთავსების ობიექტს შეარჩევს, დისკომფორტს წააწყდება ყველა ფეხის ნაბიჯზე – მაღაზიაში, გზაში, შესაძლოა პლაჟზეც, რადგან ადაპტირებული პლაჟი, ბათუმში სულ რამდენიმე ადგილას არის, თან ახალი გაკეთებული.

ანა გოგუაძეს ევროპაში მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორც შეიძლება მასზე მორგებული იყოს სერვისები, მგზავრობა და განთავსება. ამბობს, რომ გამოცდილების გაზიარებას საქართველოში ცდილობს, თუმცა ქვეყანა სრულიად სხვა რეჟიმშია.

“ძალიან მინდა საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება, მაგრამ შეუძლებელია. ევროპაში მთელი ტურებია ეტლით მოსარგებლეებისთვის…

მანქანა მყავს, თუმცა როდესაც ახალი ავტობუსები დანიშნეს, სპეციალურად ვიმგზავრე და “ვამეცადინე” მძღოლი როგორ უნდა გაეხსნა პანდუსი და ა.შ. რეალურად ავტობუსით გადაადგილება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან გარდა იმისა, რომ არ იციან, როგორ უნდა გადაგვიყვანონ, ახალი ავტობუსები ცოტაა და ისიც გადაჭედილი, იქ ეტლით ასვლა შეუძლებელია. ავტობუსამდეც ვაწყდებით პრობლემას, გაჩერებების უმეტესობა ადაპტირებული არ არის,” – ამბობს ანა გოგუაძე “ფორტუნასთან”.

ანა გოგუაძე რომში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

 

ანა გოგუაძე რეალობის შეცვლას საკუთარი ძალებით ცდილობს. მას აქვს შესაძლებლობა, გარეთაც გამოვიდეს, სამსახურშიც იაროს და იმოგზაუროს კიდეც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. შეუძლია ის ბარიერები გადალახოს, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე ხვდება. უამრავი ეტლით მოსარგებლე კი სახლშია, მათ ქუჩაში ხშირად, გამოსვლის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, იმიტომ რომ სახელმწიფო მათ ვერ ხედავს.

ის ნაბიჯები კი, რაც ამ მხრივ გადაიდგა, ძირითადად პრეზენტაციის დონეზე რჩება. ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში ადაპტირებული არ არის – არც ეტლით მოსარგებლეებისთვის, არც საბავშვო ეტლებისთვის და არც მოხუცებისთვის…