LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს: უარს არ გეტყვით” – პატრიარქის ქადაგება

468
15894430-1199336466809494-2592777903413231085-n

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში იქადაგა. პატრიარქმა მრევლს წმინდანის ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ვინც მას თხოვნით მიმართავს, ყველა მოწყალებას მიიღებს. ილია მეორემ ამის მაგალითად საკუთარი შემთხვევა მოიყვანა. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, წმინდა ნიკოლოზს მეგობრის დახმარება შესთხოვა:

“ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამ, თავიდან მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი წყალობდა” – თქვა პატრიარქმა. მან ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ წმინდანი არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ მუსლიმებსაც ეხმარება. დღევანდელ ქადაგებაში ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს კიდევ ერთხელ შესთხოვა საქართველოს და მთელი მსოფლიოს შეწყალება.

“წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე – მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება. საოცარი მოწყალეა. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა.

მე მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა. აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი, დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, მიჭირს და დამეხმარეო. მე ვუთხარი, ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა და სთხოვე-მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს – წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე და მე მიხარია. ვეუბნები, ხარიტონი-მეთქი? – მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი წყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ სულ ევედრებოდა. გარდაიცვალა, დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში.

როცა გაგიჭირდებათ, სთოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც ამ რთულ დროს, მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები